მწერი, რომელმაც ქართული ვენახების უმეტესობა გაანადგურა
მე-19 საუკუნეში, ამერიკიდან ევროპაში გემებს გამოყოლილმა მწერმა – ფილოქსერამ, ევროპისა და შესაბამისად ქართული ვენახების უმეტესობა გაანადგურა და ორი საუკუნის წინ, სანამ ვენახების ველური ვაზის ძირებზე დამყნობა არ დაიწყეს, ევროპის კონტინენტზე მევენახეობის არსებობაც კი ეჭვქვეშ დადგა. ფილოქსერას შემოსვლიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა ველურ ვაზის საძირეებზე, ე.წ. ამერიკულ მწარე საძირეებზე ვაზს დღესაც ამყნობენ. ეს მაშინ, როდესაც მაგალითად ქართველი მევენახეების უმრავლესობას ფილოქსერა კარგა ხანია არსად უნახავთ.
ბოლო პერიოდში ზოგიერთმა გაბედულმა მევენახემ გარისკა და ახალშენი ვენახი ყოველგვარი საძირეების გარეშე, თავისივე ბუნებრივ ფესვზე გააშენა. ასე გაშენებული ვენახები უკვე გვხვდება კახეთისა და იმერეთის რამდენიმე სოფელში. უნდა ითქვას, რომ ამ ვენახების მდგომარეობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, თუმცა საერთო აზრით, ასეთი რისკი მაინც გაუმართლებელია, რადგან ერთ მომენტში ფილოქსერამ კონკრეტული ვაზები კი არა, შეიძლება მთელი ვენახი გააჩანაგოს.
სად გაქრა ფილოქსერა? – ამ კითხვაზე ზუსტი და დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს, თუმცა, არამხოლოდ ქართველი, ევროპელი მევენახეებიც აღნიშნავენ, რომ თითოოროლა შემთხვევების გარდა, ეს მწერი მათაც კარგა ხანია არ უნახავთ. ფილოქსერას ნახვა მევენახეს რომ არ გაახარებს – ცხადია, თუმცა მათთვის სიფრთხილე ამ ეტაპზე მაინც უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ, უმეტესობა ძველ და გათელილ გზაზე სიარულს ამჯობინებს – ვენახებს მწარე საძირეზე აშენებენ და ამით თავს დიდი პრობლემებისგან იზღვევენ. ხოლო ფილოქსერა მევენახეთა მეხსიერებიდან საბოლოოდ რომ გაქრეს და წაიშალოს, ამას სავარაუდოდ ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
ზოგადად ცნობილი ამბავია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ზიანს აყენებს მავნებლები: მწერები, ობობასებრნი და დაავადებები პარაზიტული: სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული, მიკოპლაზმური და არაპარაზიტული: ნიადაგის, კლიმატის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედებით გამოწვეული. კულტურების მიხედვით მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები არის განსხვავებული.
ვაზის მავნებლები ორ ჯგუფად იყოფა:
მიწისქვეშა–ფილოქსერა, ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა,მავთულა ჭიები, მახრა ანუ ბოსტანა, კავკასიის დიდი წმინდადხვევია;
მიწისზედა ორგანოების მავნებლები _ ლივორნული სფინქსი, კვირტის ჭია, ყურძნის ჭია, ფქვილისებური ცრუფარიანა, ბალიშა ცრუფარიანა, აკაციის ცრუფარიანა, ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა, ვაზის ქეჩიანი ტკიპა.
ხილო ვაზის სოკოვანი დაავადებებია: ჭრაქი, ნაცარი, ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე, ყურძნის თეთრი სიდამპლე, ყურძნის შავი სიდამპლე, ვაზის შავი ლაქიანობა, ფუზარიოზი. ვაზის ბაქტერიული დაავადებაა ვაზის კიბო. ვაზის ვირუსული დაავადებებია: ნეპოვირუსები, მოკლემუხლთაშორისობა, პამიდვრის რგოლური ლაქიანობის ვირუსი, მოზაიკა, ღეროს ფორიანობის ვირუსი, ფოთლების დახვევის ვირუსი.
ვაზის მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული მიდგომა ანუ ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად აგროტექნიკური ღონისძიებების: ნიადაგის დამუშავება, რწყვა, სხვლა დროული ჩატარება ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა მავნებელ–დაავადებათა შესამცირებლად. მავნე ორგანიზმებიდან მცენარეთა დაცვის მეთოდებს შორის მნიშვნელოვანია სელექციური მეთოდი, რომელიც დამყარებულია ჯიშთა გამძლეობაზე შეჯვარების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
ლევან სეფისკვერაძე,