აგროსიახლეები

მწვანე კივი ოფიციალურად აღიარეს საჭმლის მონელებისთვის სასარგებლო პროდუქტად

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მწვანე კივიმ ოფიციალურად მიიღო საჭმლის მონელების ფუნქციის მხარდამჭერი პროდუქტის სტატუსი, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კივის მწარმოებლებისა და, ზოგადად, ამ ხილის ინდუსტრიისთვის.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი ხილი, კერძოდ კი Actinidia deliciosa var. Hayward ჯიშის მწვანე კივი, ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვისებების გამო ევროკავშირმა აღიარა.

რეგულაციის თანახმად, დღეში ორი საშუალო ზომის მწვანე კივის (ჯამში არანაკლებ 200 გრ რბილობის) მოხმარება დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციაზე და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულარულ მოქმედებას.

კივის მწარმოებელი კომპანია Zespri-ს გენერალური დირექტორის, ჯეისონ თე ბრეიკის განცხადებით:

„ეს აღიარება არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ახალი ხილისა და ბოსტნეულის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ევროკომისიის მხრიდან მწვანე კივის დადებითი გავლენის აღიარება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავს ჩვენს მისწრაფებას, შევთავაზოთ საზოგადოებას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, მაღალი ხარისხის პროდუქცია.“

აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად ჩაეყარა Zespri-ს მიერ წარდგენილ სამეცნიერო დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავდა 15 წლის განმავლობაში ჩატარებულ 18 კლინიკურ კვლევას.

მათ შორის, ექვსი კვლევა განიხილეს, როგორც სამეცნიერო მტკიცებულება კივის ეფექტიანობაზე ნაწლავური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ (EFSA) ეს დოკუმენტაცია დადებითად შეაფასა 2021 წელს, ხოლო ევროკომისიამ ის საბოლოოდ 2025 წელს დაამტკიცა.

Zespri-მ სრულად დააფინანსა როგორც განაცხადის პროცესი, ასევე იმ კვლევების უმრავლესობა, რომლებიც ამ სამეცნიერო დასკვნების საფუძველი გახდა.

კომპანიის მიზანი იყო არა მხოლოდ კივის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობიერების გაზრდა, არამედ ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და მომხმარებლისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება.

2024/25 წლების სეზონში Zespri-მ მსოფლიოს 50-ზე მეტ ბაზარზე 220.9 მილიონი ყუთი კივი გააგზავნა.

მწვანე კივი, დამახასიათებელი მჟავატკბილი გემოთი და მაღალი საკვები ღირებულებით (ვიტამინებით, მინერალებით და ბოჭკოებით მდიდარი), ევროპის ბაზარზე ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად ყალიბდება.

დღეს, როდესაც მომხმარებელი სულ უფრო მეტად ითხოვს ბუნებრივ და სუფთა პროდუქტებს, მწვანე კივისთვის ევროკომისიის ასეთი შეფასება ჯანსაღი სოფლის მეურნეობის განვითარების წახალისებაა, რაც ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც ნიშნავს.