მწვანე ლეღვი
მწვანე ლეღვი – ითვლება ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ლეღვის ჯიშად.
კახეთის თითქმის ყველა კუთხეში და მეტადრე გამოღმა მხარეს, მწვანე ლეღვს ყველგან ვხვდებით.
მწვანე ლეღვის ჯიშური სხვაობები შედარებით მეტია, ვიდრე სხვა ლეღვის ჯიშური სხვაობები.
მწვანე ლეღვის ჯიშის ფარგალში, ჩვენის აზრით თავმოყრილია არა თუ მისი კლონური სხვაობები, არამედ სხვადასხვა ჯიშიც.
მწვანე ლეღვად წოდებული ნაყოფის ნიმუშები ქვემოთ მოცემული გვაქვს აკვარელურ სურათების სახით.
პომოლოგიური მონაცემები შეეხება მწვანე ლეღვის პირველ სურათს. მწვანე ლეღვის ხე იზრდება საშუალო სიდიდის, უმეტეს შემთხვევაში ბუჩქნარად; იშვიათია, რომ იგი შტამბიან ფორმად იყოს ნაზარდი.
დატოტვა თხელი ახასიათებს და მუხლთაშორისებიც გრძელი აქვს.
ფოთოლი აქვს ძლიერ დანაკვთული, ხუთთათა, თხელხორცა და მცირედ დაძარღული.
ფოთლის ყუნწი მოკლეა, რომელიც ზის ვიწრო ამონაკვეთში.
ნაყოფის გამოსხმა იცის მხოლოდ ერთხელ ზაფხულში. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ცალგვერდწამეტებული, პატარა ვიწრო ყელით და ღია მწვანე ფერის მოგრძო ყუნწით. ნაყოფის კანი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. ნაყოფსაჯდომის ხორცი მთლად თეთრია და საკმაოდ სქელი. სრულ სიმწიფისას იფერება წვენით და ძლიერ თუმთუმა ხდება. ნაყოფის გული ვარდისფერ-წითელია, მსხვილი თესლით და კარგად განვითარებული ნაყოფის ხორცით. ნაყოფის მილშიაც მოთავსებულია ნაყოფის ხორცი და სულ მცირე ქერტლი, რაც მხოლოდ გარედან აქვს მილს შემოფენილი. ნაყოფის გული სრულ სიმწიფისას მეტად ტკბილია და გემრიელი.
ნაყოფის სიმწიფე უდგება აგვისტოში და გვიან შემოდგომამდე გასტანს ხოლმე.
კახეთში ლეღვის ჯიშების ასორტიმენტის შორის მას უსათუოდ დაეთმობა ადგილი.
წყარო: www.nplg.gov.ge