მწვანე რევოლუციები _ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის გავლენა სურსათის უსაფრთხოებაზე
მსოფლიო სოფლის მეურნეობის ისტორიაში „მწვანე რევოლუცია“ ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მეცნიერებამ, ინოვაციამ და ფერმერთა შრომამ ერთად შეძლო შიმშილის მასშტაბური საფრთხის შემცირება.
გასული საუკუნის შუახანებში კაცობრიობა სასიცოცხლო გამოწვევის წინაშე დადგა; დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის და საკვების დეფიციტი ბევრ რეგიონს დამღუპველ კრიზისს უქადდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ამერიკელი აგრონომი, სელექციონერი ნორმან ბორლოუგი, რომლის მიერ შექმნილმა მაღალმოსავლიანმა და გამძლე ხორბლის ჯიშებმა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი, ეპოქას, რომელსაც მოგვიანებით „მწვანე რევოლუცია“ ეწოდა.
სოფლის მეურნეობის ისტორიაში „მწვანე რევოლუცია“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გარდამტეხ ეტაპს, რომელმაც კაცობრიობის ბედი შეცვალა. ეს იყო დრო, როდესაც მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ და სახელმწიფო პოლიტიკამ ერთობლივად შეძლეს, კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას _ შიმშილს ეფექტიანად დაპირისპირებოდნენ.
„პირველი მწვანე რევოლუცია“ XX საუკუნის შუა წლებში, დაახლოებით 1940–1960-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით აზია და ლათინური ამერიკა, მასობრივი შიმშილის წინაშე იდგა.
დაბალმოსავლიანობა, გადატვირთულობის და სხვა მრავალი პრობლემის გამო ნაყოფიერი ნიადაგების გამოფიტვა და მოსახლეობის სწრაფი ზრდა მასობრივი შიმშილის რეალურ საფრთხეს ქმნიდა.
სწორედ ამ კრიზისულ ფონზე წარმოიშვა იდეა, მეცნიერებისა და ინოვაციის მეშვეობით, როგორ შეიძლებოდა ფერმერული წარმოების პროდუქტიულობის ზრდა.
„მწვანე რევოლუციის“ მამად ამერიკელი აგრონომი და მეცნიერი ნორმან ბორლოუგი (Norman Borlaug) ითვლება _ ადამიანი, რომელმაც თავისი კვლევებით მილიონობით სიცოცხლე იხსნა.
1940-იან წლებში მან მექსიკაში დაიწყო მაღალმოსავლიანი და დაავადებათა მიმართ გამძლე ხორბლის ჯიშების გამოყვანა.
ბორლოუგის მიზანი იყო ისეთი კულტურების შექმნა, რომლებიც გამორჩეული იქნებოდა:
- სხვადასხვა კლიმატურ ზონაში სტაბილური მოსავლიანობით;
- სოკოვან დაავადებებთან მიმართებით მტკიცე გამძლეობით;
- მარცვლოვნების ღეროს სიდაბლით, რაც ამცირებდა მცენარის ჩაწოლის რისკს.
მისი მიღწევები მალევე გავრცელდა ინდოეთსა და პაკისტანში, სადაც შიმშილი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევდა. ახალი ხორბლის ჯიშების დანერგვამ ამ ქვეყნებში რამდენიმე წელიწადში მარცვლეულის წარმოება გააორმაგა და ფაქტობრივად მილიონობით ადამიანი შიმშილისგან გადაარჩინა.
1970 წელს ბორლოუგს, როგორც კაცობრიობის სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდეს მცველს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
მწვანე რევოლუციის მთავარი მიღწევები:
- უხვმოსავლიანი კულტურების გავრცელება (ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი);
- სარწყავი სისტემების განვითარება და წყლის ეფექტიანად მართვა;
- სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების მასობრივი დანერგვა;
- სოფლის მეურნეობის მექანიზაციის განვითარება და დაჩქარება;
- საექსპერიმენტო კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბება და ცოდნის გავრცელება ფერმერებში.
ამ ინოვაციებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა რამდენიმე ათწლეულში თითქმის გააორმაგა და შიმშილის მასშტაბები მნიშვნელოვნად შეამცირა.
შედეგები და კრიტიკული შეფასება
თუმცა მწვანე რევოლუციას ახლდა რიგი გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებიც:
- ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გადაჭარბებულმა გამოყენებამ ნიადაგისა და წყლის დაბინძურება გამოიწვია;
- მცირე ფერმერები ხშირად ვერ ახერხებდნენ ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას;
- გაიზარდა დამოკიდებულება იმპორტირებულ თესლებზე და აგრორესურსებზე.
ამან მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს უბიძგა ფიქრისკენ, საჭიროა არა მხოლოდ პროდუქტიულობის ზრდა, არამედ მდგრადი სოფლის მეურნეობა, რომელიც დააბალანსებს წარმოებასა და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.
არის თუ ახალი მწვანე რევოლუციის საჭიროება
XXI საუკუნეში კაცობრიობა კვლავ დგას ახალ გამოწვევების წინაშე:
გლობალური ცვლილებები;
ტემპერატურის ზრდა, ნიადაგის ეროზია;
წყლის რესურსების შემცირება და სურსათის არათანაბარი განაწილება ახალ რეალობას ქმნის.
დღეს მსოფლიოში ასეულ მილიონობით ადამიანი შიმშილობს, რაც მიუთითებს, რომ კაცობრიობას „მეორე მწვანე რევოლუცია“ სჭირდება, მაგრამ უკვე განსხვავებული პრინციპებით.
ეს რევოლუცია უნდა დაეფუძნოს:
- დიგიტალურ ტექნოლოგიებს და მონაცემთა მართვას;
- მდგრად და ეკოლოგიური წარმოების მოდელებს;
- ადგილობრივი ჯიშების და ბიომრავალფეროვნების დაცვას;
- სურსათის სამართლიან განაწილებასა და ფერმერთა განათლებას.
ციფრული ფერმერობა _ მომავლის მწვანე რევოლუცის საფუძველი
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიები ახალ გამაერთიანებელ ძალად იქცა.
სენსორები, დრონები, სატელიტური მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი ფერმერს საშუალებას აძლევს:
- ზუსტად განსაზღვროს ნიადაგის მდგომარეობა, ტენიანობა და საკვები ნივთიერებები;
- ეფექტიანად მართოს წყლის რესურსი და სასუქები;
- დროულად აღმოაჩინოს დაავადებები ან მავნებლები გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;
- შეამციროს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხარჯები;
- შეამციროს გარემოზე ზემოქმედება.
ამგვარი მიდგომა შეუქმნის ახალ პლაცდარმს ინტელექტუალურ სოფლის მეურნეობას, რომელიც აღადგენს ბალანსს ბუნებასა და წარმოებას შორის, ამიტომაც მას ხშირად, და სწორადაც, „მომავლის მწვანე რევოლუციას“ უწოდებენ.
საქართველო და ახალი მწვანე რევოლუცია
საქართველოში ბოლო წლებში აგროტექნოლოგიებისა და ციფრული ფერმერობის მიმართ მართლაც გაძლიერდა ინტერესი.
დრონებით მონიტორინგი, ჭკვიანი სარწყავი სისტემები, ნიადაგის ანალიზი და ციფრულ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული აგროტექნოლოგიების გამოყენება, ნელა მაგრამ თანდათან იკავებს ადგილს ადგილობრივ აგროსაწარმოებში.
მთავრობისა თუ კერძო სექტორის ინიციატივებით იქმნება ინოვაციური ფერმერული პლატფორმები, რომლებიც ფერმერებს აძლევს ცოდნასა და ხელს უწყობს ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში.
საქართველოს, თავისი მრავალფეროვანი კლიმატითა და ბიოაგროპოტენციალით, შეუძლია გახდეს კავკასიის რეგიონში მწვანე ტექნოლოგიების ჰაბი –ადგილი, სადაც ტრადიციული სოფლის მეურნეობა გადაიქცევა მონაცემებზე დაფუძნებულ, მდგრად და ეფექტიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებად.
ეს იქნება ქართული მწვანე რევოლუცია – ცოდნის, ინოვაციისა და ბუნების თანხვედრის ახალი ეპოქა.
მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა

