მცველი მცენარეები
მცენარეები ხშირად ანტაგონიზმსაც იჩენენ და საარსებო გარემოს უზღუდავენ ერთმანეთს, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც იცავენ და უფრთხილდებიან „თანამოძმეებს“.
ამ ჯგუფს ეკუთვნის არა მარტო ის თანამგზავრი მცენარეები, რომლებიც მწერებს აფრთხობენ, არამედ ისინიც, რომლებიც, ხატოვნად რომ ვთქვათ, თავგზას უბნევენ მათ. ბევრი მწერი საკვებად გამოსადეგ მცენარეს სუნით ეძებს.
მაგალითად, სუნით პოულობენ კომბოსტოს მიწის რწყილები და კომბოსტოს ხვატარი. თუ კომბოსტოს სიახლოვეს მძაფრი სუნის მქონე მცენარეებს, მაგალითად, ქონდარს ან სალბს გავზრდით, ანდა კომბოსტოს ამ მწვანილეულის ექსტრაქტს მოვასხურებთ, ამით კომბოსტოს სუნი მიიჩქმალება და ეს ბოსტნეული მავნებლებისათვის ნაკლებ მიმზიდველი გახდება.
სურნელოვანი ბალახები თავიანთი მძაფრი სუნით მავნებლებს აბნევენ და ბოსტნეულ კულტურებს იცავენ, ამიტომაც რეკომენდებულია:
რეჰანი მოვიყვანოთ პარკოსნების სიახლოვეს, რათა ისინი დავიცვათ ლობიოს მემარცვლიასაგან;
ნიორი — ვარდებთან, ბუგრებისგან დასაცავად;
ოხრახუში — სატაცურის გვერდით.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბალახეულის მოქმედება ყოველთვის ერთნაირი ძალით არ ვლინდება. კულტურების დაცვის მიზნით სურნელოვანი ბალახეულის გამოყენებისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ მცენარეთა შორის კონკურენცია არსებობს. ბალახეული რომ არ გათამამდეს და ძირითადი კულტურა არ დაიჩაგროს, ისინი ამ კულტურის რიგებში ცოტ-ცოტა უნდა შევთესოთ და ამ კვლების ნაპირებს „ჩარჩოსავით” შემოვაყოლოთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ შერეულ ნათესებში მცენარეთა დაცვითი მოქმედება მავნებლებს მთლიანად ვერასოდეს გააქრობს, მხოლოდ მათი შემცირების იმედი უნდა ვიქონიოთ.
კაკლის ხეები აფრთხობს სახლისა და შინაური ცხოველების ბუზებს, ამიტომაც საძოვრებზე გაზრდილი კაკლის ხეები ძალზე უადვილებენ მინდორში ყოფნას ცხენებსა და მსხვილფეხა რქოსან საქონელს.
პირუტყვს შეიძლება შევასხუროთ კაკლის ხის ფოთლების ნახარში ბუზების მოსაგერიებლად.
სანეხვეებთან ან საჯინიბოების შესასვლელთან დარგული კაკლის ხეები ამ ადგილებში ბუზების რაოდენობას ამცირებს.
ტეგანი (Ruta graveolens) აფრთხობს ბუზებს, ამიტომ კარგია, თუ მას ქოთანში ფანჯრის რაფაზე, ნაკელის გროვისა და ბოსლის ირგვლივ დავრგავთ.
ეზოში დარგული აბუსალათინი კოღოს აფრთხობს. თუ აბუსალათინს დაჭაობებული ადგილების გარშემო დავრგავთ, კოღოს გამრავლებას შევანელებთ.
პიტნა არ უყვართ ჭიანჭველებს. თუ მას სურსათის საწყობში მიმოვფანტავთ — დაიცავს ჭიანჭველების შემოტევისაგან.
აბზინდის ხმელი ფოთლები, როზმარინი, სალბი, ლავანდი და პიტნა აფრთხობს ჩრჩილს. პომიდვრისა და აბზინდის ექსტრაქტი კი _ ბუზებს.