აგროსიახლეები

მუხურის სანაშენე ბაზა — ქართული ფუტკრის გენოფონდის დაცვა და გამრავლება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზას ეწვია, სადაც ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

მუხურის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამეცნიერო-კვლევით პროცესებში, ისე ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დაცვასა და გამრავლებაში.

„მეფუტკრეობას საქართველოში ღრმა ისტორია აქვს. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ ყველა იმ დარგს, რომელსაც განვითარების რეალური პოტენციალი და ეკონომიკური სარგებელი აქვს. ქართული ფუტკარი უნიკალურია, საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს და მისი დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. სწორედ ამიტომ აქვს მუხურის ბაზას განსაკუთრებული მნიშვნელობა“, — განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მუხურის სანაშენე ბაზა ფოკუსირებულია ფუტკრის დედების გამოყვანაზე და მეგრული პოპულაციის გენეტიკურად სუფთა ფუტკრის შენარჩუნებაზე. ბაზაზე დანერგილია ინსტრუმენტული განაყოფიერების მეთოდები, რაც სანაშენე საქმიანობის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სისტემატურად მართავს ღია კარის დღეებს, ტრენინგებსა და სასწავლო სესიებს, რომლებიც მიმართულია ფერმერებისა და ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაზიარებასა და მეფუტკრეობის სფეროს პროფესიულ განვითარებაზე.

მინისტრმა ბაზაზე შეხვედრა გამართა ადგილობრივ მეფუტკრეებთან. განხილვის ძირითადი თემა იყო დარგში არსებული გამოწვევები, მათ შორის ფუტკრის დაავადებები და მათი პრევენციის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცნობიერების ამაღლებაზე, სწორი პრაქტიკის დანერგვაზე და თანამედროვე მეთოდების გაზიარებაზე.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.