მზესუმზირა
მზესუმზირას ზეთი ნახევრად შრობადია ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება სასურსათოდ, აგრეთვე საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობაში. ზედსახდელ ქარხნებში მზესუმზირას თესლურას გადამუშავების შედეგად მიიღება ანარჩენები ე.წ კოპტონი, რომელიც ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია პირუტყვისათვის.
მზესუმზირა ითვლებაძვირფას თაფლოვან მცენარედ და დიდი მნიშვნელობა აქვს მეფუტკრეობისთვის. მზესუმზირას აქვს გარკვეული აგროტექნიკური მნიშვნელობაც. როგორც სათოხნი მცენარე, მოსავლის აღების შემდეგ მინდორს ტოვებს გაფხვიერებულს და გასუფთავებულს სარეველებისგან და ამ ხრივ კარგ წინამორბედად ითვლება თესლბრუნვაში საშემოდგომო ხორბლისათვის.
ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება
მზესუმზირა ეკუთვნის რთულყვავილოვანთა ოჯახს. იგი იყოფა ორ სახეობად კულტურული და ველური მზესუმზირა. კულტურული მზესუმზირა ერთწლიანი მცენარეა, მისი მთავარღერძიანი ფესვი უხვად არის დატოტვილი და ღრმად ჩადის ნიადაგში, მისი ღერო სწორმდგომი შიგნიდან ამოვსებულია რბილი ქსოვილით. სიმაღლით აღწევს 2,5 -4 მ. არის მზესუმზირის ჯუჯა ფორმებიც. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ოვალურ- გულისებური მოყვანილობის, დაკბილული კიდეებით, ყვავილედი კალათაა, რომელიც მოთავსებულია ღეროს დაბოლოვებაზე. ნაყოფი არის თესლურა გახევებული თანანაყოფით, ფერით შეიძლება იყოს შავი, მონაცრისფრო, თეთრი, ზოლებიანი.
ბიოლოგიური თავისებურებანი
მზესუმზირა სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა, დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ნაყოფიერებაზე. საკმაოდ გვალვაამტანია. მისი თესლურა გაღივებას იწყებს 4-6 0 -ზე . მცენარის მოთხოვნილება სითბოს მიმართ თანდათანობით იზრდება აღმოცენებიდან ყვავილობამდე, მისი ზრდა განვითარებისთვის საუკეთესოდ ითვლება 20-250 სითბო, 300 -ზე მცენარე ძლიერ იჩაგრება.
მზესუმზირა გვალვაგამძლე მცენარედ ითვლება, მაგრამ ტენის მიმართ ის საკმაოდ დიდ მოთხოვნილებას აყენებს. მცენარე ტენის მეტ რაოდენობას საჭიროებს კალათის განვითარებისა და ყვავილობის პერიოდში. მზესუმზირა სინათლის მოყვარული მცენარეა, იგი ვერ იტანს დაჩრდილვას განვითარების პირველ პერიოდში, ამ დროს ის იჩაგრება, სუსტ ღეროსა და მცირე ზომის კალათას იკეთებს.
მზესუმზირა მოჰყავთ თითქმის ყველანაირ ნიადაგზე. მისთვის ყველაზე უკეთესია მდიდარი შავმიწა ნიადაგები.
მზესუმზირის ჯიშები და ადგილი თესლბრუნვაში
მზესუმზირას კულტურული ჯიშები, მათი მორფოლოგიური ნიშნებისა და გამოყენების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: საზეთე, საკნაწუნებელი და შუალედურა.
მზესუმზირა როგორც სათოხნი მცენარე, თესლბრუნვაში თავსდება პურეულებს შორის, კარგი წინამორბედია საშემოდგომო ხორბალი, საგაზაფხულო ქერი და სიმინდი. არ არის სასურველი მზესუმზირას თესვა ლობიოს, მრავალწლიანი ბალახებისა და შაქრის ჭარხლის შემდეგ.
ნიადაგის დამუშავება
საქართველოში მზესუმზირა ითესება ურწყავ რაიონებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ღონისძიებების გატარებას, რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგში ტენის მაქსიმალურად დაგროვებას და შენახვას. ამ მიზნით წინამორბედი კულტურის აღებისთანავე მიმართავენ ნაწვერალის აჩეჩვას და მზრალად ხვნას. შემდეგ ხნული იფარცხება და თესის წინ ტარდება კულტივაცია დაფარცხვით.
თესვა და ნათესის მოვლა, მოსავლის აღება
მსხვილი, თანაბარი და მაღალი აღმოცენების უნარის მხონე თესლით თესვა ერთ-ერთი მთავარი პირობაა მზესუმზირის უხვი მოსავლიანობისა. მზესუმზირის თესლი გაღივებისთვის საჭიროებს ტენის საკმაოდ დიდ რაოდენობას, ამიტომ გაზაფხულზე ის უნდა დაითესოს რაც შეიძლება ადრე.
ნათესის მოვლა იწყება ჯერ ისევ მცენარის აღმოცენებამდე. თუ ნიადაგის ზედაპირმა ქერქი გაიკეთა საჭიროა დაიფარხოს მსუბუქი ფარცხით. მზესუმზირის 1-2 ნამდვილი ფოთლის განვითარების დროს მიმართავენ მწკრივების გარდიგარდმო დაფარცხვას.
მზესუმზირის მოსავლის აღების ვადის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ ზეთის დაგროვება თესლურაში გრძელდება მის შემოსვლამდე. ამიტომ ნაადრევად აღება შესაძლებელია მოჰყვეს ზეთის გამოსავლიანობის შემცირება. გარეგნული ნიშნები იმაში გამოიხატება, რომ კალათას ზურგის მხარე ყვითლდება და შემდეგ მურა ფერს იღებს, ენაკისებური ფურცლები ჭკნება და ცვივა, ფოთლის უმეტესობა ხმება, ხოლო გული საკმაოდ მაგრდება. მზესუმზირის მოსავალი კომბაინით აღებული უნდა იქნეს მაშინ, როცა კალთების 50-70% გაყვითლდება და შეხმება.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“