ნადირობის ახალი კანონპროექტი, ახალი წესები და მონადირეთა სერტიფიცირება
საქართველოში ნადირობის რეგულირების ახალი ეტაპი იწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს.
დოკუმენტი მიზნად ისახავს როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ისე პასუხისმგებელი ნადირობის კულტურის განვითარებას, რაც რეგიონების ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგრადობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია და სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
კანონპროექტი მოიცავს მონადირეთა სერტიფიცირების ახალ სისტემას, ადგილობრივი ცხოველთა სახეობების აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებებს, სანადირო მეურნეობების დაპროექტებისა და მართვის წესების დანერგვას, ინდივიდუალური ლიცენზიების გაცემას ადგილობრივ სახეობებზე ნადირობისთვის და სპეციალური საეგერო სამსახურის შექმნას, რომელიც სახეობათა პოპულაციების მონიტორინგსა და დაცვას უზრუნველყოფს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს“ უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა, შეხვედრაზე ნადირობის სფეროში არსებული მწვავე პრობლემები გამოკვეთა. მისი თქმით, ქვეყანაში მრავალი სახეობის პოპულაცია განადგურების საფრთხის წინაშე დგას, ხოლო დაცული ტერიტორიების მიღმა არსებული არეალები პრაქტიკულად დაუცველია ბრაკონიერობისგან.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად ვსწავლობდით მსოფლიო პრაქტიკას და შევიმუშავეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სახეობათა პოპულაციების დაცვა-აღდგენას და, მეორე მხრივ, ქვეყანაში განავითარებს ნადირობის კულტურას,“ – აღნიშნა ბეჟაშვილმა.
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.
ნადირობის ახალი კანონპროექტი ერთდროულად ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევების საპასუხო ნაბიჯია. მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მონადირეთა საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას და სახეობათა პოპულაციების დაცვას.
საქართველო იმ ქვეყნების რიგში ერთვება, სადაც ნადირობა აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ტრადიცია, არამედ ის პასუხისმგებლიანი ეკოსისტემური მენეჯმენტის ნაწილი ხდება.

