აგროსიახლეები

ნაკადულის კალმახის აღდგენა საქართველოში, საირმესა და სვანეთში მდინარეები ქვირითით დათევზიანდა

საქართველოს მთის მდინარეებში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური, ისე აგრარული მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნაკადულის კალმახის „წითელი ნუსხის“ სახეობის  გამრავლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში 2025 წელს დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში მდინარეთა შენაკადები განაყოფიერებული ქვირითით დათევზიანდა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, იმერეთში, კურორტ საირმეს ტერიტორიაზე, მდინარე წაბლარის შენაკადებში ჩაუშვეშვეს 20 000 ერთეული ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული ქვირითი. პარალელურად, სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადებში ნაკადულის კალმახის 200 000 ქვირითი განთავსდა.

ამ ეტაპზე ქვირითის ბუნებრივ გარემოში განთავსება მნიშვნელოვნად ზრდის გამოჩეკის შანსს და ლარვების ადაპტაციას ბუნებრივ პირობებთან. აღნიშნული მეთოდი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება გადაშეების პირას მყოფი სახეობის პოპულაციის აღსადგენად.

ნაკადულის კალმახი სუფთა, ცივ და ჟანგბადით მდიდარ წყალს საჭიროებს, რის გამოც მისი არსებობა მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობის ერთგვარი ინდიკატორიცაა. შესაბამისად, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს არა მხოლოდ ერთი სახეობის დაცვას, არამედ მთის მდინარეების ეკოსისტემის მთლიან გაუმჯობესებას.

„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

2025 წლის გეგმის მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდინარეები 700 000 ერთეული განაყოფიერებული ქვირითით დათევზიანდა.

ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანება საირმესა და სვანეთში წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე მდინარეთა ბუნებრივი რესურსების გრძელვადიანი მართვის კუთხით.

მსგავსი პროგრამები ქმნის საფუძველს ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოსთვის, რაც საბოლოოდ სასარგებლოა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარებისათვის.