ნიადაგი, სიმკვრივე, ფორიანობა, წყალამტარობა, ნიადაგის ტიპები, საკვები ელემენტების შემცველობა
ნიადაგი და მასზე მოზარდი მცენარეულობა წარმოქმნიან ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ სისტემას. ამიტომ, ყოველი მცენარეული თანასაზოგადოების ქვეშ განვითარებულია ნიადაგის განსაზღვრული ტიპი. ნიადაგი განიცდის განუწყვეტლივ განვითარებას, მასში ხდება ენერგიების და ნივთიერებების გარდაქმნის რთული პროცესები. მწვანე მცენარეების ცხოველმყოფელობის შედეგად, ორგანული ნივთიერებების სახით კონსერვდება მზის ენერგია. მწვანე მცენარეები ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებენ დედა ქანში გაბნეულ მინერალურ ნაერთებს და აგროვებენ მათ ნიადაგის ზედაპირულ ფენებში ორგანულ-მინერალური შენაერთების სახით.
ბუნებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესი სხვადასხვა მიკროორგანიზმების საშუალებით, რომელთათვისაც ორგანული ნივთიერებები კვების წყაროს წარმოადგენს. უმთავრესად ეს ხდება ბაქტერიების და სოკოების საშუალებით. დაშლის(ხრწნის) პროცესის სიჩქარე განპირობებულია წყალ-ჰაეროვანი და თბური რეჟიმებით, ორგანულ ნარჩენებში ნაცრის ელემენტების და აზოტის არსებობით. ამრიგად, ნიადაგწარმოქმნის პროცესში წამყვან როლს ასრულებს ურთიერთქმედება ნიადაგსა და მცენარეულობას შორის, ე.ი. ნივთიერებათა და ენერგიების ცვლა.
ნიადაგის საერთო ფიზიკური და ტექნოლოგიური თვისებები
ნიადაგი შედგება: მყარი, თხიერი და გაზისებრი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან. ნიადაგის მყარი ნაწილი შედგება: მინერალური და ორგანული ნივთიერებებისაგან. თხიერი ნაწილი -შედგება წყლისა და მასში გახსნილი მარილებისაგან. გაზისებრი ნაწილი – შედგება ჰაერისაგან.
ნიადაგის სიკვრივე
ნიადაგის სიმკვრივის მაჩვენებლად ითვლება მისი 1სმ³ მოცულობის მასა გრამებში. სიმკვრივე დამოკიდებულია მინერალურ შედგენილობასა და ორგანულ ნივთიერებაზე. ნიადაგების უდიდესი ნაწილის სახნავი ფენის საშუალო სიმკვრივე 2,5-2,65გ/სმ³-ის ტოლია, ჰუმუსის შემცველ შავმიწებში- 2,37სმ³, დიდი რაოდენობით რკინის ჟანგის შემცველ წითელმიწებსა და ყვითელმიწებში -2,8გ/სმ3-ის ტოლია. გადიდებული სიმკვრივე არახელსაყრელად აისახება წყლის რეჟიმზე, აერაციაზე და ბიოლოგიურ აქტიობაზე. სახნავი ფენის სიმკვრივე იცვლება 0,81,5გ/სმ³ ინტერვალში. ქვიშრობ ნიადაგში ეს მაჩვენებელი 1,82გ/სმ³-ია, გაეწერებულ თიხნარში -1,2გ/სმ³ , ტიპიურ შავმიწაში 1გ/სმ³-ია. ზედმეტი სიმკვრივის გამო მცირდება თესლის მინდვრული აღმოცენება, ფესვის ჩაღწევის სიღრმე და მოცულობა. ფესვთა სისტემის ზრდა ნიადაგის 1,4-1,5გ/სმ³ სიმკვრივის შემთხვევაში გაძნელებულია, ხოლო 1,6გ/სმ³ შემთხვევაში შეუძლებელია. არახელსაყრელია ნიადაგის ძლიერ ფხვიერი აგებულებაც. მცენარეთა უმრავლესობისათვის ოპტიმალურია 1-1,3გ/სმ³ სიმკვრივე.
ნიადაგის ფორიანობა
არის ნიადაგის ნაწილაკებს შორის სივრცეების მოცულობა(%-ში ნიადაგის მოცულობასთან). ის დამოკიდებულია ნიადაგის სტრუქტურაზე. ჰუმუსით მდიდარ ზედა ფენებში საერთო ფორიანობა აღწევს 50-60%, თიხიან და თიხნარ ნიადაგებში 35-45%, ქვიშნარში-30-35%. სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ოპტიმალური ფორიანობაა 55-60%-ია. ნიადაგის სიმწიფე არის ნიადაგის მზადყოფნა დასამუშავებლად. ნიადაგის მდგომარეობას, როცა ნიადაგი ადვილად მუშავდება გამწევი ძალის მინიმალური დახარჯვით და კარგად იფშვნება კოშტებად, ფიზიკურ სიმწიფეს უწოდებენ.
ნიადაგის სიმაგრე
ნიადაგის წინააღმდეგობაა, რომელსაც უწევს მასში შესულ მაგარ სხეულს გარკვეულ სიღრმეზე. მას განსაზღვრავენ სპეციალური ხელსაწყოთი -სიმაგრის მზომით და გამოსახავენ კგ-ით 1სმ2 -ზე. მაღალი სიმაგრე ცუდი ფიზიკო-ქიმიური თვისებების მქონე ნიადაგების ნიშანთვისებაა.
ნიადაგის წყალგამტარობა
არის ნიადაგის თვისება, გაატაროს თავის მასაში წყალი, რომელიც სიმძიმის ძალით ჟონავს ზემოდან ქვევით. მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგი წყალს ატარებს, მძიმე ნიადაგი კი პირიქით, ცუდი წყალგამტარობით ხასიათდება.
ნიადაგის წყალტევადობა (ტენტევადობა) გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია ნიადაგს შეაკავოს თავის მასაში განსაზღვრული რაოდენობის წყალი. ასხვავებენ ტენტევადობის შემდეგ სახეებს: უმცირესი(მოლეკულური) და სრული(კაპილრული) ტენტევადობა. უმცირესი ტენტევადიბის დროს წყლით შევსებულია ფორების 5070%. სრული ტენტევადობისას ნიადაგის ყველა ფორი შევსებულია წყლით. მინდვრის კულტურებისთვის ოპტიმალურია 70-80% ტენტევადობა, ბოსტნეული კულტურებისთვის – 70-90%.
ნიადაგის გაჯირჯვება და დაჯდომა
გაჯირჯვება და დაჯდომა არის ნიადაგის უნარიანობა დატენიანებისას გადიდდეს მოცულობაში. ნიადაგის სითბური თვისებებიდან აღსანიშნავია: ნიადაგის სითბოს შთანთქმისუნარიანობა, სითბოტევადობა, სითბოგამტარობა, სითბოს განსხივების უნარიანობა. ნიადაგის სითბურ რეჟიმს განსაზღვრავს არა მარტო მზის სხივების რაოდენობა, არამედ ნიადაგის შეფერვა, სტრუქტურა, ჰაერაცია და ტენიანობა.
ნიადაგის სითბოტევადობა
ნიადაგის სითბოტევადობას განსაზღვრავს სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მშრალი ნიადაგის გარკვეული მოცულობის გასათბობად. თბოტევადობა მეტია თიხიან ნიადაგებში, ნაკლებია ქვიშიან ნიადაგებში. მიუხედავად ამისა, ქვიშიანი ნიადაგები ადრე თბება და ადრე ცივდება. თიხიან ნიადაგებში სითბოს მეტი რაოდენობა იხარჯება წყლის აორთქლებაზე, ამიტომ მეტ სითბოს შთანთქავს და ნაკლებად თბება, რის გამოც თიხნარებს „ცივ“ ნიადაგებს უწოდებენ. მასათან შედარებით ქვიშა უფრო თბილია. ასევე თბილია ჰუმუსით მდიდარი ნიადაგები. ნიადაგში წყალი ურთიერთმოქმედებს მინერალურ და ორგანულ ნივთიერებასთან და სისტემატური მოქმედების შედეგად წარმოქმნის ხსნარს, რომელსაც ნიადაგის ხსნარს უწოდებენ. მცენარეთა კვების თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ხსნარის რეაქციას. ნიადაგის ხსნარის რეაქცია სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ როგორია ნიადაგწარმოქმნის პირობები. ნიადაგის ხსნარის რეაქცია შეიძლება იყოს: მჟავე ან ტუტე. მჟავიანობის სიდიდის მაჩვენებელს პირობითად აღნიშნავენ pH-ით. მისი სიდიდე საშუალოდ მერყეობს 3-დან -11-მდე. მაშინ, როცა pH = 7 რეაქცია ნეიტრალურია, როცა pH > 7 ტუტეა, ხოლო როცა pH < 7 რეაქცია მჟავეა. ყველაზე მჟავე რეაქცია აქვს ჭაობიან ნიადაგებს. მჟავეა ასევე ეწერიანი და კორდიან-ეწერიანი ნიადაგები( pH 4-6). შავმიწების რეაქცია ნეიტრალურთან ახლოსაა, ხოლო ტუტე რეაქცია ახასიათებს ბიცობებს (pH 8-9 და მეტი). როგორც ცნობილია სასოფლო-სამეურნეო კულტურები სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებენ ნიადაგის არის რეაქციას. მათი უმრავლესობისათვის უკეთესია ნეიტრალური რეაქციის ნიადაგები.
საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგის მრავალი ტიპი გვხვდება: მთა-მდელოს, წითელმიწა, ყვითელმიწა, ყვითელმიწაეწერი, ჭაობიანი, ყავისფერი, შავმიწა, ბიცობიანი, დამლაშებული ნიადაგები და სხვა. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია შემდეგი ტიპის ნიადაგები: ბარის- წითელმიწა, ყვითელმიწა, ჭაობიანი, ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიური; მთიანეთში – ყომრალი, მთა-ტყე-მდელოს და მთა-მდელოს ნიადაგები.
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია: ბარის- ყავისფერი, შავმიწა, ბიცობიანი და ბიციანი, ალუვიური ნიადაგები; მთიანეთში – ყომრალი, ნეშომპალა-კარბონატული, მთის შავმიწა, მთა-ტყე-მდელოს და მთა-მდელოს ნიადაგები .
შავმიწა ნიადაგები
მაღალნაყოფიერი ნიადაგებია, ჰუმუსს შეიცავს 4-15%, ხასიათდება ნეიტრალური რეაქციით. მდიდარია საკვები ნივთიერებებით, განსაკუთრებით აზოტით.
წაბლა ნიადაგები
ახასიათებს არამტკიცე სტრუქტურა, ჰუმუსის შემცველობა მცირეა 2-5%, ხასიათდება სუსტი ტუტე რეაქციით. ნიადაგების ნაყოფიერების გასადიდებლად საჭიროა ტენით უზრუნველყოფა.
წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები
საქართველოში გავრცელებულია აჭარაში, აფხაზეთში, გურიაში, სამეგრელოში. ჰუმუსი 5-10-12%, ნიადაგის ხსნარის რეაქცია 3,8-4,3. წითელმიწებში საკვები ნივთიერება ცოტა არაა, მიუხედავად ამისა კარგია აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქების შეტანა. ყვითელმიწა ნიადაგების დიდი ნაწილი ეროზირებულია. ამიტომ მათი თვისებების გაუმჯობესებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ნიადაგდაცვის ღონისძიებების კომპლექსი. ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგების ნაყოფიერების აღსადგენად სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოიყენება ღრმა დამუშავება, მჟავე და ძლიერ მჟავე ნიადაგების მოკირიანება. ორგანული, მინერალური და მწვანე სასუქების გამოყენება.
ყავისფერი ნიადაგები
საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთში: ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში, სადაც ჰუმუსი 5-6%ია.
ნეშომპალაკარბონატული ნიადაგები
დასავლეთ საქართველოს ბარის ნიადაგების ქვეოლქშია მოქცეული, ხოლო აღმოსავლეთში -მთიანეთის ნიადაგურ ოლქში. ღრმა და საშუალო სიღრმის ნეშომპალაკარბონატული ნიადაგები რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებას არ მოითხოვენ. მცირე სიღრმის პრიმიტიული ნიადაგების ეროზიისგან დასაცავად უნდა ვაწარმოოთ გატყევება, ძოვების მოწესრიგება, ფოსფორიანი სასუქების, ხოლო ეროზირებულ ფერდობებზე აზოტიანი სასუქების გამოყენება.
ალუვიური ნიადაგები
შეიძლება იყოს დაჭაობებული, დამლაშებული, მჟავე რეაქციის და კარბონატული. თითოეული მათგანი, იმის მიხედვით, თუ რისთვის გამოყენება და როგორი თვისებებით ხასიათდება მოითხოვს განსხვავებული ღონისძიებების გატარებას. დასავლეთ საქართველოში საჭიროა ჩატარდეს დაშრობითი, ხოლო აღმოსავლეთში – საირიგაციო ღონისძიებები. კარგ შედეგს იძლევა ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება. სიდერაცია, მრავალწლიანი და ერთწლიანი ბალახების თესვა.
მთა-მდელოს და მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები
გამოყენებულია სათიბ საძოვრად, მცირე ნაწილი კი სახნავად. ამ ნიადაგების დაცვის ღონისძიება მათი გამოყენების ხასიათის შესაბამისად უნდა იყოს განხორციელებული. აგროსაწარმოო თვისებების გაუმჯობესების მიზნით საჭიროა ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ძოვების რეგულირება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, ღვარცოფების შეკავება, მინერალური სასუქების გამოყენება.
ბიცობიანი და ბიციანი ნიადაგები
არიდული ქვეზონის ნიადაგებია. დამლაშება გამოწვეულია გრუნტის წყლის ამოწევით. ბუნებრივი მცენარეულობა და ამ ნიადაგების გამოყენების ხარისხი დამლაშების ხასიათის შესაბამისად იცვლება. ბიციანი ნიადაგები წარმოიქმნება უწრეტ ვაკეებზე მლაშე გრუნტის წყლის ამოწევით, დახრილ ფერდობებზე კი დროებითი ღვარებით მოტანილი მარილებით. ასეთი ნიადაგების გაუმჯობესების მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა საშუალება: ჩარეცხვა რამოდენიმე განმეორებით. როცა გრუნტის წყლები ახლოსაა, ჩარეცხვას წინ უნდა უსწრებდეს სადრენაჟო არხების მოწყობა. მელიორირების შემდეგ საჭიროა შესაფერისი თესლბრუნვის შედგენა, სწორი რწყვა, ნიადაგის სტრუქტურის შექმნა, ნაყოფიერების ამაღლება. ქიმიური მელიორაცია – შთანთქმული თაბაშირის(გაჯის) შეტანა ბიცობებში. სადაც გაჯიანი ფენა ახლოსაა, შესაძლებელია ღრმა ხვნით მისი შერევა ბიცობიან ფენასთან და აქედან გამომდინარე გაჯის და თაბაშირის შეტანა თავიდან იქნება აცილებული. კარგ შედეგს იძლევა ამ ნიადაგებზე მინერალური და მწვანე სასუქების გამოყენება. კომპლექსური ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვს ბიციან-ბიცობიანი ნიადაგები. ამ ნიადაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ღონისძიებების ერთდროული გამოყენება.
ბოსტნეული მცენარეების მოსაყვანად თითქმის ყველანაირი ტიპის ნიადაგია გამოსადეგი. მაგრამ, საერთოდ სხვადასხვაგვარი ტიპის ნიადაგებიდან თავისი მექანიკური შედგენილობის მიხედვით ყველაზე უკეთესად ითვლება სტრუქტურული, ნეშომპალით მდიდარი ქვიშნარი და საშუალო და მსუბუქი თიხნარი ნიადაგები. ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები ბოსტნეულის მოსაყვანად ნაკლებ გამოსადეგია. ბოსტნეული მცენარეების ნორმალური ზრდაგანვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ხსნარის კონცენტრაციას. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ყველა ბოსტნეული კარგად ხარობს, როდესაც ხსნარის კონცენტრაცია ნეიტრალურთანაა ახლოს.
ნიადაგის ნაყოფიერება
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის დონე და მიღებული პროდუქციის ხარისხი დამოკიდებულია ნიადაგის ნაყოფიერებაზე, აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ უხსოვარი დროიდან ნიადაგის ნაყოფიერებას აღმერთებდნენ როგორც მზეს, ცეცხლს და წყალს.
ნიადაგი არის ადამიანის დასახლების ადგილი, შრომის საგანი და საშუალება.
ნიადაგის ნაყოფიერება არის ნიადაგის უნარი დააკმაყოფილოს მცენარეთა მოთხოვნილება სიცოცხლის ნიადაგური ფაქტორებით, წყლითა და საკვები ნივთიერებებით. არჩევენ ნიადაგის ნაყოფიერების ორ ფორმას: ეფექტურ და პოტენციალურ ნაყოფიერებას.
ეფექტურ ნაყოფიერებაში იგულისხმება საკვები ელემენტების ის ფორმები, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან მცენარის კვებას და გავლენას ახდენენ მის ზრდა-განვითარებაზე. ასეთია საკვები ელემენტების წყალხსნადი, ადვილადხსნადი და შთანთქმული ნაერთები.
პოტენციურ ნაყოფიერებაში იგულისხმება საკვები ელემენტების ის ფორმები, რომელთაც ვერ გამოიყენებს მცენარე შესათვისებელ ფორმაში გარდაქმნის გარეშე. პოტენციალური ნაყოფიერება თითქმის 100-ჯერ უფრო მეტია ნიადაგში, ვიდრე ეფექტური. ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად ადამიანი აჩქარებს პოტენციალური ნაყოფიერების ეფექტურში გადასვლის პროცესს. მაგალითად, მჟავე ნიადაგების მოკირიანებით ხდება ნიადაგის მჟავე რეაქციის განეიტრალება, რითაც ხელსაყრელი პირობები იქმნება მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობისათვის და ორგანული ნიფთიერებების მინერალიზაციისათვის. ამ პროცესის შედეგად ნიადაგში საკვები ელემენტები გროვდება მცენარისთვის შესათვისებელ ფორმაში.
ნიადაგის ნაყოფიერება არის მისი სპეციფიკური თვისება, რომელიც ნიადაგწარმოქმნის პროცესში ფორმირდება და განისაზღვრება არა მარტო ჰუმუსისა და საკვები ელემენტების შემცველობით და ფიზიკური თვისებებით, არამედ ყველა მისი თვისების ერთობლიობით. ნიადაგის ნაყოფიერება დამოკიდებულია მისი დამუშავების ხანგრძლივობაზე და მიწათმოქმედების კულტურაზე. მოსავალთან ერთად ნიადაგიდან გამოიტანება საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვები ელემენტები, რითაც ადგილი აქვს მის თანდათან გაღარიბებას და გამოფიტვას. ნიადაგის ეფექტური და პოტენციალური ნაყოფიერების შემცირებაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მოღვაწეობის შედეგად დაჩქარებული ეროზიული პროცესები, წვიმის, წყალდიდობის შედეგად მოვარდნილი და სარწყავი წყლები, რომლებიც იფილტრება ნიადაგში, ხსნის და რეცხავს მასში არსებულ საკვებ ელემენტებს, ქიმიური და ტოქსიკური ნიფთიერებებით დაბინძურება, დამარილება, დაჭაობება და სხვა. ნიადაგის დაშლა შეიძლება გამოიწვიოს მისმა არასწორმა ექსპლოატაციამ, საკვები ელემენტებით გაღარიბებამ, სტრუქტურის გაუარესებამ.
ამჟამად ნიადაგის არარაციონალური გამოყენებით მიყენებულმა ზარალმა საშიში სახე მიიღო. მისი ფართობების და ნაყოფიერების შემცირება წარმოებს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მათი წარმოქმნა.
ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად ხდება ნიადაგის გამდიდრება აზოტითა და ნაცრის ელემენტებით. ასევე ხდება ორგანული ნივთიერებების გარდაქმნა ჰუმუსოვან ნივთიერებად.
ნიადაგის ნაყოფიერების გასაზრდელად აუცილებელია არა მარტო მასში საკვები ელემენტების შემცველობის, არამედ ტენიანობისა და აერაციის რეგულირება. ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების ერთ-ერთ ძირითად საშუალებას მინერალური და ორგანული სასუქების სისტემატური გამოყენება წარმოადგენს. ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებაში საკმაოდ დიდია თესლბრუნვების და ნათესბალახიანი სისტემის, კერძოთ სიდერატების თესვის და ჩახვნის როლი, რომლითაც ნიადაგში შეიტანება ორგანული ნივთიერების საკმაოდ დიდი რაოდენობა.
სასუქების გამოყენებით უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები, იზრდება ნაყოფიერება და შესათვისებელი საკვები ელემენტების მარაგი, წარმოებს მიკროორგანიზმთა და მცენარეთა მომარაგება საკვები ელემენტებით, ორგანული ნივთიერებების გადასვლა მცენარისათვის შესათვისებალ ფორმაში, მცირდება ნიადაგის გადიდებული მჟავიანობა და ხსნადი მარილების შემცველობა.
ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდაში დიდია ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების და ქიმიური მელიორაციის როლი, რომელიც პირველ რიგში მიმართულია ნიადაგის ქიმიური თვისებების გაუმჯობესებისაკენ. ქიმიური მელიორაცია ხორციელდება მჟავე ნიადაგების მოკირიანებით და ბიცი და ბიცობინიადაგების მოთაბაშირებით.
ძირითადი საკვები ელემენტების შემცველობა ნიადაგში
აზოტი
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ფორმირების საქმეში საკვები ელემენტებიდან ყველაზე დიდია აზოტის ხვედრითი წილი, რომელიც მოსავლის ნამატის 50%-ს იძლევა. მიუხედავად აზოტის ასეთი დიდი მნიშვნელობისა ამ ელემენტით მდიდარი ნიადაგი თითქმის არ არსებობს. აზოტის 80% ნიადაგში წარმოდგენილია ორგანული ფორმით. საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგების 22%-ში მოძრავი აზოტის შემცველობა დაბალია, 60%-ში დაბალი ან საშუალო რაოდენობითაა და მხოლოდ 18%-შია საშუალოზე მაღალი რაოდენობით.
ფოსფორი
ამ ელემენტით მდიდარი ნიადაგები თითქმის არ გვხვდება. მოძრავი ფოსფორი დაბალია საქართველოს ნიადაგების 54%-ში, დაბალი ან საშუალო რაოდენობითაა 41%-ში და მხოლოდ 5%-ია საშუალოზე მაღალი შემცველობით. მჟავე ნიადაგში ფოსფორი ძირითადად ძნელადხსნად და ძნელად შესათვისებელ რკინისა და ალუმინის ფოსფატების ფორმაში იმყოფება. კარბონატულ ნიადაგში კალციუმის და მაგნიუმის ფოსფატების სახითაა, რომლებიც გადადიან ნახევრადხსნად და ხსნად ფოსფატებში და შეითვისებიან მცენარეთა მიერ. მაგრამ ეს პროცესი ძალზე შეზღუდულად მიმდინარეობს, ამიტომ მცენარეთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭიროა ფოსფორის შემცველი მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა.
კალიუმი
კალიუმის შემცველობა უფრო მეტია მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებში, ვინაიდან ის ძირითადად შედის თიხა მინერალების შედგენილობაში, მცირეა – ქვიშნარ და ტორფიან ნიადაგებში. ნიადაგში არსებული საერთო კალიუმის 99% – არაგაცვლით ფორმაშია. საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგების 2%-ში გაცვლითი კალიუმის შემცველობა დაბალია, 8%-ში დაბალი ან საშუალო რაოდენობისაა, 35%-ში საშუალოზე მაღალია, 55%-ში მაღალია.
ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ყველა ტიპის ნიადაგი საჭიროებს აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქების გამოყენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ყველა კულტურის მინიმალური მოსავლის მიღება. რაც შეეხება კალიუმიან სასუქებს მათი შეტანა სავალდებულოა ყველა მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგზე ანუ ნიადაგების საერთო ფართობის 45%-ზე. საქართველოს ნიადაგების 55% საჭიროებს კალიუმიანი სასუქების დაბალი ნორმების გამოყენებას ან საერთოდ არ საჭიროებს მათ შეტანას.
ნაყოფიერად ითვლება ისეთი ნიადაგი, რომელშიც აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობა საშუალოზე მაღალი რაოდენობითაა, მიკროელემენტების შემცველობა საშუალო რაოდენობით. ასეთი ნიადაგი როგორც ზემოთ მოტანილი მონაცემებიდან ჩანს საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობითაა. ნიადაგის ნაყოფიერების ნაწილობრივი გადიდება, კერძოთ აზოტით გამდიდრება შესაძლებელია სიდერატების თესვით და ჩახვნით ან მისი ხანგრძლივი დროით დაკორდებით. მაგრამ ამ გზით შეუძლებელია ნიადაგში ფოსფორისა და კალიუმის დეფიციტის აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენს ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება.
ლ. ალფაიძე;
ე.მოთიაშვილი;
ნ. ჭანკვეტაძე