ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და მათი ეფექტიანობა
ნიადაგდაცვითი უნარის მიხედვით, მინდვრის კულტურები სამ ჯგუფად იყოფა: მრავალწლიანი ბალახები, საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული კულტურები და სათოხნი კულტურები.
მრავალწლიანი ბალახები ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა. ისინი აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას, იზრდება ნიადაგის მდგრადობა ეროზიული პროცესების მიმართ და საერთოდ, ნიადაგის ნაყოფიერების ყველა მაჩვენებელი. მათი გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნიადაგის ეროზიული პროცესების განვითარების ინტენსივობაზე და ხარისხზე. საშუალოდ და ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგები ნაყოფიერების აღდგენისათვის მოითხოვენ მრავალწლიანი ნარევი ბალახების 3-4 წლით დგომას.
სწორი თესლბრუნვა საშუალებას იძლევა ამაღლდეს ფერმერული მეურნეობის წარმოების ეფექტიანობა, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და მეცხოველეობისათვის მაღალხარისხოვანი საკვები პროდუქტების წარმოება.
დატერასება
- იმ ფერდობებზე, სადაც კონტურული და ზოლური დამუშავება და სხვა ღონისძიებანი არ იძლევა სასურველ შედეგს, გამოიყენება დატერასების მეთოდი. დატერასება მიმართულია ფერდობებზე ეროზიის აღსაკვეთად.
- დატერასება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებაა 100-ზე მეტი დაქანების ფერდობებისათვის. ტერასების მოწყობის შემდეგ პრაქტიკულად წყდება ზედაპირული ჩამონადენი.
- მრავალწლიანი კულტურებისათვის ტერასების საუკეთესო სახედ ითვლება საფეხურებიანი ტერასები.
- ტერასების მოწყობა ხდება ფერდობების შესწავლის საფუძველზე შედგენილი პროექტის შესაბამისად.
სატყეო-მელიორაციული ღონისძიებები
- ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ათვისებულ ფერდობებზე შეიმჩნევა ინტენსიური ჩამორეცხვა, რის შედეგადაც დროთა განმავლობაში უვარგისი ხდება შემდგომი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის.
- სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისათვის უვარგის ფერდობებზე და ეროზიის წარმოშობის კერებში, ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის მიზნით, საჭიროა გატარდეს სატყეო-სამელიორაციო ღონისძიებები.
- ხევ-ხრამების სათავეებში, ნაპირებზე და ეროზიის წარმოშობის სხვა კერებში უნდა გაშენდეს ნიადაგდაცვითი ტყის ზოლები.
- წყალდაცვითი მნიშვნელობის ტყე-ბუჩქნარებში და ტყეებში უნდა ჩატარდეს მხოლოდ მოვლითი ჭრები და მასში საქონლის ძოვება უნდა აიკრძალოს.
- სოფლის მეურნეობის წარმოებისასთვის გამოუსადეგარ ფერდობებზე საჭიროა ხელოვნური ტყე-ბუჩქნარის გაშენება.
- მდინარისპირა სანაპირო ზოლის გასამაგრებლად კარგ შედეგს იძლევა ტყის ხემცენარეული საფარი და ამ მხრივ მათი მნიშვნელობა უდიდესია. ისინი, ერთი მხრივ, თავიანთი ფესვებით ბადესავით ფარავენ მდინარეთა სანაპირო ზოლს და იცავენ მათ ჩამორეცხვისაგან, ხოლო მეორეს მხრივ, ახდენენ ეროზიული პროცესების კოლმატაჟს და უზრუნველყოფენ მდინარისპირა კალაპოტების მდგრადობას.
ბუფერული ზოლები
- სათოხნი კულტურებით დაკავებულ ფერდობებზე მრავალწლიანი ბალახების ბუფერული ზოლების მოწყობა წყლისმიერი ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის კარგი საშუალებაა. მათი ნიადაგდაცვითი როლი თითქმის იგივეა, რაც ფერდობების ზოლმორიგეობითი ათვისებისას.
- მრავალწლიანი ბალახების ბუფერ-ზოლები ფანტავენ ჩამონადენი წყლის ნაკადს, ანელებენ მისი მოძრაობის სიჩქარეს, დამრღვევ ძალას და, შესაბამისად, ეროზიული პროცესების განვითარების ინტენსივობას. ნიადაგს მეტი საშუალება აქვს გაატაროს წყალი თავის სიღრმეში და უზრუნველყოს მცენარე ტენით, საკვები ნივთიერებებით და საერთოდ კარგი ზრდა-განვითარებით.
- ეროზირებულ ფერდობებზე ნიადაგ-კლიმატური პირობების შესაბამისად მიზანშეწონილია მოეწყოს 2,5-3,0 მეტრი სიგანის მრავალწლიანი ბალახების ბუფერული ზოლები. მათი ურთიერთდაცილება დამოკიდებულია სავარგულის წყალშემკრებ ფართობზე და დაქანების სიდიდეზე. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში მათი დაცილება დასაშვებია 16-30 მეტრის ფარგლებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უხვი ატმოსფერული ნალექებისა და სავარგულების მცირე კონტურიანობის გამო, ბუფერული ზოლების სიგანე ცალკეული ფერდობების, სავარგულების, რელიეფური პირობებისა და მათი ათვისების ხასიათის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
- ბუფერულ ზოლებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ბუჩქნარი ხე-მცენარეები (ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი, მოცვი, თხილი და სხვა).
„ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“