აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ნიადაგის მომზადება სიმინდის დასათესად ინტენსიური ტექნოლოგიის პირობებში

სიმინდის მოვლა-მოყვანის ინტენსიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის ნიადაგის სწორად დამუშავებას ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უჭირავს.
აღმოსავლეთ საქართველოში სიმინდისთვის სასურველი წინამორბედი კულტურებია _ თავთავიანთა ნაწვერალი, მრავალწლიანი ბალახების კორდი და სანაწვერალო შუალედური კულტურები…

დასავლეთ საქართველოში _ სიმინდი, სოია, წინა წელს ნათესი შვრიისა და ერთწლიანი პარკოსნების ნარევი, მწვანე საკვებად და თივად და მოზამთრე შუალედური კულტურები (რაფსი, ტურნეფსი)….

ნიადაგი მუშავდება ზონისთვის რეკომენდებული წესით, ნიადაგის თვისებების, წინამორბედი კულტურების თავისებურების, ნაკვეთის დასარევლიანების და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით.

აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც წესი, სიმინდი ითესება მზრალზე!

მზრალად ხვნა ბარში უნდა დამთავრდეს არა უგვიანეს 1 დეკემბრისა, ხოლო შემაღლებულ ზონაში _ 15  ნოემბრამდე.

თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, თუ მასზე სანაწვერალო კულტურების თესვა არ არის გათვალისწინებული, აიჩეჩება 6-8 სმ. სიღრმეზე ნამჯისაგან ნაკვეთის გათავისუფლებისთანავე და იხვნება მზრალად 22-25 სმ-ზე.

სანაწვერალო კულტურებისაგან გათავისუფლებული მინდორი უნდა მოიხნას მაშინვე სრულ სიღრმეზე.

შუალედური ნათესების ადრე გაზაფხულზე გათიბვისთანავე (არა უგვიანეს მაისის პირველი ნახევრისა), ნაკვეთი უნდა მოიხნას 14-16 სმ. სიღრმეზე.

თუ წინამორბედი მრავალწლიანი ბალახია, მაშინ მწვანე მასის გათიბვის შემდეგ (აგვისტოში) შეიტანება  ჰერბიციდი. ნიადაგი მუშავდება მძიმედისკოებიანი ფარცხით და მოიხვნება წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ. სიღრმეზე.

სუსტი ბიცობიანი და დაწიდული ნიადაგები 3- წელიწადში ერთხელ ზაფხულში უნდა მოიხნას 35-40სმ–ზე, ხოლო მზრალად ხვნის პერიოდში გადაიხნას 18-20სმ. სიღრმეზე.

აღმოსავლეთ საქართველოს  ბარში, შალაფით ძლიერ დასარევლიანებულ ნაკვეთებზე, ნაწვერალი უნდა  აიჩეჩოს  მინდორში  შალაფის   აღმონაცენის  გამოჩენის შემდეგ საოში გუთნით 10-12 სმ. სიღრმეზე. აჩეჩვიდან ორი კვირის შემდეგ ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით,  თანმიყოლებული ფარცხით, ხოლო 10-12 დღის შემდეგ მინდორი გადაიხვნება საოში გუთნით 15-17 სმ-ზე, პირველი დამუშავების გარდიგარდმო. მზრალად ხვნა ტარდება წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ. სიღრმეზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ბიცობიანი ნიადაგების გაუმჯობესების მიზნით (მარნეულის, სიღნაღის, გურჯაანის, გარდაბნის, საგარეჯოს რაიონები) 7-8 წელიწადში ერთხელ მზრალად ხვნის წინ ნიადაგში შეაქვთ 7-14 ტონა/ჰა გაცრილი გაჯი. შეტანის შემდეგ ხნული გადაიხვნება, გადახვნის წინ კი შეაქვთ 4-5 ცენტნერი სუპერფოსფატი. პირველ წელს ითესება იონჯა-მრავალსათიბი კოინდრის ნარევი. ორი წლის სარგებლობის შემდეგ კორდი მოიხვნება საშემოდგომო ხორბლისათვის, ხოლო შემდგომ წლებში კულტურების მორიგეობა ხდება თესლბრუნვების მიხედვით.

დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნიადაგი (ნასიმინდარი და ნასოიარი) უნდა მოიხნას:

იმერეთის დაბლობზე და კოლხეთის დაბლობის შემაღლებულ ნაწილში შემოდგომით, ზამთრის პირას ანზამთარში;

კოლხეთის დაბლობ ნაწილში (სამტრედიის ქვემოთ) ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე მინდორში გასვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე. ამავე დროს იხვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ეწერი და ეროზიასაშიში ნიადაგები;

ზემო იმერეთის ბარის ალუვიური ნიადაგები დეკემბრის დამდეგიდან, როგორც კი ამინდი ამის საშუალება სმოგვცემს;

ფერდობებზე, სადაც ნიადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა, ადრე გაზაფხულზე, მინდორში გასვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე;

საშემოდგომო შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებული ნაკვეთები (შვრიანარევი ბარდა, რაფსი, ტურნეფსი და სხვა) მოსავლის აღებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მაისის პირველი დეკადისა. შუალედური კულტურების აღება ხდება მწვანე საკვებად დროულად, რათა არ დაგვიანდეს მომდევნო, ძირითადი საგაზაფხულო კულტურებისათვის ნიადაგის მომზადება და მისი თესვა. შუალედური კულ-ტურებისაგან გათავისუფლებული ნიადაგი იხვნება 14-16 სმ. სიღრმეზე.

ალუვიური ნიადაგები უნდა მოიხნას 22-25 სმ. სიღრმეზე, ხოლო ეწერი და მცირე სიღრმის ნიადაგები —ჰუმუსოვანი ფენის მთელ სიღრმეზე უწინმხვნელო გუთნით 18-20 სმ. სიღრმეზე, სახნავი ფენის დაღრმავებით.

მზრალად და ზამთარში მოხნულ ნაკვეთებზე თუ გაზაფხულზე ხნული დამჯდარი აღმოჩნდა, ტარდებააოშვა ფრთებშეხსნილი საოში გუთნით 14-16 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე ხნული მუშავდება დისკოებიანი ფარცხით, ხოლო თესვის წინ დისკოებიანი ან კბილებიანიმძიმე ფარცხით.

შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებულ ნაკვეთზე ხვნასთან ერთად ტარდება ფარცხვახოლოთუ ხნული ბელტიანია, იგი უნდა დამუშავდეს განმეორებით დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით.

დასავლეთ საქართველოს ბარში შალაფით ძლიერ დასარევლიანებული ნაკვეთები უნდა მოიხნას სიმინდის აღებისთანავე 20-22 სმ. სიღრმეზე. ხნული მუშავდება დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით, არაუგვიანეს ოქტომბრის მეორე ნახევრისა და ითესება შუალედური კულტურა (შვრიანარევი ცულისპირა, ბარდა და სხვა) მწვანე საკვებად.

წვანე მასის გათიბვისთანავე (მაისის მეორე ნახევარი) ნაკვეთი უნდა მოიხნას სრულ სიღრმეზე, ხნული დამუშავდეს დისკოებიანი იარაღით და დაითესოს სოიანარევი სიმინდი, როგორც მთლიანსათესი კულტურა.

სასილოსედ ან მწვანე საკვებად სოიანარევი სიმინდის გათიბვისთანავე ნიადაგი იხვნება 16-18 სმ. სიღრმეზე ზაფხულის ცხელ დღეებში შალაფის  ფესურების გამოშრობის და მოსპობის მიზნით.

ეწერი ნიადაგების გასაუმჯობესებლად, 8-10 წელიწადში ერთხელ, ზაფხულში ან შემოდგომაზე ღრმად (32-35 სმ) მოხნულ ნიადაგში ან, გაზაფხულზე შეაქვთ კირშემცველი სასუქები: კირქვა 4-8 ტ/ჰა, დეფიკაციური ტალახი -8-10 ტ/ჰა, ან დოლომიტის ფქვილი 3-4 ტ/ჰა-ზე. კირშემცველ სასუქთან ერთად შეაქვთ სრულიმინერალური სასუქები.

სასუქების შეტანისთანავე ნიადაგი გადაიხვნება 12-15 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული ფარცხით.

აღმოსავლეთ საქართველოში, ნიადაგში ტენის შენარჩუნების, ზედაპირის მოსწორების და სარეველების აღმონაცენის მოსპობის მიზნით მზრალი უნდა დაიფარცხოს.

სარეველების აღმოცენებისთანავე ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით 8-10 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით, ხოლო თესვამდე 3-4 დღით ადრე, თესვისწინა კულტივაცია 6-8 სმ. სიღრმეზე ფარცხვით.

რეკომენდაცია მომზადებულია „აგრო სამეცნიერო ჯგუფ ლომთაგორას“

მეცნიერთა მიერ და დაფუძნებულია მათ მიერ ჩატარებულ კვლევებზე