აგროსიახლეები

ნულოვანი ნარჩენი და 3D ტექნოლოგიები _ „ევრომასტერი“ ცირკულარული ეკონომიკის ქართულ მოდელს ნერგავს

საქართველო ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე გადადის, რისი დასტურიც კომპანია „ევრომასტერის“ ინოვაციური საქმიანობაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებმა პირადად დაათვალიერეს საწარმო, რომელიც პოლიმერული მასალებისა და დანამატური წარმოების (3D ბეჭდვა) სინთეზით, ნარჩენების მინიმიზაციის საუკეთესო მაგალითს ქმნის.

ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა ინაურთან ერთად, პოლიმერული მასალებით შექმნილი დანამატური წარმოების კომპანია „ევრომასტერი“ დაათვალიერა.

საწარმო პოლიმერული მასალის გამოყენებით, 3D ბეჭდვის შედეგად, ქმნის სხვადასხვა სახის ნაწარმს, მუშაობს ნულოვანი ნარჩენის პრინციპზე. კომპანიის საქმიანობის შედეგად მიღებული ნარჩენები ადგილზე სეპარირდება და გადამუშავდება ხელახალ გამოყენებად სამუშაო მასალად. აქედან გამომდინარე, წარმოქმნილი ნარჩენები მინიმუმამდეა დაყვანილი.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მსგავსი საწარმოების სამუშაო პრინციპი ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების შემცირებას და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას.

„ნარჩენების ინტეგრირებულად მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანია წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირება და გადამუშავება. კომპანია „ევრომასტერის“ საქმიანობა და მათი სამუშაო პრინციპი ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების შემცირებას, ასევე დადებითად აისახება ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე, რაც რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას გულისხმობს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„ევრომასტერის“ დამფუძნებლის, პაატა რუსაძის თქმით, კომპანიის მიზანი ნულოვანი ნარჩენისგან შექმნილი წარმოების დანერგვაა.

„ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტი პოლიმერული მასალით იქმნება; მიღებულ ნარჩენებს ვახარისხებთ და გადავამუშავებთ ხელახალი გამოყენებისთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო კოლეჯთან, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან წყალანირების რეაბილიტაციის სპეციალისტის პროფესიას, პრაქტიკულ სწავლებას კი, ჩვენს კომპანიაში გადიან და უნდა ითქვას, დღეისთვის, ეს არის საკმაოდ მოთხოვნადი და ანაზღაურებადი პროფესია“, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ევრომასტერის“ მოდელი ადასტურებს, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში უკვე რეალობაა: აქ წარმოება, სეპარირება და გადამუშავება ერთიან ციკლშია მოქცეული. სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა მსგავსი ინიციატივების მიმართ გარდამტეხია, რადგან გარემოზე ზრუნვასთან ერთად, პროცესი მოთხოვნადი პროფესიების განვითარებასა და ახალგაზრდების დასაქმებასაც უზრუნველყოფს.

საბოლოო ჯამში, ნულოვანი ნარჩენის პრინციპი არის ის მომავალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით მდგრადობას განსაზღვრავს.