ომბალო
საქართველოს სამზარეულო რომ განსხვავებული, მრავალფეროვანი და უნიკალურია, არა ერთხელ ვრწმუნდები ამაში. ყველა სანელებელი თვისებების მიხედვით, ზუსტად იმ დოზით გამოიყენება კერძებში, რა დოზითაც მათი მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
დღეს მინდა მოგითხროთ ქართული ტყემლის შეუცვლელ სანელებელ ომბალოზე, რომელიც ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც ბუნებრივი კონტრაცეპტივი და აბორტის მაპროვოცირებელი საშუალება.
მცენარეში შემავალი ეთერზეთი პულეგონი ბუნებრივი აქროლადი შხამია, რომლის დიდი დოზით მიღება იწვევს საშვილოსნოს კედლების შეკუმშვას და სისხლდენას.
ნათქვამია — მცირე ოდენობით შხამი წამალია, დიდი ოდენობით წამალი შხამიო. სწორედ ეს შემიძლია ვთქვა ომბალოზე.
ამ სანელებლის გარეშე წარმოუდგენელია გამორჩეული გემოსა და თვისებების მქონე ქართული საწებელი „ტყემალი“, რომელიც ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და აძლიერებს მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას. ისეთ მძიმედ მოსანელებელ საკვებთან ერთად, როგორებიცაა თუნდაც ლობიო და ღორის ხორცი, დამეთანხმებით, ტყემლის მირთმევა აუცილებელიც კია.
ომბალო (Mentha pulegium L.), Мята блошная, м. Луговая, блоховник, полей-трава, უმბალო, ომბალე, ომბალი — ტუჩოსანთა ოჯახის ბალახოვანი, მრავალწლოვანი მცენარეა, 30-45 სმ. ღეროებით და მკრთალი იისფერი, ბუთხუზა ყვავილედებით. მცენარის სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. ველური ფორმით გავრცელებულია საქართველოში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის სამხრეთით. საქართველოში უფრო მეტად გვხვდება დასავლეთ რაიონებში. მცენარე კულტივირებულია და ხელოვნურად მოყავთ მთელს ევროპაში (განსაკუთრებით სამხრეთ ესპანეთი), თურქმენეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მორფოლოგიური ნიშნებით, გემური თვისებებით და ნაზი, მსუბუქი, სასიამოვნო არომატით, ომბალო მნიშვნელოვნად განსხვავდება ტუჩოსანთა ოჯახის სანელებლებად ცნობილი სხვა წარმომადგენლებისგან — ქონდარი, ბეგქონდარა, რეჰანი, სალბი, პიტნა და სხვ. მკვეთრად განსხვავდება გემური თვისებებით და არომატით ომბალოს ქართული სახესხვაობა ჩრდილოეთ კავკასიასა და ევროპაში გავრცელებული ფორმებისგანაც.
ომბალოს მშრალი ფოთლები შეიცავს დიდი ოდენობით ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაში შედის პულეგონი, მენთოლი, ლიმონენი, დიპენტენი და აზულენი. გარდა ეთერზეთებისა, მცენარე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს და ასკორბინის მჟავას.
ომბალოს ფოთლები და ყლორტები როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით უძველესი დროიდან გამოიყენება სანელებლად საქართველოსა და კავკასიაში. ქართული საწებლის „ტყემლის“ შეუცვლელი და აუცილებელი ინგრედიენტია. ამატებენ ლობიოს, ხორციან კერძებს, სოკოსა და იმერულ ეკალაში.
თითქმის მთელ კავკასიაში სხვა მწვანილებთან ერთად ომბალო იხმარება მწვადის, ქაბაბის, მოშუშული ხორცის კერძების დასამზადებლად. ევროპული სამზარეულო ამ სანელებელს იყენებს სუფებსა და გარნირებში. ასევე ბარდის, ლობიოს კერძების, ბოსტნეულის სალათებისა და რიზოტოს მოსამზადებლად. მშრალ ფოთლებსა და ყვავილედებს ამატებენ შავი ქლიავის, ატმის და მშრალი ხილის დესერტებს. ინგლისელები იყენებენ სოუსების დასამზადებლად. სომხეთში — ყველის არომატიზატორად. ომბალოს ეთერზეთები გამოიყენება არომატიზატორად პარფიუმერიაში, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში, ყველის, კანფეტების, ჩაის, გამაგრილებელი და უალკოჰოლო სასმელების, ლიქიორების და ძმრის წარმოებაში. შედის სხვადასხვა ჩაის ნაკრებების შემადგენლობაში.
რაც შეეხება მცენარის სამკურნალო თვისებებს, ომბალო უძველესი დროიდან გამოიყენება ჰომეოპათიასა და ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭრილობის შემახორცებელი და ანტისეპტიკური, აგრეთვე ბრონქული ასთმის, ყივანახველას, ბრონქიტის, ისტერიის და ნერვული აშლილობის სამკურნალო საშუალება. მცენარე ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ანტიბაქტერიული, და მადეზინფიცირებელი თვისებებით.
ომბალოში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხსნის მომნელებელი ორგანოების სპაზმებს და აუმჯობესებს მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას. გამოიყენება მეტეორიზმის, პოდაგრის, ნაწლავების, კუჭის და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. აწესრიგებს ძილს, ხსნის თავის ტკივილებს და შაკიკს. ამკვრივებს სისხლძარღვებს, ასტიმულირებს გულის მოქმედებას, აუმჯობესებს მეხსიერებას. გარეგანი მოხმარებისთვის გამოიყენება ღრძილების ანთების, კანის და პირის ღრუს დაავადებების დროს.
ლიტერატურული წყაროებით ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში, მისტიკური ცერემონიალები სასმელის „კიკეონი“ გარეშე არ ტარდებოდა. ომბალოსა და ჭვავის რქით (Claviceps purpurea, მარცვლოვნების სოკოვანი დაავადება, რომელიც არის ძლიერი ჰალუცინოგენი), დაავადებული ქერის ფქვილით დამზადებული კიკეონი, იდუმალი გარემო და მუსიკის ხმები უქმნიდნენ მისტერიის მონაწილეებს შესაბამის ფსიქოლოგიურ განწყობას.
CC BY-SA 2.0 / FLICKR / KATYA / МЯТА БОЛОТНАЯ (МЯТА БЛОШНИЦА) ომბალო უძველესი რომაელი და ბერძენი სწავლულები ატარებდნენ ომბალოს გვირგვინებს, თვლიდნენ რომ მცენარის არომატი მათ გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯოებესებდა. ომბალოს წყლით იბანდნენ ხელებს, საცხოვრებელი შენობების ჰაერის გასაუმჯობესებლად და განწყობის ასამაღლებლად მცენარის ფოთლებით აპრიალებდნენ იატაკებსა და მაგიდებს.
ომბალოს ეთერზეთები შუა საუკუნეებიდან შეუცვლელი საშუალება იყო მკბენარა მწერების, ბუზების, კოღოების, რწყილების, ტილების და ჩრჩილის მოსაგერიებლად. ძველ რუსეთსა და სლავიანურ ქვეყნებში ზაფხულის ცხელ დღეებში იატაკზე ომბალოს ახალდაკრეფილ ფოთლებს ფენდნენ და ამით სასიამოვნო არომატის გარდა, პარაზიტი მწერებისგან იცავდნენ თავს.
ასე, რომ, მიირთვით ომბალოთი შეზავებული უგემრიელესი ტყემალი და გამოიყენეთ მცენარის ყლორტები მომაბეზრებელი მწერების დასაფრთხობად.
ნინო გოცაძე,
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი