დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ორგანული სასუქები და მათი გამოყენება ვენახში

ორგანული სასუქები ძლიერ სასარგებლოა ვენახის განოყიერებისათვის, რადგან ისინი ამდიდრებენ ნიადაგს არა მარტო საკვები ელემენტებით _ აზოტით, კალიუმით და ფოსფორით, არამედ ჰუმუსითაც, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. ნიადაგის გასანოყიერებლად გამოიყენება შემდეგი ორგანული სასუქები:
ნაკელი

ნაკელი შეიცავს ყველა საკვებ ელემენტს, რომელიც ესაჭიროება ვაზს. გარდა ამისა, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. ცხენის და ცხვრის ნაკელი რეკომენდებულია მძიმე თიხნარ ნიადაგებში, ხოლო ძროხის და ღორის ნაკელი – მსუბუქ, ქვეთიხნარ ნიადაგებში, რომლებიც უფრო მდიდარია კალციუმით.
ძროხის და ღორის ნაკელი ნაკლებ საკვებ ელემენტებს შეიცავს, ვიდრე ცხენის და ცხვრის. ნაკელი შეიცავს საშუალოდ: აზოტს 0,5%; ფოსფორმჟავას 0,2% და კალიუმის ორჟანგს 0,6%-ს. ნაკელის ზემოქმედება გრძელდება რამდენიმე წელს, ამიტომ იგი შეაქვთ 2-3 წელიწადში ერთხელ. ვენახის გასანოყიერებლად საჭიროა შევიტანოთ 30-40 ტონა ძროხის ნაკელი ან 5 ტონა ცხვრის ნაკელი 1 ჰექტარზე.

კომპოსტი

კომპოსტი წარმოადგენს მეურნეობის სხვადასხვა ორგანულ ანარჩენებს. შეგროვილი ორგანული ნარჩენები გაიშლება გარკვეული კომპოსტის დასამზადებელ ადგილზე – 20-25 სმ-ის ფენით. შემდეგ ემატება ნაკელი, შემდეგ ისევ ორგანულ-მინერალური ანარჩენები, ბოლოს აყრიან კირს და ასველებენ წყლით, ზემოდან და გვერდებზე აყრიან ნიადაგს ან ტორფს, 6-8 თვის შემდეგ კომპოსტი მზადაა გამოსაყენებლად.
ჭაჭის კომპოსტი. მის დასამზადებლად იყენებენ მეღვინეობის ნარჩენებს, რომლისგანაც მზადდება კომპოსტი შემდეგი წესით: ნიადაგზე გაშლიან ჭაჭის ფენას 20-25 სმ-ის სიმაღლეზე, მასზე მოფანტავენ კირს 25%, თომას წიდას 4% და 2% გოგირდმჟავა კალიუმს (ჭაჭის მასის პროცენტი).
კასრში ამზადებენ ხსნარს შემდეგი შემადგენლობით: 1 კგ დაუშლელი კირი და 2,5 კგ გოგირდმჟავა ამონიუმი 100 ლიტრ წყალზე. ხსნარს კარგად ურევენ, სანამ ნივთიერებები მთლიანად არ გაიხსნება. ჭაჭის ყოველ 1 მ2-ზე მოასხამენ 30-50 ლიტრ ხსნარს, ზემოდან კი აყრიან ნიადაგს. შემდეგ ასევე ამზადებენ შემდეგ ფენას, სანამ კომპოსტის ფენა 1 მეტრს არ მიაღწევს. სიგანე უნდა იყოს 1,5-2,0 მ. ჭაჭის სულ ზედა ფენას 10 სმ მიწა ეყრება, სამი კვირის შემდეგ გროვას გაშლიან, ნიჩბით გადაურევენ და ისევ შეაგროვებენ. ნიადაგში შეტანის წინ აუცილებელია ხელახლა არევა, ასეთი კომპოსტი შეიცავს 1,5% საკვებ ნივთიერებებს. ვენახში შეაქვთ 3 კგ ერთ ძირზე.

ქათმის ნაკელი

ქათმის ნაკელი დიდი რაოდენობით შეიცავს საკვებ ელემენტებს, ამიტომ იგი ვენახისათვის საუკეთესო სასუქს წარმოადგენს. მას იყენებენ გამოკვების მიზნით – 1,5-2,5 ტონა ჰექტარზე. ქათმის ნაკელს განაზავებენ წყლით და ტოვებენ დუღილისათვის 10-15 დღე. ნიადაგში შეტანის წინ მეორედ განაზავებენ წყლით 1:5 (პირველი განზავებაც ასეთივეა) და შეტანა ხდება ვაზის ძირებში.

წუნწუხი

წუნწუხი მზადდება ნაკელსაცავებთან დაგროვილი წუნწუხისაგან. აგროვებენ სპეციალურ ორმოებში და განაზავებენ 1:2 თანაფარდობით შემდეგ დაადუღებენ 10-15 დღის განმავლობაში და ისევ განაზავებენ 1:2 შეფარდებით და შეაქვთ ვაზის ძირებში 5 ლიტრის რაოდენობით ძირზე.

ფეკალები

ფეკალები საუკეთესო სასუქია, როგორც ვენახის, ასევე სანერგისათვის. იგი შეიცავს ბევრ აზოტს, ფოსფორს და ნაკლები რაოდენობით კალიუმს. ახალი ფეკალები შეიცავენ აზოტს 0,5-დან 0,7%-მდე, ფოსფორს 0,2-დან 0,3%-მდე, კალიუმს 0,2%. ერთ ჰექტარზე შეაქვთ 10-20 ტონა ფეკალები, როგორც ძირითადი საკვები და 5 ტონა – გამოკვების სახით. სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით, ფეკალები ვენახში შეაქვთ ყურძნის მოკრეფის შემდეგ და ადრე გაზაფხულზე. ფეკალების მასას განაზავებენ 1:1-ზე წყალთან, ტოვებენ დასადუღებლად 10-5 დღეს, შეტანის დროს კვლავ განაზავებენ წყლით.

მწვანე სასუქები

მწვანე სასუქები განოყიერების ეს ფორმა გულისხმობს მცენარეების ნიადაგში ჩახვნას. მწვანე მცენარეები შეიძლება გაზარდო იქვე ვენახში სპეციალური კულტურების სახით ან მოიტანო მწვანე მასა. კულტურები, რომლებიც გამოიყენება მწვანე სახით ჩასახნავად, ის კულტურებია, რომელთაც აქვთ ბიოლოგიური უნარი შეითვისონ ჰაერიდან აზოტი და შექმნან შენაერთები, რომელთაც მინერალიზაციის გზით აითვისებს ვაზი. ასეთი მცენარეებია პარკოსნები: ცერცველა, იონჯა, სამყურა და სხვა. ისინი უნდა ჩაიხნას ყვავილობის დროს, რათა ნიადაგმა მიიღოს მათ მიერ სინთეზირებული აზოტოვანი ნივთიერებები და დაუბრუნოს ნიადაგს მისგან ამოღებული მინერალური ნივთიერებები. სიდერატები ამდიდრებენ ნიადაგს ჰაერით.
სიდერატები ითესება ვენახის მოსავლის აღებისთანავე და ჩახვნა ხდება მარტ-აპრილში.

„მევენახეობა“

ვაჟა გოცირიძე,

ანა გოდაბრელიძე