ორგანული სოფლის მეურნეობის ისტორია
მდგრადი ორგანული სოფლის მეურნეობა ეკოლოგიისა და ჯანსაღი კვების სფეროში ჩვენი დროის საკმაოდ მოთხოვნადი წარმოების მიმართულებაა.
ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობების საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, „ორგანული სოფლის მეურნეობა წარმოების სისტემაა, რომელიც მხარს უჭერს ჯანსაღ ნიადაგებს, ეკოსისტემებსა და ადამიანებს. ის დამოკიდებულია ეკოლოგიურ პროცესებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ადგილობრივ პირობებზე სპეციფიკურ ბუნებრივ ციკლებზე, არახელსაყრელი რესურსების გამოყენების თავიდან აცილებაზე.
ორგანულ სოფლის მეურნეობის მთავარი წინაპირობა ნიადაგთან მეცნიერებაზე დაფუძნებული მუშაობა და მისი, როგორც ამოწურვადი, მაგრამ გონიერი მოქმედების შემთხვევაში განახლებადი რესურსის განხილვაა.
ისტორია
ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას ხშირად მთის ბროლის განვითარებას ადარებენ. არსებობს დედა სტრუქტურა, რომლის გარშემოც ჯერ ახალი ელემენტები ფორმირდება, შემდგომ კი ისინი განაგრძობენ ზრდას და განვითარებას.
ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება რამდენიმე ეტაპად, ესენია:
დაბადება;
-
- ფორმირება;
- განვითარება;
- დაბადება.
ორგანულ სოფლის მეურნეობის დაბადებას თავისი წინაპირობა-მიზეზი ჰქონდა, განვითარება გამოიწვია. ამ მთავარ მიზეზად მიჩნეულია ის, რომ სამხრეთ ამერიკაში 1830 წელს დაიწყეს პირველი აზოტოვანი სასუქის ,,ჩილეს გვარჯილის წარმოება“, და მისი მასიურად, ხარბად და ხშირად არასწორად გამოყენება. შედეგად XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში აქტიურად დაიწყო აგრო წარმოების ქიმიზაცია – სოფლის მეურნეობაში სინთეტიკური სასუქების გამოიყენება.
1905-1924 წწ.- ორგანული წარმოება იწყება ცენტრალურ ევროპასა და ინდოეთში.
1924 წ. გამოდის ბიოდინამიკური მეურნეობის ფუძემდებლის, ფილოსოფოსის, ეზოთერიკოსის რუდოლფ შტაინერის წიგნი „სოფლის მეურნეობის განვითარების სულიერი და მეცნიერული საფუძვლები. ამ წიგნში აღნიშნულია, რომ «…ეკონომიკურ-მატერიალური მსოფლმხედველობის გამო ყველაზე უფრო მეტად სწორედ სოფლის მეურნეობა გადასცდა გონივრულ პრინციპებს. სამწუხაროდ ძალზე ცოტამ თუ იცის, რომ ბოლო ათწლეულებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ, რომელიც მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, განიცადა დეგრადაცია. და ეს დეგრადაცია კვლავ მიმდინარეობს არაჩვეულებრივად სწრაფად».
რუდოლფ შტაინერის თეორია ადამიანს განიხილავდა, როგორც კოსმიური წონასწორობის განუყოფელ ნაწილს, რომელიც მან უნდა გაიგოს, რათა იცხოვროს გარემოსთან ჰარმონიაში. ამიტომ აუცილებელია ბალანსი დამყარდეს ცხოვრების სულიერ და მატერიალურ მხარეებს შორის.
ამ პერიოდში გაჩნდა ორგანული სოფლის მეურნეობის პირველი სასერტიფიკატო ნიშანი Demeter (იხილეთ სურათი 2).
სურათი: 1. ორგანული პროდუქტის სერტიფიკატი დემეტერი.
1939 წელს – ევა ბალფურმა, ალბერტ ჰოვარდის ნაშრომების გავლენით, დიდ ბრიტანეთში ჩაატარა მსოფლიოში პირველი. სამეცნიერო, სადემონსტრაციო ექსპერიმენტი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ჩვეულებრივი და ორგანული სასოფლო-სამეურნეო წარმოებების შესადარებლად. ამ ექსპერიმენტების ოთხი წლის დაკვირვებების შემდეგ მან გამოსცა წიგნი „ცოცხალი ნიადაგი“.
1940-1970 წ.წ. დაიწყო მწვანე რევოლუცია, კერძოდ საბრძოლო მოქმედებებიდან გამოთავისუფლებულმა ქიმიურმა პრეპარატებმა, ტექნიკამ, მაგალითად ამონიუმის ნიტრატმა, „DDT”-მ, გამწევმა ძლიერმა ტექნიკამ, წყლის ტუმბოებმა და ა.შ. შეღავათიან ფასებში გადაინაცვლეს სოფლის მეურნეობაში;
ამ პერიოდში ქიმიზაციის, მექანიზაციის, მელიორაციის, სელექციის და ა.შ. ტექნოლოგიების მასიური, უკონტროლო გამოყენების გამო გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების რაოდენობრივი მაჩვენებლები მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამასთან ყოველივე ამან გამოიწვია უარყოფითი შედეგებიც:
- ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითება;
- ნიადაგის მკვებავი დეფიციტი;
- ნიადაგის მიკრობიოცენოზის განადგურება (ქიმიური პესტიციდებით ნიადაგის სასარგებლო მიკროორგანიზმების სიკვდილი), შედეგად, ნიადაგის დამთრგუნველობის დაქვეითება (დაავადებებზე წინააღმდეგობის უნარი);
- ნიადაგის სხვადასხვა სახის დეგრადაცია (დამლაშება, ეროზიები, წყალდიდობა, გაუდაბნოება და ა.შ.);
- სასარგებლო ენტომოფაგებისგანადგურება;
- ჭიაყელების, ნიადაგში მცხოვრები მწერების რაოდენობისა და აქტივობის შემცირება;
- ნიადაგის სტრუქტურის განადგურება, აერაციის მოშლა და წყლის შეკავების უნარის დაქვეითება;
- დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგობა პესტიციდების აქტიური ინგრედიენტების მიმართ;
- პროდუქციის ხარისხის დაქვეითება;
- სათბურის აირების გაფრქვევა ატმოსფეროში;
- ბიომრავალფეროვნების შემცირება და სხვა მრავალი.
პირველად ტერმინი ,,ორგანული სოფლის მეურნეობა, ორგანული ფერმა“ შემოღებული იქნა 1940 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის სწავლული აგრონომის ლორდ ნოტბორნის მიერ წიგნში „იზრუნეთ მიწისთვის“ (იხილეთ სურათი 3).
ის ეყრდნობოდა რუდოლფ შტაინერის თეორიას, რომ ფერმერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენებასა და გარემოს დაცვას შორის ბალანსის შენარჩუნებაში. ორგანული სოფლის მეურნეობის იდეა გასუფთავებულია მისტიკისგან და ასოცირდება ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებთან, რომლებიც უფრო გასაგები და ახლობელია ადამიანების უმეტესობისთვის. ამ წიგნში პირველად ჩნდება ორი შეერთებული პალმის ფოტო, რომელზედაც დევს დედამიწა.
1940 წელს იაპონიაში მიკრობიოლოგმა მასანობუ ფუკუოკამ ინტენსიური სოფლის მეურნეობის პრაქტიკის სანდოობაში ეჭვი შეიტანა. მან მიატოვა სამსახური და სიცოცხლე მიუძღვნა მარცვლეულის მოყვანის ორგანული მეთოდების შესწავლას. სწორედ მასანობუ ფუკუოკას ეკუთვნის სიტყვები: ,,ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია – არა წარმოების ტექნიკა, არამედ პირველ რიგში ფერმერის აზროვნება“
1962 წელი – გამოვიდა მკვლევრის და ბიოლოგის რეიჩელ კარსონის ცნობილი წიგნი „მდუმარე გაზაფხული“ (იხილეთ სურათი 4). ეს ნაშრომი ასახავს პესტიციდების და სხვა ქიმიკატების დესტრუქციულ მოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, განსაკუთრებით ფრინველებზე.
„მდუმარე გაზაფხული“, გაზაფხული დუმს, ვინაიდან პესტიციდების შესხურებით დახოცილი ჩიტები არ მღერიან…
რეიჩელ კარსონმა ერთ-ერთმა პირველმა დააყენა პესტიციდების მავნებლობის საკითხი ადამიანზე, გარემოზე და აღნიშნა, რომ პრობლემები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება.
– 2006 წელს ჟურნალმა Discover-მა Silent Spring-მა „მდუმარე გაზაფხული“ დასახელდა ყველა დროის 25 საუკეთესო სამეცნიერო წიგნად.
ჯერომ ირვინ როდეილმა (აშშ) 1942 დააარსა პირველი სპეციალიზებული ჟურნალი „ორგანული მეურნეობა და მებაღეობა” და ექსპერიმენტული ორგანული მეურნეობა, რათა პრაქტიკაში დაემტკიცებინა სკეპტიკოსებისათვის, რომ ორგანულ სოფლის მეურნეობას მოაქვს სარგებელი.
1950 წელს მან დააარსა კიდევ ერთი ჟურნალი Prevent, რომელიც ასახავდა ორგანული სოფლის მეურნეობის ფილოსოფიას.
- ფორმირება
ორგანული სოფლის მეურნეობის მეორე ეტაპი -1970-1990 წლები
1975 წელს მასანობუ ფუკუოკამ გამოსცა ცნობილი სამეცნიერო ნაშრომი „ერთი თივის ღეროს რევოლუცია“.
1971 წელი გერმანიასა და სამხრეთ ტიროლში შეიქმნა ორგანული პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია- Bioland, რომელიც აერთიანებდა ორგანული პროდუქტების მწარმოებლებსა და რესტორნებს.
– 1972 წ. შეიქმნა ,,ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა საერთაშორისო მოძრაობა“ (IFOAM),
სწორედ IFOAM-მმა ჩამოაყალიბა ორგანული სასოფლო სამეურნეო წარმოების ძირითადი პრინციპები (იხილეთ სურათი 2):
სურათი: 2. ორგანული სასოფლო სამეურნეო წარმოების ძირითადი პრინციპები:
- განვითარება.
1991 წლის 24 ივნისს ევროკავშირმა მიიღო რეგულაცია (EEC) No 2092/91 ,, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანული წარმოების შესახებ და მითითებები სოფლის მეურნეობისა და საკვებ პროდუქტებზე;
50 ან 60 წლის უკან ორგანული საკვების ბაზარი ძალიან მცირე, (ევროპის ქვეყნების ბაზრის 0,1 პროცენტზე ნაკლები) იყო.
1980-1990-იან წლებში კი მათი წარმოება, მოხმარება გაიზარდა და ჩამოყალიბდა ოფიციალური სტანდარტები.
დღეს მსოფლიოში 3 მილიონამდე ფერმერი ორგანულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს აწარმოებს 71,5 მილიონ ჰექტარზე და ყოველწლიური მათი ზრდა შეადგენს 14,7% -ს.
მსოფლიოში ორგანული პროდუქტების ბაზარი 100 მილიარდ ევროს აღემატება. ორგანული პროდუქტების უდიდესი ბაზრებია: აშშ – 40,6 მილიარდი ევრო, გერმანია – 10,9 მილიარდი ევრო და საფრანგეთი – 9,1 მილიარდი ევრო.
ქვეყნების რაოდენობა, სადაც ორგანული სასოფლო სამეურნეო წარმოება განვითარებული 172-ია.
87 ქვეყანაში შექმნილია სათანადო იურიდიული საფუძვლები და სახელმძღვანელო დოკუმენტები. საქართველოში ამ მხრივ მიღებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N 149 – ,,ტექნიკური რეგლამენტი- ორგანული (ბიოლოგიური ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური ეკოლოგიური) პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ (იხილეთ სურათი 3).
სურათი: 3. საქართველოს მთავრობის დადგენილრბა N149.
დღეს ორგანული სასოფლო-სამეურნეო წარმოება უპასუხებს გლობალური მდგრადი განვითარების პირველ-არა სიღარიბეს, მეორე- არა შიმშილს, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მესამე-სუფთა წყალი, მერვე-ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მეთორმეტე-მდგრადი მოხმარება და წარმოება, მეცამეტე-კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა, მეთხუთმეტე – დედამიწის ეკოსისტემები.
კობა კობალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი,
ბექა გრძელიშვილი, ამავე ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი