ოთარ შამუგია საფრანგეთის ქალაქ დიჟონში გამართულ მინისტერიალზე
„ყველა საპატიო ტრიბუნიდან სიამაყით ვამბობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს, ღვინის სამშობლოს. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია გვაქვს, ის ჩვენი კულტურის და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; ამავე დროს, მევენახეობა-მეღვინეობა, მისი განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი დღევანდელობაც, ის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქალაქ დიჟონში გამართულ მინისტერიალზე, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
მინისტერიალს 30-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა.
როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, მაღალი ხარისხი და გამორჩეული საგემოვნო თვისებები ქართული ღვინის მთავარი სავიზიტო ბარათია. ბოლო წლებში გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი. მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში 100 მლნ ლიტრამდე ქართული ხარისხიანი ღვინო იყიდება, რომელიც სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო მზარდია.
ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მომავალშიც ისეთივე პროდუქტიული და წარმატებული იქნება, როგორც ის იყო და არის დღეს და დაეხმარება ქართული ღვინის ინდუსტრიას კიდევ მეტად განვითარებაში, ქართული ხარისხიანი პროდუქციის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაში. საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, საერთაშორისო აღიარებას და წარმატებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ასი წლისთავის აღსანიშნავად, მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ადასტურებენ საკუთარ ერთგულებას სამთავრობათაშორისო, სამეცნიერო და ტექნიკური ორგანიზაციისადმი, რომელსაც OIV წარმადგენს და ხაზს უსვამენ ვაზისა და ღვინის სექტორის მნიშვნელობას.
„დეკლარაციის მიღება ადასტურებს, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (OIV) ერთად, ჩვენ ვთანხმდებით დარგის ერთიანი და, ამავდროულად, არსებულ გამოწვევებზე საპასუხო ხედვით განვითარებაზე”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ქართულ დელეგაციას დიჟონში, მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა და საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე კოკაია წარმოადგენდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია(OIV) პარიზში 1924 წლის 29 ნოემბერს იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლუქსემბურგის, ტუნისის, უნგრეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ერთობლივი ხელშეკრულებით დაარსდა. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში ღვინის წარმოების და მეღვინეობის პრაქტიკის, მევენახეობის, კვების მრეწველობისთვის ყურძნის გადამუშავების შესახებ რეკომენდაციების ფორმულირებას და სხვა საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, ღვინის დარგში საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და დაცვას. ამჟამად, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) წევრია 50 ქვეყანა, ასევე, 18 დამკვირვებელი ორგანიზაცია და 500-ზე მეტი დარგის ექსპერტი.