პასტერელოზი /ჰემორაგიული სეპტიცემია/ Pasteurelosis
პასტერელოზი სხვადასხვა სახის შინაურ და გარეულ ცხოველთა, ასევე ფრინველთა ინფექციური დაავადებაა. მიმდინარეობს მწვავე და ქრონიკული ფორმით. მწვავე ფორმა ხასიათდება სეპტიციმიური მოვლენებით და შინაგან ორგანოებში ჰემორაგიული ანთებითი პროცესებით. პასტერელოზით ავადდებიან სხვადასხვა სახის ცხოველები და ფრინველები.
პასტერელოზის მიმართ ცხოველთა მგრძნობიარობა დამოკიდებულია არა მარტო ცხოველის სახეზე, არამედ აგრეთვე ასაკზე, ჯიშსა და არსებობის პირობებზე. პასტერელოზი უფრო ხშირად ვლინდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე. უფრო ხშირად დაავადება საძოვარზე პირუტყვის ყოფნის პერიოდში ჩნდება.
კლინიკური ნიშნები
ყველა ამთვისებელ ცხოველში პასტერელოზი სმგავსი ნიშნებით მიმდიანრეობს. მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის პასტერელოზის დროს არჩევენ: ზემწვავე, მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმას. პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით კი – შეშუპებითი, გულმკერდითი და ნაწლავის ფორმას. ზემწვავე ფორმისათვის დამახასიათებელია ტემპერატურის მკვეთრი გადიდება /41-42 გრადუსამდე/, მწვავე გასტროენტერიტის (კუჭნაწლავის აშლილობა) მოვლენები. ცხოველი რამდენიმე საათში კვდება.
მწვავე ფორმის დროს ორგანიზმის ტემპერატურა გადიდებულია /40 გრადუსამდე/. ცხოველი მოდეუნებულია, სუნთქვა აჩქარებულია, პულსი გახშირებული; ადგილი აქვს ცრემლდენას. ავადმყოფი წყვეტს საკვების მიღებას, არ იცოხნის, წყურვილი უძლიერდება, ზოგჯერ უკანკალებს კუნთები მწვავე ფორმის დროს ხშირად ვლინდება კანქვეშა მზარდი ანთებითი შეშუპება თავის, კისრისა და ზოგჯერ კიდურების არეში. ენის, კისრის, ხახისა და ხორხის არეში განვითარებული ძლიერი შეშუპების შედეგად ირღვევა როგორც სუნთქვის, ისე ყლაპვის პროცესი. დამახასიათებელია პირიდან წყლვადი ნერწყვის გაძლიერებული დენა. ჩვეულებრივ ეს ფორმა 1-2 დღეში ავადმყოფის სიკვდილით მთავრდება.
ქვემწვავე ფორმა ძირითადად მიმდინარეობს გულ-მკერდისა და ნაწლავის დაზიანებით. ნაწლავის ფორმას ძირითადად ვხვდებით ახალგაზრდა ცხოველებში /ერთი წლის ასაკამდე/, ნაწლავის ფორმა ხასიათდება აშლილობით ფაღარათის სახით. ქრონიკული ფორმა მწვავე ფორმიდან ვითარდება.
ვადმყოფს ახველებს, მადა დაქვეითებული აქვს, სუნთქვა გაძნელებული, ცხვირიდან თხელი სითხე სდის, ცხოველი თანდათან სუსტდება, ბარბაცით მოძრაობს და ბოლოს კვდება.
ღორის პასტერელოზი
ზემწვავე ფორმით მიმდინარეობისას დაავადება ერთბაშად იწყება. ზოგადი მდგომარეობა დაქვეითებულია, ტემპერატურა 41-42 გრადუსამდეა აწეული, სუნთქვა გაძნელებულია და აჩქარებული. მუცელსა და ყურის გარეთა მხარეს წითელი ლაქებია. ავადმყოფს მადა დაკარგული აქვს, უვითარდება ძლიერი წყურვილი, უფრო ხშირად წევს, შეიძლება ადგილი ექნეს ფილტვისა ან პლევრის დაზიანებას. ავადმყოფი 24-48 საათში კვდება.
ღორების პასტერელოზი ზოგჯერ ქრონიკულად მიმდინარეობს, რომელიც ვითარდება მწვავე ფორმიდან. პროცესი 3-6 კვირამდე გრძელდება. განკურნება იშვიათია.
ეკონომიური ზარალი
პასტერელოზის ინფექციით გამოწვეული ზარალი განპირობებულია დაავადებულთა პროდუქტიულობის მკვეთრი დაცემით და დიდი სიკვდილიანობით. მრპ. პასტერელოზით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მეტია, ვიდრე ციმბირული წყლულით, ემკარით, ლეპტოსპიროზით, პარატიფით გამოწვეული სიკვდილიანობა ერთად აღებული. აქედან გამომდინარე პასტერელოზის თავიდან ასაცილებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს პასტერელოზის საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკურ აცრებს.
მკურნალობა
სპეც. სამკურნალო საშუალებაა ჰიპერიმუნური პოლივალენტური შრატი. შრატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, თუ მას დაავადების დასაწყისში გამოვიყენებთ. აგრეთვე იყენებენ ანტიბიოტიკებს/ ბიცილინი – 3, – 5, ოქსიტეტრაციკლინი და სხვა/.