გადავირიე! რა გამაყიდინებდა მარგოს?!
პატარ-პატარა დაკვირვებები
ახალგაზრდა ფერმერის დღიურები (გაგრძელება)
კიდევ ერთმა გლეხმა გაყიდა სახლი კონტუათში და ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ცოტა ცუდი საყურებელია ოჯახი სამუდამოდ რომ ტოვებს თავისი წინაპრების ფუძეს.
თანდათან ცარიელდება სოფელი, ჯერ კიდევ რაჭის სოფლების დონეზე არ არის, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ და რომელსაც მოხუცი დარაჯების იმედად დარჩენილ სახლების სასაფლაოს ვეძახდი, კიდევ არიან ახალგაზრდები, მაგრამ თვალი ამათაც ქალაქისკენ უჭირავთ.
რამდენიმე პროექტმა ისევ აუარა გვერდი იმერეთს. ორგანიზაციამ People in need ჩათვალა, რომ ეს რეგიონი პრიორიტეტული არ არის. ENPARD-ის ახალი პროგრამაც სავარუდოდ იგივეს იტყვის ალბათ. როგორ შეიძლება ასე სისტემიდან ამოვარდნილი იყოს ყველაფერი, გავიგე მეფუტკრეობას და კენკროვნებს აფინანსებენ, ორივე მომწონს, ფუტკრის მოშენება მაქვს ისედაც გეგმაში, მაგრამ თუ იმერეთში ვცხოვრობ და მეცხოველეობა მინდა, მაშინ რა ვქნა? სანამ რაიმე გრანტი ჩემამდე არ მოიცლის „დავაძინო“ ჩემი ნაფერებ-ნალოლიავები ძროხები?!
ძროხების თემა რომ გავაგრძელო, ზოგადად უცხოური ჯიშის საქონლით ფერმის დაკომპლექტების მომხრე არ ვარ. სოფელი ჩემთვის მარტო ეკონომიკა არ არის, სილამაზე და ბუნებრიობაა. ჩემეულ სოფლის სურათში არ ეწერება ბოსელში დამწყვდეული, თითქმის მიწაზე ჯიქნებმოხახუნე ძროხა. საქონელი საბალახოზე ვიცი მე, ბუნებასთან შერწყმული. საქართველოში არსებული ჯიშები ცხიმიანი და გემრიელი რძით გამოირჩევიან, წველადობით კი ჩამორჩებიან მის უცხოელ კოლეგებს, მაგრამ ხელს თუ შევაშველებთ, კარგად ვკვებავთ და შევაჯვარებთ, რატომ არ შეიძლება განახლებულ-გათანამედროვებული, „ევროპული ღირებულებების“ კარგი ჯიში მივიღოთ?! (სიცილის სმაილი).
კი ეღიმებათ სახლში – „არ გაიშვას შენი ექსპერიმენტებიო“, მაგრამ მაინც მგონია ფრანგული მთის ძროხა კარგად მიესადაგება ჩვენსას. ძალიან მინდა მისი სპერმის გამოყენება, მაგრამ სინამდვილეში ძროხებს ხელოვნურად ჯერსიზე ვანაყოფიერებ, რადგან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ჯიშის საქონლის სპერმა ყოფილა ბაზარზე (ვეტექიმმა მითხრა ხონში). მე მაინც მგონია მარტო უცხოური ჯიშების იმედად ნაღდი იმერული ყველის გემო შენარჩუნება არ მოხერხდება და ხაჭაპურსაც დავკარგავთ ნელ-ნელა.
ნეზვი მყავს, დავწერე უკვე. ჰოდა, ახლახანს გოჭები მყავდა გასაყიდი. დეიდაჩემმა _ თბილისში, დიღმის ბაზარში გავყიდოთ, კაი ფასი აქვსო. მისულა მოვაჭრე ქალბატონთან: _ გასაყიდი ფასი 17 ლარია, ჩასაბარებელი _ 8 ლარიო.
რა თქმა უნდა, დეიდაჩემს იქ ლექციების კითხვა დაუწყია: _ ადამიანი სოფელში წელებზე ფეხს იდგამს, უვლის, ზრდის პირუტყვს, საკვებს ყიდულობს… თქვენ რატომ უნდა დაგრჩეთ იმაზე მეტიო?!
_ მე აქ ტყუილად ვდგავარ? არაფერი უნდა დამრჩეს?! წადით, ქალბატონო! სადაც გინდათ, იქ გაყიდეთ, თქვენი გოჭები!…
ასე ჩავარდა გოჭების სარფიანად გაყიდვის დეიდაჩემისეული გეგმა. ამის მერე კიდევ იტყვიან _ ნეტა რატომ ეზარებათ სოფელში მუშაობაო.
რამდენიმე დღის წინათ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრიდან ბატონი ბადრი ბახტაძე მესტუმრა (არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო რამდენად კარგი და მონდომებული ადამიანია ეს კაცი!). ვისაუბრეთ, ვაჩვენე ჩემი ხელით აშენებული საღორე, რომელიც მთლად არ დამისრულებია, მაგრამ მაინც არა უშავს, ვიმუშავე. ბადრიმ მითხრა, არსებობს აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა და იმათ მიმართე დასაფინანსებლადო. ჩამიჯდა ჭკუაში, იქნება მართლა აფინანსებენ რაიმეს საოჯახო მეურნეობის ტიპის მქონე ადამიანებისთვისთქო. დავუკავშირდი ონლაინ და ასეთი „სასიამოვნო“ copy-paste პასუხი მივიღე: „ძირითადი საშუალებების კომპონენტის ფარგლებში სესხის მოცულობა გახლავთ 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით, ფიზიკური პირის შემთხვევაში 20 000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით. მაქსიმალური პროცენტი რაც შეიძლება ბანკმა დაგიწესოთ არის 16 % საიდანაც 11%-ს გადაიხდის პროექტების მართვის სააგენტო 66 თვის განმავლობაში, პირველ ეტაპზე, კარგად გაწერილი ბიზნეს იდეით უნდა მიმართოთ ბანკს, ყველა წამყვანი ბანკი იღებს პროექტში მონაწილეობას, ბანკების ჩამონათვალსაც მოგაწვდით, ესენია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ხალიკ ბანკი, ბაზის ბანკი, კორსტანდარტ ბანკი, ბანკი ქართუ და კაპტალ ბანკი.“ თუ უფრო ნაკლები მჭირდება მაშინთქო, მაშინ სხვა პროგრამებზე მიმითითეს, რა თქმა უნდა 60/40 თანადაფინანსების დანიური პროგრამა, რომელიც ადრეც ვახსენე და რომლის მოთხოვნებშიც კი არ ვჯდები. ყველა მხრიდან მესმის, სახელმწიფო „გადამკვდარია“ სოფლის მეურნეობაზეო, ყველა ოჯახს შევეხებითო, და ა.შ. ინტერპოლით ვეძებ კარგა ხანია რომელი პროგრამა გაითვალისწინეს ჩემთვის, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე, მიმალავენ ალბათ.
ახლა ფერმის ამბებსაც მოგიყვებით. ძალიან მინდა ჩემი მოყვანილი ბალახით მოვამარაგო ფერმა. ჯერი იონჯაზე შევაჩერე. წავიკითხე, გავიკითხე, მოვიკითხე და ეზოში შვრიის და იონჯის მოყვანა გადავწყვიტე. ერთად დათესეთ და კარგ მოსავალს მიიღებთო, ბატონმა ადოლ ტყეშელაშვილმა გვირჩია და დავუჯერეთ. რატომღაც ამ სოფელში იონჯას არ სწყალობენ, ჯერ ვერ მივხვდი რატომ. როგორც ახალს ისე ებრძვიან, სერიიდან „ჩემს მამა-პაპას ეს არ მოუყვანია და იყვნენ ჯანმრთელად“ თუ გამოსცადა ვინმემ და არ გამოუვიდა? ამიტომ გადავწყვიტე თავადაც ვცადო, გამართლების შემთხვევაში, იქნებ ჩემი მაგალითით ძროხების ყუათიანად გამოკვების კარგი მაგალითი ვუჩვენო თანასოფლელებს.
კიდევ ერთ „აღმოჩენაზე“ მინდა მოგიყვეთ. იანვარში ჩემმა ძროხამ ხბო მოიგო. ეს პირველი ხბო იყო ჩემს ფერმაში. მეზობლებმა მირჩიეს პირველი ხბო არ უნდა დაიტოვო, გაყიდე ან გაცვალე! ბაგაზე ძროხა თავის პირველ ხბოსთან ერთად არ უნდა დააბაო. გადავირიე! რა გამაყიდინებდა მარგოს (ასე დავარქვით), რომლის გაჩენასაც ასე მოუთმენლად ველოდი?! გადავურეკე სოფელში მცხოვრებ ნაცნობებს და თითქმის ყველამ იგივე მითხრა. ამით „მამა-პაპის ტრადიციები“ მოვილიე და აკადემიურ წრეებზე გადავედი. აღმოჩნდა, თურმე პირველ ხბოს, როგორც საუკეთესოს და პირველ ნამატს, ოდითგანვე ღმერთს სწირავდნენ საქართველოში, შემდეგ ეს ადათი გადავარდა, დარჩა მხოლოდ მეორე, პირველი ხბოს ოჯახიდან გაშვება. ასე დავამსხვრიე საუკუნეების წინათ „შემოგდებული“ მითი და შევუერთდი ევროპას კონტუათში (ღიმილის სმაილი).
P.S. სამი დედალი მომიკრუხდა, ერთმა უკვე გამოტეხვა დაიწყო…
ირაკლი სოხაძე