პათოგენური ნემატოდები და მათთან ბრძოლის ღონისძიებანი
მსოფლიო სოფლის მეურნეობის წინაშე დიდი ამოცანა დგას, ჩვენი მიზანია, მკვეთრად გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და გავაუმჯობესოთ პროდუქციის ხარისხი. ამისთვის მრავალ სხვა ღონისძიებასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მცენარეთა დაცვას მავნებელ დაავადებათაგან.
სტატიაში მოგითხრობთ დღეისათვის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის ძალზედ დიდი ზიანის მომტან მავნებლებზე, რომლებიც გახლავთ, პათოგენური ნემატოდები ანუ ფიტოჰელმინთები.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მსოფლიო სოფლის მეურნეობაში დიდი ყურადღება მიიპყრო, მცენარეთა პათოგენურმა ნემატოდებმა, პიტოჰელმინთებმა. მათ მიერ მიყენებული ზიანი პარამანოვის დასაბუთებით, იმ დროისათვის შეადგენდა მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო მოსავლის ერთ მეათედს და სწორედ ამიტომ, დაიწყო ნემატოდების შესწავლა მეცნიერულ დონეზე და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება.
საქართველოს კლიმატური პირობები, აღნიშნული ნემატოდებისათვის მეტად ხელსაყრელია, ამიტომაც ისინი ჩვენს ქვეყანაში მრავლად გვხვდება.
მეცნიერთა ვარაუდით ნემატოდების მილიონამდე სახეობა არსებობს, ამ სახეობებიდან კი მხოლოდ 35% ბინადრობს ნიადაგსა და მცენარეში, მიუხედავად ამისა, მათ მიერ მიყენებული ზიანი მცენარეთათვის ძალზედ მასშტაბურია. ნემატოდებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ, ესენია:
ფიტოპათოგენური ნემატოდები – ნემატოდები რომლებიც აზიანებენ მხოლოდ მცენარეებს, იჭრებიან მცენარეში, იკვებებიან მცენარისათვის განკუთვნილი საკვები ნივთიერებებით და ყოველივე ამასთან ერთად მცენარეში მათი მეშვეობით აღწევს ისეთი პათოგენური ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ შემდგომ მცენარის სხვადასხვა დაავადებებს.
ენტომოპათოგენური ნემატოდები – ნემატოდები რომლებიც არ აზიანებენ მცენარეებს, არამედ ისინი არიან მწერების პათოგენები.
თავისუფლად მცხოვრები ნემატოდები – აღნიშნული ნემატოდები, თავისუფლად ცხოვრობენ გარემოში, ისინი იკვებებიან მცენარეული და ცხოველური ნარჩენებით, ზიანის მომტანნი სასოფლო სამეურნეო კულტურებისათვის არ არიან.
კვების ტიპის მიხედვით გვხვდება 4 სახის ნემატოდა, ესენია:
ექტოპარაზიტები – ნემატოდები რომლებიც ვითარდებიან მცენარის ქსოვილის ზედაპირზე და სტილეტის მეშვეობით მცენარიდან იწოვენ საკვებ ნივთიერებებს. აღნიშნულ ადგილებზე მცენარის ქსოვილზე აღინიშნება ღია ყავისფერი შეფერილობის ლაქები.
ენდოპარაზიტები –აღნიშნული კვების ტიპის ნემატოდებს, შეუძლიათ შეაღწიონ მცენარის სხეულში, იქ გადაადგილდნენ და პარალელურად იკვებონ, ასეთია მაგალითად Ditylenchus dipsaci (ღეროს ნემატოდა) და სხვა.
ნაკლებად მოძრავი ენდოპარაზიტები – ჯერ კიდევ მოუმწიფებელი მდედრი ნემატოდა, იჭრება მცენარის სხეულში და იქ უმოძრაოდ ვითარდება.
ნახევრად ენდოპარაზიტები – მდედრი ნემატოდა ნახევრად იჭრება მცენარეში და იქ მჭიდროდ ემაგრება, ხოლო სხეულის მეორე ნახევარს გარეთ ტოვებს.
ფიტოპათოგენური ნემატოდების მიერ გამოწვეული სიმპტომები, ძალზედ ჰგავს სხვა მცენარეთა დაავადებისაგან გამოწვეულ სიმპტომებს, მაგალითად: ქსოვილების ნეკროზი, ხშირად აღინიშნება ფესვებისა და ახალგაზრდა ყლორტების ზრდის შეფერხება, მცენარის ზრდაში ჩამორჩენა( ჯუჯაობა), მოსავლიანობის მკვეთრი კლება და მისი ხარისხის გაუარესება. ასევე ერთ-ერთი დამახასიათბელი სიმპტომია მცენარის ფესვების გასქელება და მასზე გალების წარმოქმნა, რომელიც გამოწვეულია მცენარის გალებიანი ნემატოდას მიერ.
ნემატოდების მიერ მიყენებული ზიანის დროს, მცენარეში ფერხდება რიგი ფიზიოლოგიური პროცესები რამაც შეიძლება მცენარის სრული დაღუპვა გამოიწვიოს, ამიტომაც აღნიშნული საკითხის მოგვარება, აღნიშნული სიმპტომების კვლევა და დადგენა, არის თუ არა ეს პათოგენური ნემატოდებისაგან გამოწვეული, განხორციელებულ უნდა იქნეს აღნიშნულ საკითხში კომპეტენტურ და კვალიფიცირებულ მცენარეთა დაცვის სპეციალისტთან, რათა თავიდან ავირიდოთ ჩვენს სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე ფიტოჰელმინთების ფართოდ გავრცელება და შემდგომ მათ მიერ მიყენებული ზიანი.
ბრძოლის ღონისძიებანი: ჩვენს სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, პათოგენური ნემატოდების აღმოჩენის შემდგომ უნდა განვახორციელოთ მათ წინააღმდეგ რიგი ღონისძიებები: დღის რეჟიმიდან ამოვიღოთ სასოფლო სამეურნეო სავარგულის მიგდებით მორწყვა. მცენარე უზრუნველვყოთ სრულად საკვები ნივთიერებებით. ხშირად მოვახდინოთ აღნიშნული ნიადაგის დახვნა გაფხვიერება (განსაკუთრებით დადებით შედეგს იძლევა ზამთრის პერიოდში ნიადაგის დახვნა). გამოვიყენოთ კანონით ნებადართული ქიმიური საშუალებები, ნემატოციდები. ნემატოლოგიური ანალიზი სახეობრივ დონეზე, ნიადაგსა და მცენარეში, შეგიძლიათ განახორციელოთ ლაბორატორია „ანასეული“-ში და დამატებითი რეკომენდაციებიც მიიღოთ აღნიშნული თემის კვალიფიციური სპეციალისტებისაგან.
გიორგი სალუქვაძე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი. შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია ‘ანასეულის“ თანამშრომელი