ფერმერები და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლები წყლის მიწოდების საპროგნოზო რეჟიმებს გაეცნენ
შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ფერმერებთან და სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე განთავსებული ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა წყლის მიწოდების რეჟიმებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეფიქსირებინათ წინადადებები რეგულირების ფარგლებში გამოქვეყნებული საპროგნოზო რეჟიმების შესახებ. კომპანიის „საქართველოს მელიორაციის“ მხრიდან მაქსიმალურად იქნება გაზიარებული წყალმომხმარებლების მოსაზრებები.
2026 წელის თებერვლიდან 2027 წლის იანვრის ჩათვლით, „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით განახორციელებს.
წინასწარ განსაზღვრული რეჟიმები და წყალმომარაგების გრაფიკი წყლის სამართლიან განაწილებასა და სწორი მოლოდინების შექმნას უზრუნველყოფს. წყლის მიწოდების საპროგნოზო რეჟიმები გაწერილია როგორც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის, ასევე ჰესებისთვის.
კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 26 დეკემბერის დადგენილებით დამტკიცებული ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფები, რომლებიც მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.

