ფერმერის საგაზაფხულო თავისტკივილი
გაზაფხულზე ქართველი ფერმერი მიწას უბრუნდება, გეგმავს, თესავს და იმედით შეყურებს ახალ სეზონს. თუმცა, ბოლო წლებში ეს სურათი საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ფერმერისთვის გაზაფხული უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს.
კლიმატი, რომელიც ადრე, თითქოსდა, პროგნოზირებადი იყო, ახლა არასტაბილურია. სეზონები აღარ ემთხვევა კალენდარს, გვალვა შეიძლება მოულოდნელად შეცვალოს ჭარბმა ნალექმა, ხოლო ერთი შეხედვით „ნაცადი“ მეთოდები სულ უფრო ხშირად აღარ ამართლებს. ფერმერები ამბობენ, რომ ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში აგროვეს, უკვე აღარ არის საკმარისი. მიწა თითქოს სხვა წესებით თამაშობს.
ამ გაურკვევლობას ემატება გარე ფაქტორებიც. უკრაინა-რუსეთის ომი უკვე წლებია გავლენას ახდენს საწვავის, ტრანსპორტისა და აგრარული რესურსების ფასებზე. პარალელურად, ირანში მიმდინარე დაძაბულობა რეგიონში დამატებით რისკებს ქმნის. ეს პროცესები პირდაპირ აღწევს საქართველოს ბაზრამდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული.
ამ ფონზე, ფერმერი, რომელიც გაზაფხულის დადგომას ადრე ოპტიმიზმით ხვდებოდა, ახლა უფრო ფრთხილია. დათესვა აღარ არის მხოლოდ გარჯა და შრომა, ეს არის რისკიანი გადაწყვეტილება. თითოეული ნაბიჯი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება: საწვავი, სასუქი, ტექნიკა, სათესლე მასალა — ყველაფერი ძვირდება მაშინ, როცა მოსავლის ფასი წინასწარ არავინ იცის.
ყველაზე რთული კი ის არის, რომ ამ პირობებში ფერმერს ხშირად არ აქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე — რა უნდა დათესოს. კულტურა, რომელიც წლების განმავლობაში კარგად მოდიოდა, შეიძლება ახალ კლიმატურ პირობებში ვეღარ გაამართლოს. ზოგიერთ რეგიონში ერთწლიანი კულტურების წარმოება მცირდება, ზოგან კი იმდენად არასტაბილურია, რომ ფერმერები საერთოდ უარს ამბობენ გარკვეული კულტურების წარმოებაზე.
ამ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთი ფაქტორი — სათესლე მასალა. დღეს ის უკვე ბევრად მეტია, ვიდრე თესლი. ეს არის არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს, გაუძლებს თუ არა მოსავალი გვალვას, დაავადებას ან ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას. ხარისხიანი, სწორად შერჩეული თესლი ხშირად ხდება ის ზღვარი, რომელიც წარმატებულ და წარუმატებელ სეზონს ერთმანეთისგან განასხვავებს.
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ამ პროცესს სულ უფრო აქტიურად ემატება ტექნოლოგიებიც — სარწყავი სისტემები, ამინდის მონიტორინგი, ზუსტი აგრონომიული მართვა, დაავადებების პრევენცია. თუმცა, საქართველოს რეალობაში, სადაც სოფლის მეურნეობის დიდი ნაწილი მცირე და საოჯახო ფერმებზეა დაფუძნებული, ამ ტექნოლოგიებზე წვდომა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ბევრ შემთხვევაში, ფერმერის მთავარი „ინსტრუმენტი“ ისევ სწორად შერჩეული სათესლე მასალაა — ის, რაც არსებული რესურსების პირობებშიც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
თუმცა, სწორედ აქ ჩნდება კიდევ ერთი სერიოზული რისკი. ბაზარზე კვლავ გვხვდება არასერტიფიცირებული, არარეგისტრირებული სათესლე მასალა, ასევე კუსტარულად შეფუთული სასუქები და პესტიციდები, რომლებიც ხშირად იყიდება გაურკვეველ ჯიხურებში ან „ნაცნობობით“, მეზობლისგან, შუამავლებისგან, დაუდგენელი წარმომავლობით. ერთი შეხედვით, ასეთი პროდუქტი შეიძლება იაფი ჩანდეს, მაგრამ რეალურად ის ზრდის რისკს — როგორც მოსავლის დაკარგვის, ისე ნიადაგისა და გარემოს დაზიანების კუთხით და რაც მთავარია, შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში.
ჩემი სათქმელიც სწორედ ესაა: იმ დროს, როცა ამდენი გამოწვევა გვაქვს, ქვეყანაში არის ირიგაციის და სხვა, ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემები, ფერმერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სათესლე მასალის ხარისხს და წარმოშობას. აუცილებლად უნდა მოითხოვონ სერტიფიცირებული პროდუქცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია კონსულტაცია სპეციალისტთან.
სათესლე მასალის გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხიანი და სერტიფიცირებული სასუქები, პესტიციდები და ბიოსაშუალებები. მათი ჭკვიანურად გამოყენება არა მხოლოდ ზრდის მოსავლიანობას, არამედ პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე.
დღეს, ქვეყანაში გაზრდილი ონკოდაავადებების ფონზე, ფერმერი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა ქმედებას პესტიციდების გამოყენების დროს: დოზების დაცვას, გამოყენების წესებს და ნარჩენების გაუვნებელყოფას.
თუ წელს ჩვენ ვერ მოვახერხებთ ერთწლიანი კულტურების სწორად და გონივრულად ორგანიზებას, შედეგი შეიძლება ძალიან სწრაფად ვიგრძნოთ — ბაზარზე, ფასებზე და ჩვენს ბიუჯეტზე.
და ბოლოს, ფერმერის შრომა დღეს მხოლოდ შრომა არ არის, ეს ბრძოლაა, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ყოველი მათი გადაწყვეტილება, დაწყებული სათესლე მასალით და დამთავრებული ზუსტი მართვით, პირდაპირ აისახება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე.
ფერმერები გმირები არიან! გმირები, რომელთა კეთილსინდისიერ შრომაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა.
რუსუდან გიგაშვილი,
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია AGAJ;
მომავლის ფერმერი FOF

