დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის არაგადამდები დაავადებები _ მანანით მოწამვლა

 დიაგნოზი , პროფილაქტიკა

არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გვალვიან ამინდში თაფლოვანი მცენარეები ამცირებენ, ან წყვეტენ ნექტრის გამოყოფას სანექტრეების საშუალებით და ტკბილ წვენს გამოყოფენ ფოთლებზე, რასაც მცენარეული მანანა ეწოდება. ფუტკარს იგი შემოაქვს სკაში როგორც ნექტარი.

არსებობს მანანის მეორე სახეც – ცხოველური მანანა. იგი არის ფოთლის ზედაპირზე მცხოვრები პარაზიტების, ფარიანების, მღიების და სხვათა მიერ მცენარეული მანანით კვების შედეგად გამოყოფილი ტკბილი ექსკრემენტებისაგან შეგროვილი წვენი, რომელსაც ითვისებს ფუტკარი და სათანადო გადამუშავების შემდეგ ამზადებს მას. მცენარეულთან შედარებით ცხოველური მანანა თავისი რთული ქიმიური შემადგენლობის გამო ფუტკრისთვის საშიში პროდუქტია.

მანანას გამოყოფს: იასამანი, მუხა, არყისხე, კაკალი, ნაძვი, ალუბალი, ატამი, ცაცხვი, ალვისხე, წაბლი, ნუში, თელა, ვერხვი და სხვა მცენარეები.

მანანა დიდი რაოდენობით გამოიყოფა ტყის ზონაში.

მანანა თაფლს რუხი ფერი აქვს, შეიძლება იყოს მომწვანო, ყავისფერი და ბაციც, ზედაპირზე საცხისებური ბზინვარებით, მომჟაო და ძალიან წელვადი, ნაკლებად არომატული და ტკბილი, ზოგჯერ არასასიამოვნო, მეტალისებური გემოსი, ნერწყვში კარგად არ იხსნება, ბლანტია და ფიჭაზე მიმობნეულია ძირითადად გაუდაუბეჭდავი სახით. თუ უჯრედში მანანა ნექტართან არის შერეული, მაშინ ასეთ თაფლიან უჯრედებს ფუტკარი გადაბეჭდავს.

ანანა თაფლში შემცირებულია ინვერსიული შაქარი 30%-მდე, ლერწმის შაქარი 20-30%, აზოტოვანი ნივთიერებანი საგრძნობლად მომატებულია 1-3%-მდე, მინერალური მარილების რაოდენობა კი თაფლთან შედარებით 8-10-ჯერ გაზრდილია. მანანაში დიდია კალიუმის, რკინის მარგანეცის რაოდენობა. მასში ჭარბობს მელიციტოზა, მალტოზა, გალაქტოზა, ფრუქტოზა და სხვა შაქრები, ასევე დიდია მასში აცეტოქოლინის რაოდენობა, ერთ კილოგრამ თაფლზე მისი რაოდენობა უდრის 0,06-5,0 მგ. ხშირად მანანაზე, განსაკუთრებით ცხოველურზე, ვითარდებიან სხვადასხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც აძლიერებენ ფუტკარზე მის ტოქსიკურობას. ცხოველურ მანანაში აზოტოვანი ნივთიერებების და დექსტინების არსერბობის გამო ფუტკრის ორგანიზმი ვერ ინელებს მას და ფუტკრის მოწამვლას იწვევს. მანანაში დიდი რაოდენობით მელიციტოზას არსებობა იწვევს სამარაგო თაფლის ჩაკრისტალებას, რასაც ფუტკრის შიმშილი მოჰყვება.

მანანათი მოწამვლა ფუტკრის არაგადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება და მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობით. ძირითად მოფროლოგიურ ცვლილებებს ადგილი აქვს ფუტკრის შუა ნაწლავში, სადაც მიმდინარეობს მონელების ძირითადი პროცესები. ნაწლავის ეპითელზე გროვდება სხვადასხვა მიკროორგანიზმები და ხელი ეწყობა ფუტკრის ინვაზიური დაავადების – ნოზემატოზის განვითარებას.

მანანათი მოწამლული ფუტკრის შუა ნაწლავი მოშავო ან მოლურჯოა, გამოღებისას მალე წყდება, ფუტკარს ემართება ფაღარათი, რის გამოც სკის შიდა კედლები და ფიჭები დასვრილია ფეკალური მასით, ოჯახი გამოსცემს ცუდ სუნს, მისაფრენ ფიცარზე და სკის ძირზე აღინიშნებიან მცოცავი ფურტკრები, დაავადებული ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირებულია.

ცოცხალ ფუტკრებს მუცელი გაბერილი აქვთ. მანანათი მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს 3-5 დღის ასაკის ბარტყის სიკვდილი, ზაფხულში იგი იოლი ფორმით, ან შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ზამთარში სამარაგო თაფლში მისი არსებობით ხშირად ოჯახი მთლიანად ისპობა!

დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებით, ქიმიური ანალიზით და სხვა დაავადებათა გამოთიშვით. არსებობს მანანის განსაზღვრის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდი. თვისობრივი განსაზღვრისათვის იყენებენ სპირტიანი და კირიანი წყლის მარტივ რეაქციას, რომლის ჩატარება შეიძლება საფუტკრის პირობებშიც. სპირტიანი რეაქციისათვის იღებენ ერთ წილ თაფლს, ერთ წილ წყალს და 8-10 წილ 960- სპირტს, ერთმანეთს შეურევენ, შეანჯღრევენ, მანანის არსებობისას მიიღება მუქი ფერის ხსნარი და ნალექი. კირიანი წყლის მოსამზადებლად ერთ წილ ჩაუმქრალ კირს დაასხამენ ერთ წილ წყალს, გააჩერებენ მას 12 საათით, ამ ხნის განმავლობაში ნარევს 2-3-ჯერ შეანჯღრევენ, სითხის ზედა გამჭვირვალე ფენას გადმოასხამენ და გამოიყენებენ რეაქციისათვის.

მანანის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის თაფლის ნიმუშებს აგზავნიან შესაბამის ლაბორატორიაში. თუ თაფლში აღინიშნება მანანა 5-10%-ის რაოდენობით, იგი უარყოფითად არ იმოქმედებს დაზამთრებაში შესულ ფუტკარე, თუ სამარაგო თაფლში მისი რაოდენობა 50%-ს შეადგენს, შეიძლება მან ფუტკრის ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს.

ამიტომ საჭიროა იგი შევცალოთ კარგი ხარისხის თაფლით, ვეცადოთ ბუდის ცენტრში სამარაგოდ დავუტოვოთ ფუტკარს კარგი ხარისხის თაფლი, ან ჩავუდგათ სათადარიგოდ შენახული თაფლიანი ჩარჩოები, ან ვკვებოთ სქელი შაქრის სიროფით. უკიდურეს შემთხვევაში მანანა თაფლიანი ჩარჩოები დავუტოვოთ ფუტკარს ბუდის განაპირას, რადგან მისი ათვისება ფუტკარს მოუწევს გაზაფხულზე, როცა მათ უკვე ექნებათ კუჭის გასუფთავების საშუალება. რეკომენდებულია შაქრის სიროფით კვებისას 10 კგ. შაქარს დაემატოს 3 გ. კონცენტრირებული ძმარმჟავა, რაც ხელს შეუშლის თაფლის კრისტალიზაციას.

პროფილაქტიკის მიზნით საფუტკრის ახლო ტერიტორიაზე თესავენ ისეთ თაფლოვანებს, რომელთა ყვავილობის პერიოდი ამ ზონისათვის დამახასიათებელ უღალო პერიოდს დაემთხვევა. მანანა თაფლი ადამიანისათვის უვნებელია და მისი საკვებად გამოყენება არ იზღუდება. მანანაში შემავალი მინერალური მარილები და დექსტრინები კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ზოგიერთ მანანა თაფლს არასასიამოვნო გემო აქვს, მისი დაკარგვისათვის თაფლს წამოადუღებენ 10-15 წუთის განმალობაში, ან გამოიყენებენ საკონდიტრო წარმოებაში.

წყარო: „მეფუტკრეობის საფუძვლები!