აგრარული განათლებამეფუტკრეობა

 ფუტკრის ბიოლოგია  ფუტკრის ოჯახი და მისი ცალკეული ინდივიდები 

ამ წერილიში მოცემულია ფუტკრის ოჯახის ცალკეული ინდივიდის დახასიათება, მათი ფუნქციები და როლი ოჯახის არსებობის შენარჩუნებაში, მისი მდგომარეობის შეფასების ხერხები გარეგნული (ზერელე) დათვალიერებით და ბუდის შემოწმებით: სიძლიერის, ჯიშის, მოვლა – შენახვის მდგომარეობის, საკვების მარაგის, სიჯანსღისა და სხვა პარამეტრების დასაგენად.

 მეთაფლე ფუტკარი იმ მწერებს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებაში საზოგადოებრივი ურთიერთობა არსებობს: მის ცალკეულ ინდივიდს (დედა ფუტკარი, მუშა და მამალი ფუტკრები) ერთიმეორისგან დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ, მათი ფუნქციები სკაში მკვეთრად დიფერენცირებულია. ევოლუციის პროცესში ამ ერთობლიობას გაუჩნდა ინსტინქტი, შეექმნა საკუთარი საარსებო საკვების მარაგი, რომლის წყალობით ფუტკრის ოჯახს შეუძლია არსებობის შენარჩუნება წლის იმ პერიოდშიც, როცა ბუნებრივი საკვები საშუალებანი აღარ მოიპოვება სკის გარეთ, განსხვავებით სხვა მწერთაგან, რომელთა ოჯახიდან მხოლოდ ერთი არსება გადარჩება ზამთრობისათვის.
ფუტკრის ოჯახიდან დედა ფუტკარი ერთადერთი, მთლიანად ჩამოყალიბებული მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, მუშა ფუტკრებს სასქესო ორგანოები განუვითარებელი აქვთ. მამალი ფუტკრები სკაში ჩნდებიან წლის აქტიური სეზონის დასაწყისში და არსებობენ მხოლოდ იმ პერიოდში, როცა ერთი ოჯახიდან მეორე (შვილეული) ოჯახი შეიძლება წარმოიქმნას, რისთვისაც ბუნებაში ფუტკრის საარსებო საკვები (ნექტარი და ყვავილის მტვერი) უნდა მოიპოვებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშა ფუტკრები მათ გარეთ ერეკებიან და მამალი ფუტკრები შიმშილისა და სიცივის გამო იღუპებიან.


დედა ფუტკარი სკაში ის არსებაა, რომლის მიერ დადებული განაყოფიერებული კვერცხებიდან მეორე დედა ფუტკარი, ან მუშა ფუტკრები გამოიჩეკებიან. თუ დედა ფუტკარი გაუნაყოფიერებელ კვერცხს დებს, აქედან მხოლოდ მამალი ფუტკრები ჩნდებიან. განაყოფიერებულ კვერცხში დიპლოიდური რაოდენობა არის ქრომოსომებისა, რომელთაგან ნახევარი დედა ფუტკრის მიერ გადაეცემა შთამომავლობას, მეორე ნახევარი _ მამლებისაგან, გაუნაყოფიერებელ კვერცხში წარმოდგენილია ქრომოსომების ჰაპლოიდური (ნახევარი) რიცხვი და ის მხოლოდ დედისგან გადაეცემა, ე.ი. მამალი ფუტკრები მხოლოდ დედის ნიშანთვისებების მქონენი არიან.
ჩვეულებრივად ერთ ოჯახში მხოლოდ ერთი განაყოფიერებული დედა გვხვდება, თუმცა ზოგჯერ ოჯახში დროებით შეიძლება არსებობდეს მეორეც, მხოლოდ წლის აქტიურ სეზონზე, შემდეგ ოჯახში მხოლოდ ერთი დედა ფუტკარი რჩება.
გახსოვდეთ! დედა ფუტკრის ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის სიძლიერე და პროდუქტიულობა, რასაც ძირითადად მის მიერ დადებული კვერცხების რაოდენობა და მემკვიდრეობით გადაცემული სანაშენე ღირსებები განსაზღვრავს.
ოჯახში დედა ყველაზე მსხვილტანადი ინდივიდია. ქართული ფუტკრის განაყოფიერებული დედის მასა შეადგენს 200-250 მგ, გაუნაყოფიერებლისა – 160-200 მგ. დედა ყველაზე აქტიურია (კვერცხდების ინტენსივობით) სიცოცხლის პირველ ორ წელიწადს, შემდეგში იგი კლებულობს, რის გამოც მისი დატოვება მომდევნო წლისათვის, როგორც წესი, მიზანშეწონილი აღარ არის. დედა ფუტკრის მაქსიმალური სადღეღამისო კვერცხმდებლობა ქართული ფუტკრის სხვადასხვა პოპულაციებში 1500-2000 შეადგენს. ეს პერიოდი ჩვეულებრივად მაის-ივნისზე მოდის.
მამალი ფუტკარი. მისი ფუნქცია დედა ფუტკრის განაყოფიერება და ბარტყისათვის სკაში სათანადო მიკროკლიმატის (სითბო) შექმნაა. ღალიანობის სეზონის დამთავრებისთანავე მამალი ფუტკრები სკაში აღარ გვხვდება. მამლის სიცოცხლის ხანგრძლივობა დედა ფუტკართან შეწყვილების გარეშე 5-6 თვეს არ აღემატება, შეწყვილების შემდეგ მამალი ფუტკრები იღუპებიან. მათი სხეულის მასა 250-260 მგ-ს შეადგენს, ფრთები, თვალები და სასქესო ორგანოები ძლიერად აქვთ განვითარებული, რაოდენობით ოჯახში რამდენიმე ასეულს აღწევენ.
მუშა ფუტკარი სკაში მთელ სამუშაოებს მუშა ფუტკარი ასრულებს (ბუდის დაცვა, მიკროკლიმატის შექმნა, ახალგაზრდა თაობის გამოზრდა, საკვების მოპოვება, გადამუშავება-დაბინავება, ფიჭის შენება და სხვ.). მუშა ფუტკრის გაზაფხულ-ზაფხულის თაობა 18,3-37,9 დღეს ცოცხლობს (Sakagami,1953; Winston a. Fergusson, 1985), შემოდგომა-ზამთრის პერიოდში – რამდენიმე თვეს. როგორც წესი, ზამთრობაში უნდა შევიდეს ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა მუშა ფუტკარი, რომელსაც არ გამოუზრდია ახალგაზრდა თაობა, სანექტრე ღალა სკაში არ მოუტანია. ქართული ჯიშის მუშა ფუტკრის საშუალო მასა 90 მგ-ს შეადგენს, თუმცა სეზონურობისა და პოპულაციების მიხედვით ეს მაჩვენებელი 78-95 მგ-ის ფარგლებში მერყეობს. მიიჩნევენ, რომ 1 კგ ფუტკრის მასა 11 ათას ინდივიდს ითვლის.
მუშა ფუტკრის მასა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნექტრის მოტანის ინტენსიურობა და საკვების დანახარჯი ზამთრობაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის სიძლიერესა და ემბრიონული განვითარების პერიოდში კვების პირობებზე: რაც უკეთესია ეს პირობები, მით უფრო სიცოცხლისუნარიანი და აქტიური მოღალე მუშა ფუტკარი მიიღება.
მუშა ფუტკრის შემოდგომის თაობა, უხვი კვების წყალობით, ორგანიზმში უფრო მეტ მშრალ ნივთიერებას შეიცავს (24,7%), რომელიც გაზაფხულზე მცირდება 20,2%-მდე, წყლის რაოდენობა პირიქით, ზამთრობის წინ 67,3%-ია, ხოლო გაზაფხულზე ეს მაჩვენებელი 69,1%-მდე იზრდება (ლებედევი, 1992). ანალოგიური სურათი აღინიშნება ცხიმისა და პროტეინის შემცველობის მხრივ: 1,65 და 3,26% შესაბამისად შემოდგომაზე, რომელიც ზამთრობის შემდეგ კლებულობს 1,38 და 2, 49%-მდე. ძლიერ მერყეობს სკაში ფუტკრის რაოდენობა წლის ცალკეული პერიოდების მიხედვით. ყველაზე მეტი მასა აღინიშნება მაის-ივნისში, რომელიც შემდგომში მცირდება იმის გამო, რომ ნექტრის ინტენსიური ღალის მოტანისთანავე ქართული ფუტკარი ძირითადად ამ სამუშაოთია დაკავებული და ბარტყის გამოზრდას მკვეთრად ზღუდავს. ოჯახი, რომელიც მაის-ივნისში დადანბლატის სკის ორ კორპუსს ავსებს (ბუდის 24 ჩარჩო), სეზონის დამთავრებისას მცირდება 10-12 ჩარჩომდე, ხოლო ზამთრობის წინ – 5-8 ჩარჩომდე. ამ მოვლენას თავისი ახსნა აქვს:

რაც ნაკლებია ფუტკრის მასა არააქტიურ (არაშემოსავლიან) პერიოდში, მით ნაკლები საკვები სჭირდება. ეს ინსტიქტი ფუტკარს ჩამოუყალიბდა ევოლუციის პროცესში და მისთვის ეს ბიოლოგიურ ოპტიმუმად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ეტყობა, რიცხოვნობის სიმცირეს ქართული  ფუტკარი გაზრდილი ცხოველმყოფელობით და საკვების მოპოვების მაღალი ენერგიით ავსებს, რაც მას ის არაერთხელ დაუმტკიცებია საერთაშორისო ორგანიზაციის (აპიმონდია) მიერ მოწყობილ ჯიშთა შედარებითი გამოცდისას, სადაც მოპოვებული აქვს სამი დიდი ოქროს მედალი. 

ფუტკრის ოჯახის მდგომარეობის შეფასების ხერხები. ფუტკრის მდგომარეობას აფასებენ ორი ხერხით: ა) გარეგნული (ზერელე) დათვალიერებით და ბ) ბუდის შემოწმებით. გარეგნული დათვალიერებისას ყურადღებას აქცევენ ფუტკრის ფრენის აქტივობას, შეფერილობას, ქცევას და მოვლა-შენახვის მდგომარეობას სანიტარულჰიგიენური თვალსაზრისით. ამ მაჩვენებლების შერჩევა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: _ ფუტკრის ფრენის აქტივობა დამოკიდებულია ოჯახის სიძლიერეზე: რაც მეტია ეს უკანასკნელი (როგორც მუშა ფუტკრის რიცხოვნობის, ისე საკვებით ბუდის დაკომპლექტების მხრივ), მით უფრო აქტიურად ფრენს ფუტკარი _ დილით ადრე გამოდის სკიდან და უფრო გვიან ამთავრებს მუშაობას. ეს მაჩვენებელი ნაწილობრივ ჯიშური თავისებურებაცაა. ცნობილია, რომ ქართული ფუტკარი აღემატება სხვა ჯიშებს, უამინდობის დროსაც კი (სუსტი წვიმა) იგი განაგრძობს ნექტრის შეგროვებას.

_ შეფერილობით და ქცევით შეიძლება მეტ-ნაკლები სიზუსტით განისაზღვროს ფუტკრის ჯიში. შეფერილობით და ტანის სიმსხოთი ქართული ფუტკარი საგრძნობლად განსხვავდება სხვა ჯიშებისაგან, ხოლო მისი ქცევა, სკასთან მეფუტკრის მიახლოებისას, უკვე თავისთავად მეტყველებს მის განსაკუთრებულობაზე: აგრესიას არ ამჟღავნებს, თუ მეფუტკრის მოქმედება არ არის შეუსაბამო, ხოლო ნექტრის აქტიური მოპოვებისას ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მეფუტკრეს სკის გახსნისა და ოჯახის დათვალიერების შემთხვევაშიც კი. ფუტკრის სხვა ჯიშებს ეს არ ახასიათებთ;

_ ფუტკრის მოვლა-შენახვის მდგომარეობის განსაზღვრისათვის ყურადღებას აქცევენ სკის გარეგნულ სახეს, რითაც დგინდება, რამდენად შესაძლებელია მასში საჭირო მიკროკლიმატის დაცვა, ან აძლევს თუ არა მისი ფერი ფუტკარს იმის საშუალებას, გაუჭირვებლად მონახოს საცხოვრებელი ღალიანობიდან დაბრუნების შემდეგ, დაცულია თუ არა სკა ცხელ ამინდში გადახურებისაგან და სხვ. ბუდის დათვალიერების შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს რიგი მნიშვნელოვანი დასკვნებისა ფუტკრის ოჯახის შესაფასებლად, კერძოდ:

_ ფუტკრის ოჯახის სიძლიერის დადგენა ფუტკრის მიერ დაკავებული ჩარჩოების (ფიჭების) რაოდენობის მიხედვით; _ შეიმჩნევა თუ არა უდედობის ნიშნები ამ მოვლენისათვის დამახასიათებელი ხმაურის მიხედვით;

_ ჩარჩოთა ზედა თამასაზე თითით დაკაკუნება საშუალებას იძლევა, მიახლოებით დადგინდეს ფიჭებში საკვების მარაგის ოდენობა;

_ სკის კედლებსა და ფიჭებზე ობის გაჩენა, ან ტენის დაგროვება, ფიჭებზე ჩრჩილის პეპლების ან მატლების მოძრაობა, ქურდი ფუტკრების ბუდეში არსებობა მოწმობს ოჯახის საგანგაშო მდგომარეობას;

_ ბუდეში დედის არსებობა არაპირდაპირ _ ფიჭებში ახალგაზრდა (თავღია) ბარტყის ან კვერცხის არსებობით დგინდება;

_ დედის ასაკის მიახლოებით განსაზღვრა მისი ფერისა და შებუსულობის მიხედვით; ამავე ნიშნებით მუშა ფუტკრის ასაკისა და მდგომარეობის შეფასება მამალი ფუტკრების რაოდენობით;

_ იგივე მაჩვენებელი დგინდება ფიჭებზე ბარტყის მდგომარეობით: არის თუ არა იგი ერთიანი მასივის სახით, ხომ არ არის იგი გაფანტული (თუ დაავადებებით არ არის გამოწვეული);

_ მუშა ფუტკრის რაოდენობის შესაბამისობა წლის სეზონთან და ღალიანობის ინტენსივობასთან.

საკვების მარაგის განსაზღვრა. ამ მაჩვენებლის დასადგენად მხედველობაში იღებენ ცარიელი ჩარჩოს მასას, რომელიც ჩვეულებრივად 250- 300 გრ-ს შეადგენს, ჭეოს რაოდენობა 25 სმ2 – 16 გ-ს უდრის, ხოლო თაფლით დაკავებულ უჯრედებში მისი რაოდენობა 26%-ს აღწევს. ადრე გაზაფხულზე 14 საკვების ოპტიმალურ მარაგად 10-12 კგ-ს თვლიან, ჭეოსას – 1 – 1,5 კგ-ს, ხოლო საზამთრე მარაგის შესავსებად, რომელიც თხევადი, კონდიცირებული სიროფის სახით უნდა იყოს, მისი 1 კგ-ის მისაღებად 1 კგ შაქრის ფხვნილი უნდა დახარჯონ.

ოჯახის სიჯანსაღის დადგენა კლინიკური ნიშნებით. მისი გარეგნული დათვალიერებისას ი ნიშნებით. ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მაჩვენებლებს: _ სკის კედლების, მისაფრენი ფიცრისა და სახურავის სისუფთავეს, რომლებიც ფუტკრის ფაღარათის დროს ისვრება; _ ფუტკრის ფრენის მანერას, მისაფრენ ფიცარზე ან მიწაზე მოძრაობას, ფრთების წყობას, რომელიც ტკიპოვანი დაავადებების დროს ირღვევა.

 ბუდის დათვალიერების დროს ადგენენ: უდის დათვალიერების დროს ადგენენ: _ შიგა კედლებისა და ძირის სისუფთავეს; _ ფუტკრის ხმაურის ხასიათს, გარეგნულ შეხედულებას, სხეულზე ტკიპების ან ფუტკრის ტილის არსებობას; _ დედის კვერცხდების ხასიათს: ხომ არ არის ის გაფანტული და მის გამომწვევ მიზეზს განსაზღვრავენ; _ ბარტყიანი ფიჭების სუნს, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს ფიჭებში ჩამკვდარი და გახრწნილი ბარტყის არსებობით; _ საკვების განთავსებას ფიჭებში, დაკრისტალებული თაფლის არსებობას (ფუტკრის შიმშილით დაღუპვის მიზეზი), უჯრედებში თავდაყირა ჩასული და მკვდარი ფუტკრის არსებობას (იგივე მიზეზი); _ სკის ძირზე დაყრილი ფუტკრის არსებობას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საკვებისმიერი ტოქსიკოზით, ან გუნდში ხანდაზმული ფუტკრის არსებობით.

ამრიგად, ფუტკრის ოჯახის დათვალიერებით თქვენ შეძლებთ დაადგინოთ მისი სიძლიერე, დედის არსებობა და მისი ასაკი, მიკროკლიმატის დაცულობა, ოჯახის სიჯანსაღე, კონდიციის შესაბამისობა წლის სეზონთან და საკვების მარაგი

ფუტკრის მოვლა _ შენახვის მდგომარეობის ნორმალიზებისთვის მეფუტკრე უნდა მოერიდოს: _ სკების განთავსებას მაღალი ტენიანობის მქონე ადგილზე, მზის არასაკმარის ინსოლაციას შემოდგომა-ზამთარში, მათ გადახურებას ზაფხულში, როცა არ არის მცენარეული საფარი საფუტკრეში ხეების ან ბუჩქების სახით; _ ზამთრის საკვებში მანანა თაფლის არსებობას (ნოზემატოზისა და ფუტკრის ფაღარათის მიზეზი); _ ბუდის ზედმეტ აერაციას, რაც ხდება საფრენის მიქცევით ჩრდილოეთისაკენ, ბუდეში საკვებისა და სათბუნი მასალის უკმარისობას.

საკონტროლო კითხვები:

1) როგორ უნდა განვსაზღვროთ ფუტკრის საცხოვრებლის (სკის) ვარგისიანობა?
2) აქტიურ სეზონზე როგორ განვსაზღვროთ გარეგნულად ფუტკრის ოჯახის მდგომარეობა?
3) როგორ დავადგინოთ ოჯახში დედა ფუტკრის არსებობა: ა) არაპირდაპირ, ბ) პირდაპირ?
4) როგორ განისაზღვრება ოჯახის სიძლიერე გარეგნულად და ბუდის დათვალიერებით?
5) რას საფრთხეს ქმნის ბუდეში დაკრისტალებული თაფლის არსებობა და რა პერიოდში?
6) რას იყენებს მეფუტკრე ოჯახის დათვალიერების დროს?
7) რა ნიშნებს ამჟღავნებს უდედო ოჯახი.

“მეფუტკრეობა”, მ. მაძღარაშვილი