ფუტკრის მავნებლები _ ცვილის ჩრჩილი (Galleria mollo-nella)
ცვილის ჩრჩილი (Galleria mollo-nella) ფუტკრის დაავადებათა კლასიფიკაციით ცვილის ჩრჩილი მიეკუთვნება ფუტკრის მავნებელთა ჯგუფს. არსებობს ცვილის დიდი და პატარა ჩრჩილი. ისინი გავრცელებულნი არიან ყველგან, სადაც კი ფუტკარია, ყველაზე მეტად თბილ ადგილებში, გამონაკლისს შეადგენს მკაცრი კლიმატური ზონები და ზღვის დონიდან 1500-2000 მ-ზე მეტ სიმაღლეზე განლაგებული საფუტკრეები. ცვილის ჩრჩილი დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას და მასთან ბრძოლა ყოველთვის აქტუალურ საკითხად ითვლება. ცვილის ჩრჩილთან ბრძოლის ღონისძიების განსახორციებლად საჭიროა მისი განვითარების ბიოლოგიური ციკლის ცოდნა.
ცვილის დიდი ჩრჩილის Galleria mollo-nella უკანა ფრთების დაბოლოებაზე აღინიშნება მორუხო შტრიხები. მამალი ჩრჩილი დედალზე ნაკლები ზომისაა, მისი სიგრძე საშუალოდ 11,3 მმ, ფრთების ზომა 14-33 მმ. პეპლების ზომა და ფერი ცვალებადია, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ფიჭების ხარისხზე და საკვების სახეობაზე, თუ რით იკვებებოდნენ ისინი მატლის და ჭუპრის სტადიაში. პეპლებს პირის ორგანოები და საჭმლის მომნელებელი სისტემა განუვითარებელი აქვთ. მოზრდილი პეპლები არ იკვებებიან და ცხოვრობენ მატლის სტადიაში კვების შედეგად ორგანიზმში დაგროვილი საკვები ნივთიერებებით. იშვიათად აღინიშნება პეპლების მიერ თხევადი შემღვრეული ექსკრემენტების გამოყოფა.
დედალი პეპლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 7-12 დღეა, მამლებისა 10-28 დღე. სკაში შეფრენილი პეპელა ჯდება მოყარაულე ფუტკრებს შორის და უძრავად ზის 1-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ სწრაფად შეძვრება სკაში, გაივლის იმ ადგილს, სადაც ფუტკრის ძირითადი მასაა თავმოყრილი და ბინავდება ფიჭის ზედა ნაწილში. დებს კვერცხებს იმ ფიჭის უჯრედების კედლებზე, სადაც ახლად არის შემოტანილი მტვერი და ზოგჯერ გადაბეჭდილი თაფლიანი უჯრედის სახურავზეც. კვერცხმდებლობის ხანგრძლივობა 2 წუთია და დებს 54 კვერცხს. კვერცხდება მთლიანობაში გრძელდება 4 საათს. სულ ცხოვრების მანძილზე პეპელა დებს 1850 ცალ კვერცხს.
ჩრჩილი გაივლის განვითარების სხვადასხვა სტადიას: კვერცხის, მატლის და ჭუპრის. მათი განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 30-400, ხოლო 100ზე ქვემოთ და 19-550-ზე ზევით ჩრჩილი განვითარებას წყვეტს. კვერცხის სტადია გრძელდება 810 დღეს, მატლის – 30, ხოლო ჭუპრის 9-14 დღეა. მისი განვითარების სრული ციკლი 47 დღეს მოიცავს. ზოგიერთი მეცნიერის მონაცემით ოპტიმალური ტემპერატურის პირობებში განვითარება 2 თვეს გრძელდება, დაბალ ტემპერატურაზე კი 3 თვეს.
კვერცხი თეთრია, მრგვალი ან ოვალური, ზომით 0,5 0,35 მმ. კვერცხიდან გამოსული მატლის სიგრძე 1 მმ. მისი სხეულის წინა ნაწილი უკანაზე განიერია, თავი მოთეთრო-მოყვითალოა და ოდნავ შესქელებული, ზრდასრული მატლი შედგება 13 სეგმენტებისაგან (სამი მკერდის, ათი მუცლის). აქვს 8 ფეხი და უკანა ბოლოში ორი ჯაგრისი. პირველ 10-20 წუთში იგი ნაკლებად მოძრავია და გადაადგილდება ფიჭაზე ზევიდან ქვემოთ მიმართულებით. 14-30 წუთის განმავლობაში მატლი აქტიური ხდება და 10-30 წუთი იკვებება ღია თაფლით, ზოგჯერ ჭეოთი. ორი საათის შემდეგ კვლავ თაფლით იკვებება 5-10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ უკვე იწყებს ცვილით კვებას. მატლი 25-30 სმ სიჩქარით გადაადგილდება ფიჭაზე, მოძრაობას მიმართულებას აძლევს საკვებთან ერთად სკაში შესული ჰაერის მსუბუქი ნაკადი. მატლები მოძრაობას წყვეტენ ძლიერი წვიმის და მაღალი ტემპერატურის დროს.
მეორე დღეს ფიჭის ღია, კვერცხიდან, ბარტყიან და ბარტყის მოსაზღვრედ მდებარე ჭეოიანი უჯრედების კედლებზე მატლები იწყებენ გასასვლელების გაკეთებას. როგორც თავდაცვის საშუალებას იქსოვენ ობობასებრ ქსელს, სადაც ფუტკარი ვერ შედის. მატლები იწყებენ ცვილის ჭამას უჯრედის ფსკერამდე, იქ ტოვებენ შავი ფერის მშრალ ექსკრემენტებს. როცა მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, ისინი ერთმანეთს ჭამენ. ძლიერ ზიანდება სუსტი ოჯახები, ან უფუტკროდ დარჩენილი ფიჭები, პირველ რიგში ძველი, შავი ფიჭები, რომლებიც მდიდარნი არიან ბარტყის პერანგებით, აზიანებენ აგრეთვე საცავში არაწესიერად შენახულ ფიჭებს. ერთი მატლი სიცოცხლის მანძილზე ჭამს საშუალოდ 1,246 გ. ცვილს და აზიანებს 500-მდე ფიჭის უჯრედს. დაზიანებულ ბარტყიან უჯრედებს ფუტკარი მთლიანად ვერ ბეჭდავს. მატლი ხშირად გადაბეჭდილ ბარტყიან უჯრედებს ხდის სახურავებს. ჩრჩილით ძლიერ დაზიანებულ ოჯახებში არასასიამოვნო სუნი დგება და ფუტკარი ხშირად ბუდეს ტოვებს. არცთუ ისე იშვიათად ჩრჩილი ოჯახს ანადგურებს, ან ძლიერ ასუსტებს. მაგ. 5 წყვილი ჩრჩილის სამი შთამომავლობა მათთვის ხელსაყრელ პირობებში ინტენსიურად მრავლდება და აზიანებს 500 კგ. ნედლეულს – მშრალ ფიჭას, რომელიც 300 კგ. ცვილს შეიცავს.
ზრდის დასრულების შემდეგ მატლები მოძებნიან ნაპრალებს, ხვრელებს, სკის კედლებზე არსებულ ბზარებს, ნარიმანდებს და იქ ჭუპრდებიან. ჭუპრის გარეთა ფენა მკვრივია, შიგნითა გარსი კი – რბილი. ჭუპრის ქსოვას მატლი ანდომებს ორ დღეს და პარკის ზედა ნაწილში ნაპრალს ტოვებს, რათა პეპელა ადვილად გამოფრინდეს. ჭუპრის სიგრძე 14-16 მმ-ია, ჭუპრები ჯგუფ-ჯგუფად არიან განლაგებულნი და მჭიდროდ მიკრულნი ერთმანეთთან. პეპელა ჭუპრიდან გამოფრინდება დილის 6 საათიდან 11 საათამდე, იშვიათად 17 საათის შემდეგ. გამოფრენის შემდეგ 20-30 წუთის განმავლობაში ისინი ფრთებმოკეცილები ზიან. ჭუპრობიდან პეპლები, დილით გამოვლენ თუ საღამოს, სკაში რჩებიან და სკიდან გამოფრინდებიან გათენებამდე 1 საათით ადრე.
წლის განმავლობაში ჩრჩილი იძლევა 2-4 თაობას. თეორიულად ერთი წყვილი ჩრჩილისაგან წლის განმავლობაში შეიძლება მიღებული იქნას 1 მილიარდი თაობა, რომელსაც არსებობისათვის დასჭირდება მრავალი ათეული ტონა ცვილი. ასეთი განვითარების ტემპს იგი ვერასოდეს ვერ აღწევს, რადგან მის განვითარებაზე მუდმივად მოქმედებენ შემზღუდველი ფაქტორები.
ფუტკრის ძლიერი ოჯახები ჩრჩილს დიდ წინააღმდეგობას უწევენ. მუშა ფუტკრები უჯრედების გაწმენდის და შეკეთების დროს ახალგაზრდა მატლებს ამოათრევენ, გლეჯავენ და ჭამენ. მსხვილ მატლებს კლავენ და გარეთ აგდებენ. ჩარჩოებს შორის ფიცრის ღრუებსა და ნარიმანდებში არსებულ ჭუპრებს ადინგდელებენ, შეფრენილ პეპლებს ფრთებში და ფეხებში ეცემიან და სკაში არ უშვებენ. ბუდის დაცვა ფუტკრის მიერ წყდება დაბნელებიდან ორი საათის შემდეგ და ამ დროს შეფრენილ პეპელას ფუტკარი ყურადღებას აღარ აქცევს.
სკაში ზამთრობენ მხოლოდ მატლები და ჭუპრები გაშეშებულ მდგომარეობაში, უარყოფით ტემპერატურაზე ჩრჩილი განვითარების ყველა სტადიაში იხოცება.
ცვილის პატარა ჩრჩილი Achricea griselle
შედარებით იშვიათად გვხვდება. დედალი პეპლის სიგრძე 11, 3 მმ-ია, მამლების 9 მმ. ფრთების ზომა შესაბამისად 2317,7 მმ-ია. მამლების და დედალი პეპლების რაოდენობა დაახლოებით ერთნაირია. მათაც პირის ორგანოები განუვითარებელი აქვთ და არ იკვებებიან. განაყოფიერებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ სკის ხვრელებში და ზოგჯერ ფიჭის უჯრედებში დებენ 250-300 ცალამდე კვერცხს. კვერცხი მოთეთრო-მოყვითალოა, მრგვალი ან ოვალური ფორმის, საიდანაც გამოდის 0,5 მმ. ზომის, ცილინდრის ფორმის თეთრი მატლი, ბაცი მოყვითალო თავით. სხეულის სიგრძე 16 მმ, სიგანე 2,2 მმ. იგი იქსოვს თეთრ აბრეშუმისებრ პარკს და დიდი ცვილის ჩრჩილისაგან განსხვავებით ცალ-ცალკე არიან განლაგებული სკის კუთხეებში, ძირზე, ნაგავშიც.
პატარა ჩრჩილი დიდ ჩრჩილთან შედარებით უფრო მოძრავია, გასასვლელებს აკეთებენ არა უჯრედს შორის ძგიდეებზე, არამედ უჯრედის ფსკერზე და უფრო მეტად აზიანებენ ჭუპრებს. ჩრჩილით დაზიანებულ უჯრედში არსებულ ბარტყს ფუტკარი მთლიანად არ ბეჭდავს და შუა ნაწილს ტოვებს ღიად. დაზიანებული ჭუპრის უჯრედიდან ამოღებისას ფსკერზე ვნახულობთ გასასვლელებს და ახალგაზრდა მატლებს. მატლების ზომა 9-12 მმ. მისი განვითარების სრული ციკლი 60-120 დღეა. ოპტიმალური ტემპერატურა 28-30°C-ია. 16°C-ზე ქვემოთ და 35°C-ზე ზევით კვერცხი იღუპება. 20°C-ზე ქვემოთ მატლები ვერ ჭუპრდებიან და ჩაცვენილი არიან გაშეშებულ მდგომარეობაში. სკაში ზამთრობენ მარტო მატლები. ისევე იკვებებიან, როგორც დიდი ჩრჩილის მატლები. ერთი მოზრდილი მატლი ჭამს ყოველდღიურად 0,0075 გ. ცვილს, ფიჭის ერთ-ერთ მხარეზე აკეთებენ გასასვლელ ხვრელს, იქსოვენ ობობასებრ ქსელს, რომელიც დაფარულია ცვილის ნამცეცებით და ექსკრემენტებით.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკაისათვის საფუტკრეში ფუტკრის ოჯახებს უნდა შევუქმნათ ნორმალური განვითარების პირობები, რათა თვითონ ოჯახმა შეძლოს ბუდის დაცვა პარაზიტებისაგან. პირველ რიგში უნდა ვიყოლიოთ ძლიერი ოჯახები, დავიცვათ სკაში სისუფთავე, ბუდეში დავიტოვოთ იმდენი ჩარჩო, რამდენსაც დაფარავს ფუტკარი, რადგანაც უფუტკროდ დარჩენილ ფიჭებზე იქმნება ჩრჩილის განვითარების საშიშროება. ბუდეში არ უნდა დავუშვათ ძველი და შავი ფიჭების არსებობა, ისინი მდიდარნი არიან რა ბარტყის პერანგებით, ქმნიან ჩრჩილის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს.
უნდა დავიცვათ ფიჭების შენახვის ღია და დახურული წესი. ღიად შესანახად ფიჭებს ვკიდებთ ერთიმეორისაგან დაცილებულად. ღიად შენახვის დროს შეიძლება ჩრჩილისაგან დაზიანდეს ერთი ფიჭა, სხვები კი გადარჩეს. ასეთი წესით შენახვისას ფიჭებს ათვალიერებენ ყოველთვიურად. დახურული წესით ფიჭებს ვინახავთ კარგად მჭიდროდ ჰერმეტულ ყუთებში, ან კორპუსებში, მათზე არსებულ ნაპრალებს ვაწებებთ ქაღალდს ან ამოვლესავთ.
თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ მათში ჩრჩილის განვითარება, შესანახ ფიჭებს ვუტარებთ დეზინფექციას ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან ერთ-ერთით:
1. ენტერობაქტერინი – ჩრჩილთან ბრძოლის მიკრობული საშუალებაა. იგი მოყვითალო რუხი ფერის ფხვნილია, რომელშიაც ჩართულია ბაცილა ცერეუსის ცოცხალი სპორები და ცილის ტოქსიკური კრისტალები. პრეპარატი უვნებელია ადამიანისათვის, თბილსისხლიანებისა და სასარგებლო მწერებისათვის, მათ შორის ფუტკრებისათვის. იგი ფართოდ გამოიყენება წყლიანი სუსპენზიის სახით, ან შეფრქვევით. ნაწლავებში მოხვედრილი ენტერობაქტერინის კრისტალები გაიხსნება. ტოქსინი იმოქმედებს მატლის ნერვულ სისტემაზე, პერიტროფულ მემბრანაზე და შუა ნაწლავის ეპითელურ შრეზე, რის შედეგადაც 5-6 დღეში მატლები კვდებიან. ერთ კგ. ნედლეულზე იხარჯება 10 გ. პრეპარატი. ენტერობაქტერინი გამოიყენება 3%-იანი წყალხსნარის სახითაც ერთ ჩარჩო ფუტკარზე 10-20 მლ. შესხურებით. ზემოქმედების ქვეშ ფიჭებს ვტოვებთ 1-2 დღის განმავლობაში. 10-12 დღის შემდეგ დამუშავებას ამავე წესით ვიმეორებთ.
2. ფიჭების გაყინვა 100-ზე 1,5 საათის განმავლობაში კლავს არა მარტო მატლებს, არამედ მატლის კვერცხებსაც. ჭეოიან ფიჭებს არ ვამუშავებთ.
3. გოგირდის გაზით დასამუშავებლად ფიჭებს ვათავსებთ ჰერმეტულ სათავსოში და 1მ³ მოცულობაზე გამოვიყენებთ 100 გ. გოგირდს დაწვით. გოგირდის გაზის ზემოქმედების ქვეშ ფიჭებს ვტოვებთ 1-2 დღის განმავლობაში, 10-12 დღის შემდეგ დამუშავებას ვიმეორებთ.
4. ძმარმჟავას 80%-იან ხსნარს 1მ³ მოცულობაზე ვიღებთ 200 მლ. რაოდენობით, რითაც გავჟღინთავთ ჩვარს ან დავასხამთ მას ლამბაქზე და მოვათავსებთ ჩარჩოებს ზემოთ ჰერმეტულ სკაში, ან სათავსოში. ამ მეთოდით შეიძლება დავამუშავოთ ჭეოიანი და გადაბეჭდილ თაფლიანი ჩარჩოებიც, ძმარმჟავას მოქმედების ქვეშ ფიჭებს ვტოვებთ 3-5 დღის განმავლობაში, დამუშავებას ამავე წესით ვიმეორებთ 10-15 დღის შემდეგ. ერთი დღის განიავების შემდეგ შეგვიძლია ფიჭების გამოყენება.
5. კონცენტრირებული ჭიანჭველმჟავას ერთი კორპუსისათვის ავიღებთ 14 მლ. რაოდენობით, მოვათავსებთ ლამბაქით ჩარჩოებს ზემოთ 3-4 დღის განმავლობაში (გარემოში ტემპერატურა 22-280). დამუშვებას გავიმეორებთ 10-12 დღის შემდეგ.
6. ნახშირმჟავა გაზი (96-98,5%) გამოიყენება დოზით 7000 გ. 1მ² ფართობზე ბუდის 100 ჩარჩოსათვის 23-280-ის პირობებში.
7. პარდიქლორბენზოლი (ანტიმოლი) გამოდის ტაბლეტის სახით, თითო ცალი 8 გ. 1მ³ მოცულობაზე ვიყენებთ 150 გ. რაოდენობით. აბებს ფიჭების შენახვის მთელ პერიოდში ვაჩერებთ ჩარჩოებს შორის.
აღნიშნულის გარდა, როგორც თაფლიან, ისე ცარიელი ფიჭების შესანახად გამოიყენება კონად შეკრული ჯავშანი , კაკლის ფოთლები , ფორთოხლის , ლიმონის, გრეიფრუტის კანი. ასევე კვარის, ფიჭვის და ნაძვის ხის ნაჭრები.
წყარო: „მეფუტკრეობის საფუძვლები“