დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის მთაბარობა და სამთაბარო მარშრუტები

მთაბარობა ის ორგანიზაციული ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს ფუტკარს, მაქსიმალურად გამოიყენოს თაფლის შეგროვების უნარი. მთაბარობის გარეშე შეუძლებელია ფუტკრის მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა, ამიტომ აქტიურ სეზონზე თქვენ უნდა გამოიყენოთ ფუტკრის მრავალჯერადი მთაბარობა.

აქტიურ სეზონზე ფუტკრის მთაბარობისათვის მეფუტკრე უნდა ემზადოს ზამთრობიდანვე, რაშიც შედის:

_სკების სავენტილაციო მოწყობილობის მომზადება. იგი წარმოადგენს ბრეზენტის ნაჭერს ზომით 60×60სმ, რომელსაც ერთ მხარეზე გაკეთებულ ოთხკუთხა ჭრილში ჩაკერებული აქვს მავთულბადე 3×3მმ ზომის უჯრედებით.

_ იმ ოჯახებისათვის, რომლებიც მთაბარობის პერიოდში ბუდეს მთლიანად ვერ ავსებენ, უნდა გამზადდეს ტიხრები ფანერის ფურცლისაგან, რომელსაც ზედა მხარეზე მიჭედებული აქვს ჩვეულებრივი ჩარჩოს ზედა თამასა და დამაგრდეს ტიხარი სკის კორპუსზე, უშუალოდ ფუტკრიან ჩარჩოებთან მჭიდროდ მიდგმით;

_ ამავე მიზნისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი აწყობილი ჩარჩოები, შიგ გაჭიმული მავთულით, რომლითაც შეივსება ბუდე სრულ მოცულობამდე. ეს საშუალებას იძლევა, აღარ მოხდეს გამყოფი ტიხარის დამაგრება ლურსმნების დაჭედებით, რაც საკმაოდ აღიზიანებს ფუტკარს;

_ დიდი საფუტკრის მფლობელები იყენებენ მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიას, სკებს ათავსებენ საერთო კონტეინერებზე (3-4 ცალი თითოეულში), რომელსაც აქვს ქვედა (სადგამიანად) და ზედა ჩარჩოები და მათი შემკრები ჯაჭვები, რაც გამორიცხავს კონტეინერში სკების მოძრაობას.

ასეთი კონტეინერების გამოყენება გულისხმობს სკების დატვირთვა – ჩამოტვირთვის სამუშაოთა სრულ მექანიზაციას.

_ მთაბარობის წინ მეფუტკრემ უნდა შეარჩიოს სამთაბარო ადგილი, შეუთანხმდეს მის მფლობელს საფუტკრის მოწყობაზე და მოაწესრიგოს ფუტკრის სამთაბარო ტერიტორია. ამავე მიზნით საჭიროა ვეტერინარული სამსახურიდან ცნობის აღება საფუტკრის სიჯანსაღის შესახებ;

_ სკების სამთაბაროდ მომზადების დროს შეიძლება მიზანშეწონილი იყოს კორპუსების შეკვრა გამძლე ღვედებისგან გაკეთებული თასმებით.

_ სატრანსპორტო საშუალებებზე სკების დატვირთვა-ჩამოტვირთვისთვის მცირე მოცულობის (100-200 ოჯახი) საფუტკრეებში იყენებენ მობილურ ორთვალებს და ასაკეც ბაქნებს.

გადაზიდვის ზემოაღწერილი კონტეინერული სისტემის მეშვეობით, ან სკების განლაგება ხდება მუდმივად (აქტიური სეზონის განმავლობაში) მოძრავ ბაქანზე, რომლის გადასაადგილებლად ავტოტრანსპორტს ან ტრაქტორს იყენებენ.

გახსოვდეთ! საფუტკრის მოწყობილობის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:

1) საფუტკრის სიდიდე (ოჯახების რაოდენობა), ე.ი. თქვენი ფინანსური შესაძლებლობანი ძირითადი საშუალებების შესაძენად;

 2) რამდენად მოსახერხებელია მოწყობილობა;

 ა) უგზოობის პირობებისათვის, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ფუტკრის მთაბარობის დროს;

ბ) შეზღუდულ ფართობზე სამუშაოდ (მთის პირობებში).

სანამ შეიძენთ თანამედროვე მაღალმწარმოებლურ მოწყობილობას, გაიანგარიშეთ, შეძლებთ თუ არა ამ მოწყობილობის ამუშავებას საჭირო რეჟიმში!

_ მთაბარობის დროს საფუტკრის მომსახურებისათვის იყენებენ მეფუტკრის სამთაბარო ასაწყობ ქოხს, ან მოძრავ პავილიონს, მომსახურებისათვის საჭირო ყველა სამუშაოს გათვალისწინებით.

 _ უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებაზე სკების დატვირთვის წინ, საღამოხანს (ფუტკრის ფრენის დამთავრება) საფრენი იკეტება ხის თამასით, რომელსაც სკის წინა კედელს მიაჭედებენ ლურსმნებით.

_ სამთაბაროდ გამზადებულ სკას ეხდება სახურავი, იღებენ ბალიშს, საფარი ტილო გადაიკეცება სანახევროდ ზომიერი ტემპერატურის (22- 230-მდე) პირობებში. თუ უფრო ცხელა, საფარი ტილო მთლიანად ეცლება;

_ სკაში ფუტკრის ბუდე შეივსება მთლიანად: აშენებული ფიჭებით, ან ცარიელი ჩარჩოებით, დაეფარება სამთაბარო ბადე, შემდეგ სკის სახურავი და კორპუსები იკვრება ღვედებით, ან ედება კონტეინერის ზედა ჩარჩო დამჭიმავი მოწყობილობით;

_ საღამო ხანს საფრენები იკეტება ხის თამასით (ლურსმნის მიჭედებით). სკები გადააქვთ ორთვალათი ავტომანქანის ან მისაბმელის ძარაზე; სკები (ერთკორპუსიანი) ლაგდება ძარაზე სამ იარუსად, ხოლო საკუჭნაოებიანი სკები _ ორ იარუსად.

ფუტკრის ტრანსპორტირება

_ ეს ოპერაცია სრულდება ღამის პერიოდში, რათა თავიდან აიცილონ ფუტკრის ჩახურება (დაღუპვა). ცხელ ამინდში სკის სავენტილაციო ჭრილები იხსნება მთლიანად;

_ გადაადგილების დროს მეფუტკრემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, ხომ არ გამოდის რომელიმე სკიდან ფუტკარი. ნახვრეტების შემჩნევისთანავე ისინი უნდა ამოიქოლოს დასველებული თიხით, ან ბამბით;

სკის კორპუსები სატრანსპორტო საშუალებებზე მოათავსეთ წინა კედლით მოძრაობის მიმართულებით. ძარა შეავსეთ სკებით და სა-თადარიგო კორპუსებით მთლიანად, რომ არ იყოს მასზე სკების მოძრაობის საშუალება; სკების რიგებს შორის მოათავსეთ ხის ძელები ზომით 40X40მმ (სავენტილაციოდ); ძარის გასწვრივ და გარდიგარდმო გადაუჭირეთ თოკები უსწორმასწორო გზებზე სკის კორპუსების გადაადგილების აღსაკვეთად. სკების ტრანსპორტირება დაამთავრეთ გათენებამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში დღის ცხელი პერიოდის დადგომამდე.

საფუტკრის განლაგება სამთაბარო ადგილზე

 _ ადგილზე ფუტკრის მიყვანის შემდეგ იწყება სატრანსპორტო საშუალების განტვირთვა, რისთვისაც წინასწარ შერჩეულ ადგილებზე თავსდება ინდივიდუალური სადგამები, სკებს განალაგებენ სადგამებზე:

_ საფუტკრის მოწყობის შემდეგ, ფუტკრის დამშვიდების კვალად, სკებს ეხდება სახურავები და ბუდეებს დააფარებენ საფარ ტილოებს და ბალიშებს; საფრენის გახსნა იწყება მეფუტკრის ასტმის, ან ბრტყელტუჩას გამოყენებით, პირველად წინა რიგში და თანდათან გადაინაცვლებენ უკან, მომდევნო რიგებში;

_ წყლის რესურსებით შეზღუდულ ადგილზე იდგმება ხის კასრი ონკანით, მის ქვეშ ფიცარი ზიგზაგისებრი ჭრილით;

შეივსება კასრი წყლით და ონკანი იღება იმდენად, რომ წყალი წვეთავდეს ფიცარზე;

_ საფუტკრის მოწყობიდან ერთი დღის შემდეგ ფუტკრის ოჯახების მდგომარეობას ამოწმებენ და ასრულებენ ყველა საჭირო სამუშაოს.

სამთაბარო მარშრუტები საქართველოში

ამ მარშრუტების ჩამოყალიბების პროცესში ტრადიციულად გათვალისინებული იყო შემდეგი მოსაზრებები:

_ ფუტკრის ადრესაგაზაფხულო განვი-თარების უზრუნველყოფა მისი მოვლა-შენახვის, კვებისა და ტემპერატურული ფაქტორის გათვალისწინებით, თუნდაც საკვები ბაზის შედარებითი ზომიერების (სიმწირის) პირობებში;

_ საგაზაფხულო პერიოდის დასასრულს ფუტკრის გადაადგილება გარდამავალ ზონაში, სადაც უზრუნველყოფილია ფუტკრის შემდგომი განვითარება და სასაქონლო თაფლის დაგროვება;

_ ზაფხულის პერიოდში ფუტკრის გადაადგილება სუბალპურ (ტყის ზონა) და ალპურ მდელოებზე;

_ საფუტკრეების დაბრუნება საშემოდგომო თაფლოვნებზე ღალის ასაღებად და ბარტყიანობის სტიმულირებისათვის.

სამთაბარო მარშრუტები აღმოსავლეთ საქართველოში

ზემოაღნიშნულ თავისებურებათა გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ ფუტკრის მთაბარობა ადრე გაზაფხულზე:

_ გარდაბნის ზონაში და ალაზნის ველზე, სადაც არსებული თაფლოვანი და მტვეროვანი ფლორა სხვა (ტემპერატურულ და კვების) ფაქტორებთან ერთად უზრუნველყოფს ფუტკრის ოჯახების საადრეო განვითარებას;

_ მომდევნო პერიოდში (მაისის შუა რიცხვებიდან) ფუტკრის მთაბარობა გარდამავალ ზონაში, სადაც საგაზაფხულო თაფლოვანი მცენარეების ყვავილობა უფრო გვიან იწყება;

_ ივნისიდან ფუტკრის მთაბარობა ყვარლის, თიანეთის, წალკის, ბორჯომ-ახალციხის, ასპინძა-ადიგენის მიმართულებით, ხოლო ივლისის ბოლოს – აგვისტოში ფუტკრის მთაბარობა მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი – ნინოწმინდა, ყაზბეგი, ამბროლაურიონი);

_ სექტემბრიდან ფუტკრის გადაყვანა საშემოდგომო თაფლოვნებზე (შოროქნის ცოცხი, სურო და სხვა) გარდაბნის ნაკრძალთან და ალაზნის (შოროქანი) ველზე.

ამ კანონზომიერებიდან თავისებურ გამონაკლისს წარმოადგენს ფუტკრის მთაბარობა მზესუმზირის ნათესებზე კახეთის ზონაში, სადაც ეს პროცესი იწყება ივნისის შუა რიცხვებიდან და 3-4 კვირას გრძელდება, თესვის განსხვავებული ვადების გათვალისწინებით, რის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ფუტკრის მთაბარობის გაგრძელება მთის ზონაში.

სამთაბარო მარშრუტები დასავლეთ საქართველოში

ამ ზონაში უფრო უხვი თაფლოვანი ფლორის წყალობით თქვენ არ მოგიხდებათ სამთაბაროდ ფუტკრის გადაადგილება დიდ მანძილზე. როგორც წესი, ფუტკრის საადრეო განვი-თარება უნდა დაიწყოთ კოლხეთის დაბლობზე (შავი ზღვის სანაპიროებზე).

შემდგომში მისი გადაადგილება მიზანშეწონილია შემდეგნაირად:

_ იმერეთის დაბლობი რაიონებიდან (ზესტაფონი, ბაღდათი, სამტრედია, წყალტუბო) საირმის ხეობაში და რაჭა-ლეჩხუმში (ამბროლაური, ონი, ცაგერი); _ ზუგდიდ-წალენჯიხის რაიონებიდან: ენგურის ხეობაში;

_ აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროდან (გულრიფში-გუდაუთა):

კოდორისა და ბზიფის ხეობებში; _ ქობულეთ-ხელვაჩაურის რაიონებიდან ხულოს მიმართულებით;

აღნიშნულ ზონაში ტყის თაფლოვანების (ცაცხვი, წაბლი, წყავი და სხვა) გარდა, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ალპური მდელოებიც.

თაფლოვანი ფლორის სრულად ათვისებაში დღეისათვის შემზღუდველი ფაქტორია ზოგიერთ ხეობაში მისასვლელი გზების არასახარბიელო მდგომარეობა, რისი გათვალისწინებაც მოგიხდებათ ფუტკრის მთაბარობის დროს.

გიორგი მაძღარაშვილი

„მეფუტკრეობა“