დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ნესტარი

 დედამიწაზე არცერთი ცოცხალი არსება არ არსებობს, რომელიც აღჭურვილი იყოს თავდაცვის ისეთი იარაღით, რომლითაც ელვისებური სისწრაფით მტერზე მომაკვდინებელი მოქმედება და თავისი თავის დაცვა შეეძლოს. ამასთან ერთად ზოგჯერ თავდაცვის მცდელობა სიკვდილის ფასად უჯდებოდეს. ასეთ არსებას მიეკუთვნება ფუტკარი, რომლის ნესტარი წარმოადგენს თავდაცვის და არა თავდასხმის საშუალებას.ნესტარი მდედრობითი სქესის ინდივიდების საბრძოლო იარაღია. მამალ ფუტკრებს იგი არ გააჩნიათ.   ნესტარი მოთავსებულია დედა და მუშა ფუტკრის მუცლის ბოლოში. მშვიდ მდგომარეობაში იგი თითქმის არ მოჩანს, დანესტვრის დროს გარეთ გამოწეულია და შესამჩნევია. დედა ფუტკარს მუშა ფუტკართან შედარებით ნესტარი უფრო გრძელი და ძლიერი აქვს. მას იგი მხოლოდ მეტოქე დედასთან საბრძოლველად იყენებს და ამას გარდა, მას კვერცხისდების დროსაც იშველიებს, ნესტრით ეყრდნობა ფიჭის უჯრედის ფსკერს, რომელზედაც აწებებს ვერტიკალურ მდგომარეობაში ნესტარზე ჩამოგორებულ კვერცხებს, ამიტომაც ნესტარს სახეშეცვლილ კვერცხსადენს უწოდებენ.

დედა ფუტკრის მიერ ადამიანის დანესტვრის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული. ხელის გულზე რომ დავაჯინოთ, იგი არასოდეს არ დაგვნესტრავს, მაგრამ მეტოქე დედის დანახვისთანავე მასთან ბრძოლას გამართავს, დედა ნესტარს ჩაასობს მუცლის სეგმენტებს შორის იმ ადგილას, სადაც თხელია ქიტინი, გახვრეტს მას და ჩაუშვებს შხამს, რის შედეგადაც მეტოქე კვდება. ნესტარი ბასრი კბილანებით ისეა მოწყობილი, რომ ნესტრის ჩარჭობაში ხელს არ უშლის, შეუძლია რამოდენიმეჯერ ჩაუშვას შხამი და ნესტარი თავისუფლად ამოიღოს. 

ქიტინის სქელი შრით დაფარული მკერდის საფარში კი  ფუტკარს ნესტრის ჩარჭობა არ შეუძლია, ადამიანის (ძუძუმწოვრების) დანესტვრისას მუშა ფუტკარი ნესტრის ამოღებას ვერ ახერხებს მასზე არსებული ბასრი კბილანების გამო, რომელიც ნესტრის ამოღებისას ქოლგისებურად იშლება, რის გამოც მთელი საშხამე ბუშტის კუნთები განაგრძობენ შეკუმშვას, მთელი შხამი სხეულში გადადის და ნესტარი შხამის ბუშტიანად წყდება ფუტკრის ორგანიზმს, რის შემდეგ ფუტკარი კვდება. 

ფუტკრის შხამი კლავს არა მარტო მწერებს, არამედ შინაურ ცხოველებს, ფრინველებს, ძაღლებს, განსაკუთრებით ცხენებს, რომლის ოფლის სუნი ფუტკარს ძლიერ აღიზიანებს. ამიტომ საფუტკრეში და მის ახლო ტერიტორიაზე არ არის რეკომენდებული ცხენების ყოლა. ფუტკრის შხამი მომაკვდინებლად არ მოქმედებს გველებზე, კუზე, ზღარბზე, დათვზე, გომბეშოზე, ყანჩაზე.   ფუტკრის შხამით ზარალდებიან ადამიანები. შხამიანი სითხე იწვევს ჭრილობაში მწვავე ტკივილს, ანთებად პროცესებს და შესივებას. მცირე დოზებით შხამი ადამიანისათვის საშიში არ არის. ხშირ დანესტვრას ადამიანის ორგანიზმი ეჩვევა და დანესტვრის ადგილზე შესივებაც აღარ ვლინდება, მაგრამ ტკივილს მეტნაკლებად გრძნობს. ორი თითით არაფრით არ შეიძლება დანესტვრის ადგილიდან ნესტრის ამოღება, რადგან შხამის ჯირკვლიდან ამ შემთხვევაში შხამი ჩაიწურება კანქვეშ, ამიტომ ისარი უნდა მოვიცილოთ ფრჩხილით ან დანის წვერით. დანესტვრის ადგილი წყლით უნდა მოვიბანოთ, რადგან შხამის სუნი აღიზიანებს და იზიდავს გარეშე ფუტკრებს, რაც შემდეგ თავდასხმაშიც გადადის. 

დანესტვრის დროს ფუტკარი მუცელს ღუნავს ქვედა მიმართულებით და ამას ახერხებს მხოლოდ მაშინ, როცა ჩიჩახვი ცარიელი აქვთ, მაგრამ თუ იგი გავსებული აქვს ნექტრით ან თაფლით, მაშინ მას აქტიური მოძრაობის უნარი უქვეითდება, ვერ იღუნება და დანესტვრაც უჭირს. ამიტომაც მუშაობის დროს მეფუტკრე საბოლებელს ხმარობს, რათა ბოლით შეშინებული ფუტკრები დაეწაფონ თაფლს, აივსონ ჩიჩახვი საკვებით, დამძიმდნენ და გაუძნელდეთ დანესტვრა.

ქართული ფუტკარი თავისი სიმშვიდით სხვა ჯიშის ფუტკრებისაგან განსხვავებულია. მასთან შეგვიძლია კარგ ამინდში, უპირბადობით დაბოლის გარეშეც ვიმუშაოთ, მაგრამ თუ ხმაურით, ფუტკრისათვის არასასიამოვნო სუნით (ღვინო, არაყი, ნიორი, ოფლი), გაჭყლეტილი ფუტკრის და შხამის სუნით ფუტკარს გავაღიზიანებთ, ან უღალობისას, ცუდ ამინდში, ქარიან და წვიმიან დღეს ბუდეებს გავსინჯავთ, ფუტკარს აღვაგზნებთ და გამოვიწვევთ მათში თავდაცვის ინსტიქტის ამოქმედებას – დანესტვრას.  მუშა ფუტკარი შხამს შესამჩნევი რაოდენობით გამოჰყოფს დაბადებიდან 6-7 დღის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური რაოდენობით 10-18 დღის ასაკში. ამის შემდეგ შხამის ჯირკვლები უმოქმედონი ხდებიან, შხამის გამოყოფა წყდება და გახარჯული შხამის აღდგენა აღარ ხდება, რაც მრავალი ცდით არის დადასტურებული.

სკის საფრენში მდგომი დარაჯი ფუტკრები, არჩევენ ოჯახისათვის დამახასიათებელი სუნისა და ფუტკრის საქციელის მიხედვით თავისი ოჯახის და უცხო ფუტკრებს ერთმანეთისაგან. იცავენ ბუდეს მტრებისაგან. უცხო ფუტკრებს ან შეღწეულ სხვადასხვა მავნებლებს ნესტრავენ და კლავენ. დაბრუნებული მოღალე ფუტკრები თავის სკაში მშვიდად შედიან, შეთანხმებულად აქტიურად ფრენენ. ვინაიდან დარაჯი ფუტკრები ქურდ ფუტკრებს ებრძვიან და სკაში არ უშვებენ, ამიტომ ფრენენ საფრენის ახლოს, სკის გარშემო და ოჯახის ფუტკრებისაგან დაუცველი ადგილებიდან, ნაპრალებიდან ხვრელებიდან სკაში შეღწევას ცდილობენ და ზოგჯერ მიზანსაც აღწევენ.

ქურდი ფუტკრები ადვილად შესამჩნევია, ისინი ზიან საფრენ ფიცარზე მაღლა აწეული მუცლით და ფრთების ქნევით თითქოს ითხოვენ სკაში შესვლის უფლებას. სკაში შეღწეული ქურდი ფუტკრები მოპარული ნექტრით ან თაფლით დატვირთულნი სიმძიმის გამო საფრენიდან პირდაპირ ვერ აფრინდებიან, ისინი აცოცდებიან  სკის კედელზე, ძალას იკრებენ და გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ გაფრინდებიან.

გზააბნეულ, მოხეტიალე ფუტკრებს კი დარაჯი ფუტკრები მაშინ შეუშვებენ სკაში, თუ ისინი ყვავილის მტვერით არიან დატვირთულნი ან ნექტრით გავსებული ჩიჩახვი აქვთ, რაც გამორიცხავს მტრობის და ქურდობის მიზნით სკაში შეღწევის მცდელობას.

ნესტარი რთული აგებულებისაა და შედგება სამი ნაწილისაგან .  უმოძრაო ნაწილი – შედგება ციგურების, გამონაზარდების, გასწვრივი ფირფიტების და საცეცებისაგან. ციგურების ზომა 2,5 მმ. სიგრძისაა, მას ღარის ფორმა აქვს, რომლის ზედა ნაწილი მსხილსებურია, ბოლო კი გაწელილია და წვრილი წვერით მთავრდება. ისარი ღარში სრიალებს. ციგურების გვერდებზე მოთავსებულ ფირფიტაზე მიმაგრებულია თითო საცეცე, რითაც ფუტკარი დასანესტრ ადგილს სინჯავს და სადაც რბილი ქსოვილია იქ დაასობს ისარს. დანესტვრა ხორციელდება ძლიერი კუნთების დახმარებით, რომელებიც ისარს ციგურებში წინ და უკან ამოძრავებენ.

მოძრავ ნაწილს წარმოადგენს ისარი, რომელიც დანესტვრის დროს ცურავს ციგურებს შორის. ისარს ბოლოში გვერდებზე ათ-ათი კბილანა აქვს, დედა ფუტკრის ისარს კი – 5,5.

ფუტკრის სანესტრე აპარატის  მთავარ ელემენტს წარმოადგენს დიდი და პატარა ჯირკვალი  რომლებშიც ხდება შხამის გამომუშავება. დიდი ჯირკვალი გრძელი მილია, რომელიც გამოიმუშავებს მჟავე რეაქციის შხამს და თავს უყრის მას შხამის ბუშტში. პატარა ჯირკვალი კი ტუტე რეაქციის შხამს გამოიმუშავებს, რომელიც უერთდება დიდი ჯირკვლის შხამიან სითხეს. ცალ-ცალკე აღებულნი, როგორც დიდი, ისე პატარა ჯირკვლის შხამი უმნიშვნელო ტოქსიკურობით ხასიათდებიან, მათი ნარევი კი ძლიერ მომშხამვლელია.

 თავისი შემადგენლობით ფუტკრის შხამი გველის შხამს უახლოვდება. ფუტკრის შხამი მჟავე რეაქციის, გამჭვირვალე, თავისებური სუნის, მწარე გემოსი, ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატული მოქმედების უნარის მქონე სითხეა. 

ფუტკრის შხამის მშრალ მასაში აღმოჩენილია ცილოვანი 9 ნივთიერება, მათ შორის 2 ფერმენტია – ფოსფოლიპაზა (14%) და გიალურონიდაზა (20%). მშრალი შხამის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს პეპტიდები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მელიტინი (40-50%), რომელიც 26 ამინომჟავისაგან შედგება, აპამინი (3.4-1%), პეპტიდები (16%-მდე), ამინებიდან ჰისტამინი (0,5-1,7%) ცხიმებიდან და სტერინები (5%). ნახშირწყლები გლუკოზა (0,5%), ფრუქტოზა (0,9%); ცხიმოვან მჟავების უმრავლესი ნაწილი ჭიანჭველმჟავაზე მოდის (0,4-1,4%), დანარჩენი ნივთიერებები შეადგენენ 4-10%-ს. შხამი შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, გოგირდის, ქლორს, იოდს და სხვა.

შხამი ჰაერზე სწრაფად შრება. მშრალი შხამი ჰიგროსკოპულია, კარგად იხსნება წყალში, ცუდად მჟავებში. გაშრობის შემდეგ შხამი კარგავს არომატულ ნივთიერებას და 25% ცხიმოვან მჟავებს.

ფუტკრის შხამი მდგრადია გაცხელების და ყინვების მიმართ. 1000 გაცხელება და გაყინვა შხამს არ უცვლის თვისებებს, ნორმალურ პირობებში ფუტკრის მშრალი შხამი თავის მომშხამველ თვისებებს არ კარგავს წლების განმავლობაში. იგი მდგრადია მჟავების და ტუტეების მიმართ.

„მეფუტკრეობის საფუძვლები“

სახელმძღვანელო