დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახების ზამთრობა

ფუტკრის ოჯახი ზამთარს გუნდად შეკრული ატარებს. ფუტკრის გუნდში შემავალი ფუტკრები აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და ზოგიერთი მწერისა და ძუძუმწოვრის მსგავსად ზამთარს ძილქუშში არ ატარებენ. გუნდი იკვრება 8 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დადგომის დროს. მისი ცენტრი ჩვეულებრივ სკის უფრო თბილ, სამხრეთ ან სამხრეთ – დასავლეთ კედელთან იმყოფება.ზედა კიდით გუნდი ფარავს 2-3-სანტიმეტრიან თაფლის ზოლს, ფუტკრების უდიდესი რაოდენობა ამ თაფლის ქვემოთ ცარიელ უჯრედებში თავჩარგული ან ფიჭებს შორის სივრცეში იმყოფება. გუნდს, ჩვეულებრივ, ელიფსოიდის ფორმა აქვს, ხოლო მისი ზომები დამოკიდებულია გარემოს ტენპერატურაზე. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო ფართოვდება გუნდი. პირიქით, ტემპერატურის დაწევა იწვევს გუნდის ზომების შემცირებას და გამკვრივებას, თუმცა, ეს შემცირება მხოლოდ გარკვეულ ზომამდე ხდება. ტემპერატურის შემდგომი დაცემა უკვე აღარ ამცირებს გუნდის ზომებს.

გუნდის შემადგენელი თითოეული ფუტკარი თავის საკვებზე თვითონ ზრუნავს, იღებს რა მას გუნდის თავზე მდებარე შემთბარი თაფლიანი ფიჭებიდან. თუმცა, ზამთრის გუნდში მყოფი დედა ფუტკრის ნაწლავების გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას ფუტკრები ზამთარშიც რძით კვებავენ. უფრო მეტიც, დედა ფუტკარი ზამთარშიც აგრძელებს კვერცხების გამოყოფას. აქედან ზოგი იკარგება, ზოგს კი, რომელთაც დედა უჯრედში ტოვებს, ფუტკრები ჭამენ.

თუ დაკაკუნებისას სკიდან ხმელი ფოთლების მსგავსი შრიალი ისმის, ეს შიმშილის ნიშანია და ზომებიც სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული. კარგ შედეგს იძლევა ჩარჩოს ზედა თამასებზე 2 კგ-იანი ყანდის კვერის დადება. თუ ყანდი არა გვაქვს, შეიძლება სიროფის მიცემა ორი ნახევარლიტრიანი ქილით. ამისათვის ქილაში ასხამენ 60%-იან შაქრის სიროფს, ახურავენ მას პოლიეთილენის თავსახურს, რომელშიც გახურებული ნემსით აკეთებენ 1 მმ დიამეტრის ათამდე ნასვრეტს. ასეთნაირად გამზადებულ სიროფიან ქილებს დებენ ჩარჩოებს ზემოთ ერთსანტიმეტრიან ხის თამასებზე. შემდეგ მათ ზემოდან აფარებენ საფარს და ბალიშს, სკას კი ადგამენ საკუჭნაოს ან ცარიელ კორპუსს. სიროფიანი ქილების მაგივრად შეიძლება იყოს გამოყენებული საკუჭნაოს ან ბუდის თაფლიანი ფიჭა, რომელიც ბრტყლად თავსდება ჩარჩოებს ზემოთ.

ფუტკრის ზამთრობას მესამე პრობლემას მინდვრის თაგვები უქმნიან. მათს საწინააღმდეგოდ საფრენებზე უნდა დავამაგროთ მეტალის ცხაურები ან 2-3. – მილიმეტრიანი დაკლაკნილი მავთული. თუმცა, თოვლის მოსვლის შემდეგ თაგვები მაინც ახერხებენ სკაში ხვრელის გაკეთებას და ფიჭებისა და ფუტკრების განადგურებას. ჩვენი რჩევაა: შემოდგომიდან საფუტკრეში ჩადგით 2-3 ძველი ცარიელი სკა, გაუკეთეთ მათ თაგვების შესასვლელი ხვრელები ან ორსანტიმეტრიანი ღრეჭოები ფსკერზე. სკებში მოათავსეთ მშრალი საწამლავის რამდენიმე დოზა, რომელსაც ყოველ ნახვაზე შეავსებთ.

ვახტანგ ღოღობერიძე

ასოციაცია „ელკანას” მრჩეველი მეფუტკრეობის დარგში.