ფუტკრის ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი
ტკიპების გვარის – ტროპილელაფსი (კლასი: მწერები რიგი: Mesostigmata ოჯახი: Laelapidae, გვარი: Tropilaelaps spp.) წარმომადგენელი სახეობები მეთაფლია ფუტკრების გვარში (Apis) შემავალი სახეობების ბარტყის პარაზიტებს წარმოადგენენ. ევროპული მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) ქვესახეობების მიმართ პარაზიტიზმს ავლენენ ტროპილელაფსის გვარიდან მხოლოდ ორი სახეობის ტკიპები: Tropilaelaps clareae და Tropilaelaps mercedesae, რომელთა გარეგნული ნიშნები, პარაზიტიზმის თავისებურებები და ცხოვრების წესი მსგავსია.
მავნებელი ენდემურია მეთაფლია ფუტკრის აზიური სახეობებისთვის. მეთაფლია ფუტკრის ევროპული რასების ოჯახებს არ აქვთ გამოხატული პარაზიტი ტკიპისგან თავდაცვის ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმები. ტკიპი იწვევს მათი ოჯახების ძლიერ დასუსტებასა და განადგურებას, ხშირად ტკიპით ძლიერ დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახი ტოვებს ბუდეს. ტკიპი დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს მეფუტკრეობის დარგს.
ტკიპების ზრდასრული და მოზარდი ფორმები იკვებებიან მეთაფლია ფუტკრის ოჯახის მხოლოდ ჭუპრის ფაზაში მყოფი მოზარდების სხეულით. ტკიპის რეპროდუქცია და პარაზიტიზმი მხოლოდ ფუტკრის ჭუპრიან უჯრებში მიმდინარეობს. მეთაფლია ფუტკრის ჭუპრის გარეშე მყოფი ტკიპი მასპინძლის იმაგო ფორმებზე ცოცხლობს არა უმეტეს 3 დღისა, რადგან არ შეუძლია მისი სხეულისთვის დაზიანების მიყენება და კვება. ტკიპ ტროპილელაფსს კვერცხიდან იმაგო ფორმამდე განვითარებისთვის დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება.
ტკიპი ტროპილელაფსის ფუტკრის ოჯახში პარაზიტიზმისას აღინიშნება ფუტკრის ბარტყიანი უჯრების მეჩხერი განლაგება ფიჭებზე, ფიჭის უჯრებში არასრულფასოვნად განვითარებული ან მკვდარი და დეფორმირებული ფუტკრის სხეულები. ახლადგამოჩეკილ იმაგო ფორმებში ხშირად შეინიშნება ფრთების დეფორმაცია, მოძრაობის უნარის მოშლა, ასეთი ფუტკრები ხშირად დახოხავენ ფუტკრის საცხოვრებლის საფრენთან. აგრეთვე, შესაძლებელია ფიჭებზე სწრაფად მოძრავი ტკიპის იმაგო ფორმების შეუიარაღებელი თვალით დანახვა. მოწითალო-მოყავისფრო ტკიპის იმაგო ფორმების სხეულის სიგრძე მერყეობს 0.85-0.99 მმ-ს შორის.
ფუტკრის ოჯახში ტროპილელაფსოზი კლინიკური ნიშნებით მსგავსია ტკიპი ვაროას პარაზიტიზმისა, ხშირად ორივე ტიპის ინვაზია ერთდროულად მიმდინარეობს.
საველე პირობებში ტროპილელაფსოზზე სავარაუდო დიაგნოზის დასმისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგები, მავნებლის პოვნის შემთხვევაში მისი მორფოლოგია, მიყენებული ზიანის თვალსაჩინო თავისებურებები და მსგავსი მორფოლოგიის მქონე მწერების არსებობა.
ტროპილელაფსოზზე დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდირებული მეთოდების გამოყენებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals).
ფუტკარში ტროპილელაფსოზთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებზე პასუხისმგებელია სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სმსლ).
ტერმინთა განმარტება
„ფუტკრის ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეპიზოოტიური კერა – კონკრეტული ადგილი ან/და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის ტკიპი ტროპილელაფსის აქტიური წყარო და შესაძლებელია მეთაფლია ფუტკრის ოჯახის დაავადება;
ბ) რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახები – ფუტკრის ოჯახები, რომლებიც ბინადრობენ ან/და უწევთ გადაადგილება ეპიზოოტიურ კერაში;
გ) ტროპილელაფსოზის არსებობის საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას;
დ) ტროპილელაფსოზის არსებობის დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დასტურდება დაავადების აღმძვრელის არსებობა;
ე) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ფუტკრის ოჯახს ან/და პასუხისმგებელია ფუტკრის ოჯახის მოვლა-შენახვაზე;
ვ) ცხოველური პროდუქტი – ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;
ზ) მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (შემდეგომში – მადპ) (apiculture by-products) – თაფლი, ფუტკრის ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი ან მტვერი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;
თ) საფუტკრე მეურნეობა – შემოღობილი ან შემოუღობავი ტერიტორია სკებით, საფუტკრის შენობებითა და აღჭურვილობებით, სადაც ხდება ფუტკრის შენახვა, მოვლა და რომელიც წარმოადგენს ფუტკრის მუდმივ ან დროებით ფიზიკურ ადგილსამყოფელს და რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესის შესაბამისად;
ი) სკა – კონსტრუქცია, მათ შორის ხის მორისაგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია ფუტკრის ოჯახი, ჩვეულებისამებრ აღჭურვილი ჩარჩოებით, საფრენით, დასათბუნებელი მასალით, ხის ან სხვა მასალის საკუჭნაოთი;
კ) ფიჭა – ფუტკრების მიერ აგებული ცვილის ორმხრივი სტრუქტურა ჰექსაგონური ფორმის უჯრებით;
ლ) ფუტკრის ოჯახი – მეთაფლია ფუტკრების (Apis mellifera) ერთიანი ჯგუფი, ჩვეულებრივ ერთი დედა ფუტკრით, მუშა ფუტკრებით, სეზონური თავისებურების გათვალისწინებით მამალი ფუტკრებითა და ფუტკრის ბარტყით ან მათ გარეშე;
მ) ფუტკრის ბარტყი – განვითარებადი მეთაფლია ფუტკრის ყველა საფეხურის, დაწყებული კვერცხითა და დასრულებული ჭუპრით, კრებსითი სახელი;
ნ) ფუტკრის ოჯახის ბუდე – სკის ნაწილი, შემდგარი ჩარჩოებისგან, ფიჭებისგან და ფიჭის უჯრებში განთავსებული ფუტკრის ბარტყის, თაფლისა და ჭეოსაგან.
ტროპილელაფსოზის შემოჭრა-გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებები
ფუტკრის ოჯახების მოვლა-შენახვისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია საფუტკრე მეურნეობაში ახალი ოჯახების, დედა ფუტკრის, ფიჭის შემოტანა ტკიპი ტროპილელაფსის ინვაზიაზე მხოლოდ კეთილსაიმედო საფუტკრე მეურნეობიდან.
ტროპილელაფსოზის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. საფუტკრე მეურნეობაში ტროპილელაფსოზის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევისას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.
2. ტროპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება:
ა) პასუხისმგებელ პირს;
ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ცხოველების ტრანსპორტირებისას;
გ) ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის სერვისში;
დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სმსლ-ს ან კერძო ლაბორატორიებს.
3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სმსლ-ს.
4. სააგენტო ვალდებულია ტროპილელაფსოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს.
პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები
პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ფუტკრის დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;
ბ) ტროპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:
გ.ა) ფუტკრის ოჯახებთან მუშაობისას დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
გ.ბ) უზრუნველყოს ტროპილელაფსოზზე საეჭვო ფუტკრის ოჯახთან სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოყენებული ინვენტარის სათანადო გაუვნებლობა;
გ.გ) უზრუნველყოს ჯანმრთელი, ტროპილელაფსოზზე საეჭვო და დაავადებული ფუტკრის ოჯახების ცალ-ცალკე დათვალიერება და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების გატარება;
გ.დ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, არ დაუშვას:
გ.დ.ა) ტროპილელაფსოზზე საეჭვო შემთხვევის მქონე საფუტკრე მეურნეობიდან ფუტკრის ოჯახ(ებ)ის გადაადგილება, რეალიზაცია და ტროპილელაფსოზზე საეჭვო ოჯახიდან ფიჭების, საკვები მარაგის, დედა ფუტკრის, ბარტყის ან ზრდასრული ფუტკრის მასის სხვა სკაში გადატანა;
გ.დ.ბ) ფუტკრის ოჯახებისთვის განკუთვნილი საკვები მარაგების გატანა სასაწყობე სივრციდან;
გ.დ.გ) უზრუნველყოს ტროპილელაფსოზზე საეჭვო ფუტკრის ოჯახებიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, მადპ-ის სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების გადატანა და რეალიზაცია;
გ.ე) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები.
სააგენტოს ვალდებულებები
1. ტროპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე;
ბ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
გ) განახორციელოს ფუტკრის ოჯახების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი, ტროპილელაფსოზზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების განცალკევებაზე და საფუტკრე მეურნეობაში არსებული ცხოველური პროდუქტების მარაგის, მათ შორის, მადპ-ის დადგენაზე/აღწერაზე და მონაცემების შენახვაზე;
დ) აიღოს ნიმუშ(ებ)ი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის და გადააგზავნოს სმსლ-ში;
ე) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახებში ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;
ვ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს, ტროპილელაფსოზზე საეჭვო ფუტკრის ოჯახისა და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის საფუტკრე მეურნეობიდან გადაადგილების და რეალიზაციის შეზღუდვაზე.
2. ტოპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე.
3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) დროის ინტერვალს, ტკიპი ტროპილელაფსის საფუტკრე მეურნეობაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან დაავადების შეტყობინებამდე;
ბ) საფუტკრე მეურნეობაში ტროპილელაფსოზის შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიცირებას, სადაც ამთვისებელი ფუტკრის ოჯახები შეიძლება დასნებოვნდნენ იმავე წყაროდან;
გ) სხვა ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების დაინვაზირების შესაძლო მასშტაბს;
დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების, ცხოველური პროდუქტის, მადპ-ს ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია გამომწვევის გადატანა დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახიდან სხვა ფუტკრის ოჯახში.
4. ტროპილელაფსოზის დადასტურებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჩაატაროს შემდეგი ქმედებები:
ა) მოახდინოს ყოველი ახალი კერის აღრიცხვა;
ბ) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები;
გ) შეიმუშაოს პროექტი კარანტინის დაწესებაზე სახელმწიფო რწმუნებულის – ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;
დ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ტროპილელაფსოზის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე ზედამხედველობა.
სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან
1. საფუტკრე მეურნეობაში ტროპილელაფსოზის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, ტკიპი ტროპილელაფსის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას.
2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
ფუტკრის ოჯახებიდან ტროპილელაფსოზზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის მასალის აღების წესი
1. ტროპილელაფსოზის საეჭვო შემთხვევის დროს:
ა) გამოსაკვლევად ნიმუშების აღებას ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი;
ბ) ნიმუშის ამღები პირი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით და საჭირო ინსტრუმენტებით.
2. ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ტკიპის ნიმუშის აღება შესაძლოა მოხდეს ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას, ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:
ა) ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას, თუკი მასში არის მამალი ან მუშა ფუტკრის ჭუპრიანი უბნები, ხდება ცვილის სარქველების ასაფხეკი ჩანგლით ან მსგავსი მოწყობილობით ჭუპრის ფიჭის უჯრებიდან ამოყრა. ტროპილელაფსოზის არსებობის შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალით არის შესამჩნევი მოწითალო-მოყავისფრო ტკიპისა და მისი მოთეთრო ფერის მოზარდი ტკიპების სხეულები;
ბ) ფუტკრის ოჯახიდან ხდება ერთ-ერთი ფიჭიანი ჩარჩოს ამოღება და მისი ზედაპირიდან დაახლოებით 300 მუშა ფუტკრის (≈ 30გ) ჩაფერთხვა განიერყელიან 1 ლ-მდე მოცულობის ჭურჭელში. ფუტკრების ჭურჭლიდან ამოფრენის შესაფერხებლად ხელის წრაფი მოძრაობით ხდება მისი დაკაკუნება მაგარ ზედაპირზე. ფსკერისკენ მიკრულ ფუტკრებს ესხმება 70%-იანი ეთანოლის ხსნარი ან საპნიანი წყალი ისე, რომ ფუტკრის მასა მთლიანად დაიფაროს ხსნარით. ჭურჭელი იფარება თავსახურით 2 წუთის განმავლობაში, მისი მსუბუქად შენჯღრევის შემდეგ ჭურჭლის შიგთავსი გადმოიღვრება საცერზე, რომლის ცხაურის უჯრების დიამეტრი 2-3 მმ-ს შეადგენს. ამგვარად, ცხაურის ზედაპირზე დარჩება ფუტკრის მასა, ხოლო ხსნართან ერთად მოხდება ტკიპების სხეულების გამორეცხვა და შესაძლებელი იქნება მათი დანახვა და შეგროვება თეთრი ფერის ლანგრის ზედაპირიდან;
გ) ფუტკრის ოჯახიდან ხდება ბარტყიანი ჩარჩოს ამოტანა, სწრაფი მოძრაობით მასზე მსხდომი ზრდასრული ფუტკრები ბუდეშივე იფერთხება. ფუტკრისგან თავისუფალი ჩარჩო დამატებით იფერთხება მკვეთრი მოძრაობით თეთრი ფერის სუფთა ზედაპირზე, რომელზეც შესაძლებელი იქნება ტკიპი ტროპილელაფსის ადვილად გარჩევა და შეგროვება;
დ) ნაკლებინვაზიურ მეთოდს წარმოადგენს ფუტკრის საცხოვრებლის ფსკერად ისეთი ცხაურიანი კონსტრუქციის გამოყენება, რომელიც ფუტკრის ოჯახში ბუნებრივად ჩამოცვენილი ტკიპების შეგროვების საშუალებას მოგვცემს. ცხაურის ქვეშ უნდა განთავსდეს ვაზელინის, ზეთის ან მსგავსი წებოვანი ნივთიერებით გაპოხილი ქაღალდის ან პოლიეთილენის ფირი, რომელიც მიიკრავს ჩამოვარდნილ ტკიპებს და არ მისცემს მათ გადაადგილების საშუალებას;
ე) თუ სააგენტომ მიიჩნია საჭიროდ, შესაძლოა მოხდეს ფუტკრის ოჯახში ფუტკრებისა და პარაზიტი ტკიპის წინასწარ მოკვლა და ფუტკრის ოჯახის ბუდის დეტალური დათვალიერება.
3. ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, ფუტკრის ოჯახიდან, რომელშიც ვლინდება ტკიპი ტროპილელაფსი აღებული უნდა იქნეს ტკიპის იმაგო ფორმები. ნიმუში, შეძლებისდაგვარად, მექანიკური დაზიანების გარეშე, უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის კონტეინერში.
4. ტროპილელაფსოზის ნიშნების არმქონე ოჯახებიდან სადიაგნოსტიკო მიზნით ხდება ფუტკრის ოჯახის სკის ფსკერზე დაგროვილი ნარჩენების ნიმუშის აღება, რომელიც უნდა განთავსდეს პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში.
5. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდგომ ერთჯერადი სპეციალური ტანსაცმელი, გარდა სათვალეებისა, უნდა მოთავსდეს ბიოუსაფრთხოების პარკში და შეიკრას. ბიოუსაფრთხოების პარკების დაწვა უნდა მოხდეს ინსენერატორში. სათვალეები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით. ხელები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით ან სადეზინფექციო ჟელეთი და შემდგომ დაბანილი უნდა იქნეს წყლით. სინჯის აღების დროს გამოყენებული მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარი უნდა დამუშავდეს შესაბამისი დეზინფექტანტით.
ტროპილელაფსოზე გამოსაკვლევი მასალის სინჯის/ნიმუშის შეფუთვა-ტრანსპორტირება
1. ტროპილელაფსოზზე ლაბორატორიული გამოკლევისთვის აღებული ნიმუშები ტრანსპოტირებამდე უნდა მოთავსდეს პლასტმასის ჰერმეტულთავსახურიან სუფთა კონტეინერში, ხოლო ნიმუშების მეორადი შეფუთვა უნდა მოხდეს პოლიეთილენის პაკეტში.
2. გაგზავნამდე ნიმუში უნდა მოთავსდეს ეთანოლის 70%-იან ხსნარში.
3. იმ ნიმუშების შენახვა და ტრანსპორტირება, რომლებიც არ ინახება 70%-იანი ეთანოლის ხსნარში, უნდა მოხდეს ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით.
4. დაუშვებელია მინის კონტეინერის გამოყენება ნიმუშის პირველადი ან შემდგომი შეფუთვისას.
5. გამოსაკვლევად გასაგზავნ პათოლოგიურ მასალას გარედან კონტეინერზე მითითებული უნდა ჰქონდეს საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციის და სკაზე დატანილი ფუტკრის ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომერი.
6. პათოლოგიური მასალა, აღებიდან დაუყოვნებლივ არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, სათანადო პირობების დაცვით უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში.
საფუტკრე მეურნეობაში ტროპილელაფსოზის ინვაზიის დადასტურების შემთხვევაში ჩასატარებელი ღონისძიებები
1. ტროპილელაფსოზის დადასტურების შემთხვევაში ეპიზოოტიური კერა და მის ირგვლივ არანაკლებ 3 კმ რადიუსი ცხადდება საკარანტინო ზონად.
2. სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა, რომ განისაზღვროს ტკიპის ინტროდუცირების შესაძლო გზა და შეფასდეს მისი შესაძლო გავრცელების არეალი და დაავადების აფეთქების თავისებურებები.
3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევის შედეგების შესწავლის საფუძველზე, მავნებლის აღმოფხვრის შესაძლებელი გზების შეფასებით განისაზღვრება ტროპილელაფსოზის მართვის ერთ-ერთი სქემის განხორციელება:
ა) პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ფუტკრის ყველა ოჯახის მოკვლა საფუტკრე მეურნეობაში, რომელშიც დადასტურდა ტროპილელაფსოზი;
ბ) ოჯახების მკურნალობა:
ბ.ა) ერთ-ერთი ავტორიზებული აკარიციდის გამოყენებით დედა ფუტკრების 25 დღით დატყვევების პარალელურად ან დედა ფუტკრების ერთდროულად ყველა ოჯახში მოკვლის და მათი სადედე ჯამებით ჩანაცვლების ფონზე;
ბ.ბ) ერთ-ერთი ავტორიზებული აკარიციდის გამოყენებით ფუტკრის ოჯახებიდან ყველა ბარტყიანი ჩარჩოს ამოტანის და განადგურების შემდგომ.
4. საფუტკრე მეურნეობაში არსებული ცხოველური პროდუქტისა და დაავადებულ ფუტკრის ოჯახთან შეხებაში მყოფი ყველა საგნის გაუვნებლობა უნდა მოხდეს ამ წესის მე-12 მუხლში მითითებული მეთოდების შესაბამისად.
5. დაავადებული ოჯახების მოკვლიდან ან მკურნალობიდან არა უადრეს 3 და არა უგვიანეს 5 კვირისა უნდა ჩატარდეს სახელმწიფო კონტროლი, რომლის დროსაც უნდა დათვალიერდეს საფუტკრე მეურნეობაში არსებული ყველა ოჯახი.
ტროპილელაფსოზთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები
1. ეპიზოოტიურ კერაში იკრძალება:
ა) ფუტკრის ოჯახების შეყვანა და გამოყვანა;
ბ) ტროპილელაფსოზით დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახებიდან ფუტკრების, ჩარჩოების, ფიჭის, ფიჭის ნაწილებისა და საკვები მარაგის გადატანა სხვა ოჯახებში;
გ) ფუტკრის ოჯახების, ცოცხალი ან მკვდარი ფუტკრების, ფიჭების, ფიჭის ნაწილების, ფიჭის ნარჩენების, დაუმუშავებელი ცვილის, სკის და გამოყენებული ინვენტარის გატანა საფუტკრიდან;
დ) მადპ-ს ფუტკრის დამატებითი საკვების, სკების და საფუტკრე მოურნეობაში გამოყენებული იარაღების გატანა;
ე) იმავე საფუტკრე მეურნეობიდან მიღებული, ცალკე მარაგის სახით არსებული თაფლის, ჭეოს გამოყენება ფუტკრის საკვებად ან სარეალიზაციოდ მათი გაუვნებლობის გარეშე, რომელიც უნდა მოხდეს მოცემული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
ვ) დაავადებული ოჯახებიდან ცხოველური პროდუქტების მიღება.
2. საფუტკრე მეურნეობაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, ვეტერინარ(ებ)ს.
3. მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა უნდა მოხდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების შესაბამისად.
4. ეპიზოოტიურ კერაში უნდა ჩატარდეს საფუტკრე მეურნეობის დასუფთავება და გაუვნებლობა ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.
დასუფთავება და გაუვნებლობა
1. იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება ფუტკრის ოჯახის მოკვლა, დასუფთავებამდე და გაუვნებლობამდე უნდა მოხდეს ფუტკრის ოჯახის ჩაკეტვა საღამოს ფუტკრების ფრენის შეწყვეტის შემდგომ ან დილით ფრენის განახლებამდე და ფუტკრებისა და მავნებლის მოკვლა გოგირდის დიოქსიდის ან სააგენტოს მიერ შერჩეული სხვა საშუალებით. ოჯახის მოკვლის შემდგომ ფუტკრის იმაგო ფორმები უნდა დაიწვას, ხოლო ფუტკრის საცხოვრებელი და ოჯახის ბუდის შემადგენელი ნაწილები (თაფლიანი, ბარტყიანი და ცარიელი ფიჭები და ჩარჩოები) უნდა გაუვნებლდეს ამ მუხლის მე-12 მუხლის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება ფუტკრის ოჯახებიდან მხოლოდ ბარტყიანი ფიჭების ამოტანა, მათი გაუვნებლობა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, თერმული დამუშავებით (მდუღარე წყალში გადადნობით) ან განადგურება დაწვით.
3. სკა, გარდა ნამჯისგან დამზადებულისა, გეჯებისა და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული საცხოვრებლებისა, გაუვნებლობამდე უნდა დასუფთავდეს ზედაპირების ჩამოფხეკით. ყურადღება უნდა მიექცეს სკის კონსტრუქციაში არსებული კუთხეებიდან, ბზარებიდან და წარმოქმნილი ღრუებიდან სხვადასხვა ნარჩენების მოცილებას. აღნიშნული ნარჩენები უნდა დაიწვას.
4. ხისგან დამზადებული სკა, მისი ნაწილებიანად და ხის აღჭურვილობა (ჩარჩოები, თამასები, საკვებურები) დასუფთავების შემდგომ გაუვნებელყოფილი უნდა იქნეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:
ა) ზედაპირებზე ცეცხლის ალის შემოტარებით. ცეცხლის ალით გამოწვა უნდა გაგრძელდეს ხის ზედაპირის ფერის ცვლილებამდე;
ბ) 160°C ტემპერატურის მქონე გამდნარ პარაფინში ჩატვირთვით სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში;
გ) ცოცხალი ფუტკრებისგან სულ მცირე 21 დღის განმავლობაში იზოლირებულად შენახვით.
5. პლასტმასისგან დამზადებული სკების ზედაპირები უნდა დამუშავდეს 100°C ან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე წყლის ორთქლით ან შენახულ იქნეს ცოცხალი ფუტკრებისგან იზოლირებულად სულ მცირე 21 დღის განმავლობაში.
6. ნამჯისგან დამზადებული სკა, გეჯები და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული სკა უნდა დაიწვას.
7. საფარი ტილოები უნდა განადგურდეს დაწვით.
8. ფიჭების, ფიჭის ნაწილებისა და ნარჩენების, ხელოვნური ფიჭის, ცვილის, საკვები მარაგების და ნებისმიერი იმ საგნის, რომელიც შესაძლოა კონტაქტში ყოფილიყო ტკიპი ტროპილელაფსოზთან, გაუვნებლობა უნდა მოხდეს მათი ფუტკრებისგან იზოლირებულად შენახვით სულ მცირე 21 დღის მანძილზე.
9. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი მეფუტკრეობის სასურსათო პროდუქტების გაუვნებლობა უნდა მოხდეს მათი შენახვით, ცოცხალი ფუტკრებისგან იზოლირებულად, სულ მცირე 21 დღის მანძილზე ან სააგენტოს მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით.
კარანტინის მოხსნა
1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებიდან სულ მცირე 3 კვირაა გასული და საკარანტინო ზონაში არსებული ფუტკრის ოჯახების დათვალიერებით არ ვლინდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
2. კარანტინი იხსნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
მადპ-თან, ფუტკართან და მეფუტკრეობის სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები
1. მადპ, რომელიც გამიზნულია ექსკლუზიურად მეფუტკრეობისათვის არ უნდა იყოს იმ ტერიტორიიდან, რომელიც ექვემდებარება აკრძალვას, რომელიც უკავშირდება ფუტკრის ტროფილელაფსოზის არსებობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს მიერ რისკი შეფასდა, როგორც უმნიშვნელო, გასცა სპეციალური ავტორიზაცია მხოლოდ ქვეყანაში გამოსაყენებლად, და მიღებულ იქნა ყველა სხვა საჭირო ზომა, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
2. ფუტკარი შეიძლება დაექვემდებაროს:
ა) გადაადგილებას (მათ შორის მთაბარობას), თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება ტროპილელაფსოზზე შეზღუდვას ან ამ არეალში მოხსნილია კარანტინი;
ბ) ბაზარზე განთავსებას კარანტინის მოხსნიდან 30 დღის შემდეგ ან თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება ტროპილელაფსოზზე შეზღუდვას.
3. საფუტკრე მეურნეობიდან და მასთან არსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოდან მეფუტკრეობის სასურსათო პროდუქტების გატანა და რეალიზაციაზე შეზღუდვა იხსნება ამ წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულის ერთ – ერთი მეთოდით გაუვნებლობის შემდეგ.
4. აკრძალულია ცვილის ფიჭის სახით იმპორტი და ტრანზიტი.
საგანგებო გეგმა
1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;
ბ) რეგიონებში დაავადების ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების მაღალი სიმჭიდროვისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების ახლომდებარე ზონები დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;
გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;
დ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;
ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;
ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ტროპილელაფსოზის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა.
2. ვეტერინარებმა და მეფუტკრე ფერმერებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სწავლებები ტროპილელაფსოზის კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
3. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა.