პომიდვრის ბიოწარმოებაში დამხმარე „თანამგზავრი“ მცენარეების გამოყენების ბიოლოგიური, სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობა
დამხმარე „თანამგზავრი“ მცენარეების შეთესვა/დარგვა ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურასთან და მათი ალელოპათიური უნარების გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (1). განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი ამ საკითხს ორგანულ სოფლის მეურნეობაში ეთმობა. დამხმარე მცენარეების მიერ გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ე.წ. ალელოქიმიკატები გავლენას ახდენენ როგორც მეზობელ მცენარეებზე, ისე მათ მავნებელ-დაავადებებსა და სარეველებზე. ეს გავლენა შეიძლება იყოს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. თუმცა ალელოპათიის ორივე სახე შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ მცენარეთა მავნე ორგანიზმების ბიოკონტროლში (2).
ალელოპათიურ დამხმარე მცენარეთა პოპულარიზაციისა და პრაქტიკაში წარმატებით დანერგვისათვის მნიშვნელოვანია, სამეცნიერო კვლევის პროცესში გაანგარიშდეს მცენარეთა დაცვის ღონისძიებებში მათი ჩართვის არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობაც, რაც შემდგომში ფერმერებს გაუადვილებს მათთვის მისაღები დამხმარე მცენარეების შერჩევასა და გამოყენებას.
ჩვენს მიერ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MR-23-206], მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პომიდვრის „თანამგზავრი“ მცენარეების (ლობიო, ბოსტნის რეჰანი, იმერული ზაფრანა) ალელოპათიური შესაძლებლობების შესწავლას.
კვლევა ჩატარდა 2023-2024 წლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ ბაზაზე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში კერძო მფლობელის ნაკვეთში. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა პომიდორი (Lycopersicon esculentum L.) ჯიში „ხარისგულა“) და დამხმარე მცენარეები: რეჰანი (Ocimum basilicum L.), იმერული ზაფრანა (Tagetes patula L.) და ლობიო (Phaseolus vulgaris L.) ჯიში „ცანავა“). მცენარეები განთავსებული იყო 4 ვარიანტად:
- ვარიანტი 1 – პომიდორთან მწკრივებში შეთესილია რეჰანი;
- ვარიანტი 2 – პომიდორთან მწკრივებში შეთესილია იმერული ზაფრანა;
- ვარიანტი 3 – პომიდორთან მწკრივებში შეთესილია ლობიო;
- ვარიანტი 4 – საკონტროლო – პომიდორი „თანამგზავრი“ მცენარის გარეშე.
სურ.1 პომიდორთან დარგული იმერული ზაფრანა სურ.2 პომიდორთან დარგული რეჰანი
თითოეული ვარიანტი აღებული იყო 3-3 განმეორებით. ერთი დანაყოფის ფართი შეადგენდა 30 მ2-ს. საველე ცდების დაგეგმვა განხორციელდა ურთიერთთავსებადობისა და ალელოპათიური ურთიერთობების გათვალისწინებით (3; 4);
ექსპერიმენტული საველე კვლევის დასრულების შემდეგ ჩვენს მიერ გამოთვლილი იქნა წილკნის საცდელ ბაზაზე კვლევის თითოეულ ვარიანტში ჩართულ მცენარეთა გამოყენების ბიოლოგიური ანუ ტექნიკური, სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობები. ბიოლოგიური ეფექტიანობა გაანგარიშებული იქნა ფორმულით: T=(Pსაკ.-Pსაც.)/Pსაკ.x100, სადაც T – არის ბიოლოგიური ეფექტიანობა (%), Pსაკ. – საკონტროლო მცენარეების დაავადების გავრცელების პროცენტი, ხოლო Pსაც. – საცდელი მცენარეების დაავადების გავრცელების პროცენტი. სამეურნეო ეფექტიანობა გავიანგარიშეთ ფორმულით: X=(A-B)/A x 100, სადაც X არის სამეურნეო ეფექტიანობა %-ებში, A – მოსავალი საცდელ ვარიანტში, B – მოსავალი საკონტროლო ვარიანტში. ეკონომიკური ეფექტიანობის დასადგენად გაანგარიშდა აღრიცხული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლისათვის გაწეული დანახარჯები, მიღებულ შემოსავლები და განისაზღვრა რენტაბელობა.
ბიოლოგიური ეფექტიანობის შესწავლის შედეგები მოტანილია ცხრილ N 1-ში.
ცხრილი N 1
პომიდვრის „თანამგზავრი“ მცენარეების გამოყენების ბიოლოგიური ეფექტიანობა მავნე ორგანიზმების მიმართ
ვარიანტები | ბიოლოგიური ეფექტიანობა (%) | |||||||
მავნებლების
მიმართ |
დაავადებების მიმართ | სარეველების
მიმართ |
||||||
ბოსტნეულის მწვანე
ბაღლინჯო (Nezara viridula L) Nezara viridula L. |
სამხრეთამერიკულ მენაღმე ჩრჩილი Tuta absoluta (Meyrick.) | ალტერნარიოზი
Alternaria sp. |
ვირუსები და მიკოპლაზმები | ღორის ბირკა Xanthium strumarium L. | შალაფა Sorghum halepense (L.) Pers.). | ხვართქლა Convolvulus arvensis L. | დანდური (Portulaca oleracea L.) | |
იმერული ზაფრანა პომიდორთან | 64.3 | 60.0 | 12.1 | 75.5 | 50.0 | 50.0 | _ | _ |
რეჰანი პომიდორთან | 55.4 | 60.0 | 15.2 | 71.1 | 50.0 | 50.0 | _ | _ |
ლობიო პომიდორთან | _ | _ | _ | _ | _ | _ | _ | 50.0 |
საკონტროლო (შეთესვის/
დარგვის გარეშე) |
_ |
_ |
_ |
_ |
_ |
_ |
_ |
_ |
დიაგრამა N 1
ბიოლოგიურ ეფექტიანობა გვიჩვენებს, თუ რამდენად ამცირებს მავნე ორგანიზმების გავრცელებას მცენარეთა დაცვის ესა თუ ის ღონისძიება. ამ მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა იმერული ზაფრანას ვარიანტი როგორც მავნებლების (64.3% ბოსტნეულის ბაღლინჯოს და 60% ჩრჩილის მიმართ), ისე ვირუსული და მიკოპლაზმური დაავადებების მიმართ (75.5%). ასევე რეჰანის ვარიანტში გავრცელებული მავნებლების მიმართ აღინიშნა 55.4%-იანი და 60%-იანი, ხოლო ვირუსული და მიკოპლაზმური დაავადებების მიმართ 71.1 %-იანი ეფექტიანობა. ალტერნარიოზის მიმართ ორივე „თანამგზავრი“ მცენარის შემთხვევაში ბიოლოგიური ეფექტიანობა არ იყო მაღალი და მხოლოდ 12.1-15.2%-ს აღწევდა. რაც შეეხება სარეველების მიმართ ეფექტიანობას, სამივე საცდელ ვარიანტში (იმერული, ზაფრანა, რეჰანი, ლობიო) ეფექტიანობა საკმაოდ მაღალი იყო და 50 %-ის ფარგლებში მერყეობდა.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კვლევაში ჩართული ალელოპათიური მცენარეების, როგორც მავნე ორგანიზმების ბიოკონტროლის ერთ-ერთი საშუალების, გამოყენების ბიოლოგიური ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია და უმეტესი მავნე ორგანიზმების შემთხვევაში 50 %-ს აჭარბებს.
რაც შეეხება სამეურნეო ეფექტიანობას, შედეგები წარმოდგენილია ცხრილ N 2-ში.
ცხრილი N 2
პომიდვრის თანამგზავრი ალელოპათიური მცენარეების სამეურნეო ეფექტიანობა წილკნის საცდელ ბაზაზე
N | ვარიანტები | სამეურნეო ეფექტიანობა
(%) |
1 | იმერული ზაფრანა პომიდორთან | 39.7 |
2 | რეჰანი პომიდორთან | 54.5 |
3 | ლობიო პომიდორთან | 64.3 |
4 | საკონტროლო (შეთესვის/დარგვის გარეშე) | _ |
დიაგრამა N 2
საველე კვლევებით და წონითი ანალიზებით დადგინდა, რომ უკეთესი მოსავლიანობა და შესაბამისად, მაღალი სამეურნეო ეფექტიანობა შეინიშნებოდა ყველა საცდელ ვარიანტში. კერძოდ, იმერული ზაფრანის შემთხვევაში სამეურნეო ეფექტიანობამ 39.7 % შეადგინა, რეჰანის გამოყენების შემთხვევაში – 54.5 %, ხოლო ლობიოს ვარიანტში – 64.3 %.
რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტიანობას, იგი გვიჩვენებს, რამდენად რენტაბელურია მცენარეთა დაცვისათვის გამოყენებული ესა თუ ის ღონისძიება. ეკონომიკური ეფექტიანობის დასადგენად თითოეული ვარიანტისათვის გაანგარიშდა როგორც დანახარჯები, ისე შემოსავლები და მოხდა მათი თანაფარდობა მეთოდიკის შესაბამისად. იხილეთ ცხრილი N 3.
ცხრილი N 3
პომიდვრის „თანამგზავრი“ ალელოპათიური მცენარეების ეკონომიკური ეფექტიანობა წილკნის საცდელ ბაზაზე
ვარიანტები | მოსავლიანობა (ტ/ჰა) | 1 ტ ღირებულება
(ლარი) |
პროდუქციის საერთო
ღირებულება 1 ჰა-დან (ლარი) |
დანახარჯები მოყვანაზე
ლ/ჰა |
თვითღირებულება | წმინდა შემოსავალი ლ/ჰა | რენტაბელობა % | |
სულ | მათ შორის
დამატებითი შემოსავალი |
|||||||
იმერული ზაფრანა პომიდორთან | 48.2 | 3000 | 144 600 | 41 100 | 32 200 | 0.67 | 112 400 | 349 |
რეჰანი პომიდორთან | 53.3 | 3000 | 159 900 | 56 400 | 31 300 | 0.59 | 128 600 | 410 |
ლობიო პომიდორთან | 56.7 | 3000 | 170 100 | 66 6000 | 34 500 | 0.60 | 135 600 | 393 |
საკონტროლო (შეთესვის/დარგვის გარეშე) | 34.5 | 2000 | 69 000 | _ | 30 900 | 0.90 | 38 100 | 123 |
ამრიგად, რომ შევაჯამოთ ჩვენს მიერ პომიდვრის ბიოწარმოებაში გამოყენებული ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტიანობა, ალელოპათიური და ფიტორემედიაციული მცენარეების გამოყენებით ვიღებთ საკმაოდ მაღალ რენტაბელობას. კერძოდ, იმერული ზაფრანს ვარიანტში წილკნის საცდელ ბაზაზე დანახარჯების და შემოსავლების გათვალისწინებით რენტაბელობა გვქონდა 349 % (უკუგება – 3 ლარი და 49 თეთრი ყოველ დახარჯულ 1 ლარზე). მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობით განსაკუთრებით გამოირჩეოდა პომიდორთან შეთესილი რეჰანი, სადაც ყოველ დახარჯულ 1 ლარზე, მოგება შეადგენდა 4 ლარსა და 10 თეთრს. ასევე მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობა აღინიშნა ლობიოს შეთესვისას. ამ ვარიანტში, მოგებამ ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 3 ლარსა და 93 თეთრს მიაღწია.
რეზიუმე
ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ბიოლოგიური ეფექტიანობის მხრივ ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა პომიდორთან შეთესილი იმერული ზაფრანას ვარიანტი, როგორც მავნებლების (64.3%-იანი ეფექტიანობა ბოსტნეულის ბაღლინჯოს და 60%-იანი ეფექტიანობა სამხრეთ ამერიკული ჩრჩილის მიმართ), ისე ვირუსული და მიკოპლაზმური დაავადებებისა (75.5%-იანი ეფექტიანობა) და სარეველების მიმართ (50%-იანი ეფექტიანობა). სამეურნეო ეფექტიანობა კი ყველაზე მაღალი იყო ლობიოს ვარიანტში და 64.3 %-ს მიაღწია. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტიანობას, ყველაზე რენტაბელური გამოდგა პომიდორთან შეთესილი რეჰანის ვარიანტი, სადაც მოგებამ ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 4 ლარი და 10 თეთრი შეადგინა.
წარმოდგენილ კვლევაში გამოყენებული პომიდვრის დამხმარე „თანამგზავრი“ მცენარეები ხასიათდებიან უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ მაღალი ბიოლოგიური, სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობით და რეკომენდებულია მათი ჩართვა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებებში როგორც ბიოლოგიურ, ისე კონვენციურ მეურნეობებში.
Summary
Biological, agricultural and economic effectiveness of using „companion“ plants in organic tomato production
Demuri Bakuradze, Master’s student at the Agricultural University
Mzia Beruashvili, Visiting Professor at the Agricultural University, Chief Specialist of the Bioagricultural Production Service of the Agricultural Scientific Research Center
This study, conducted as part of a master’s thesis and supported by the Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (grant number MR-23-206), examines the biological, agricultural, and economic efficiency indicators of using “companion” plants (beans, garden basil, marigold “Imeretian saffron”) with allelopathic potential, intercropped with tomatoes in organic production. The research was carried out at the Tsilkani Experimental Base of the Agricultural Scientific Research Center.
The studies showed that the marigold “Imeretian saffron” variant sown with tomatoes was the most effective in terms of biological effectiveness against pests (64.3% effectiveness against the vegetable moth and 60% effectiveness against the South American moth), as well as against viral and mycoplasma diseases (75.5% effectiveness) and weeds (50% effectiveness). The agricultural efficiency was highest in the bean variant and reached 64.3%. As for the economic efficiency, the most profitable variant was the basil variant sown with tomatoes, where the profit for every 1 GEL spent amounted to 4 GEL and 10 tetri.
The tomato “companion” plants used in the presented study are characterized in most cases by quite high biological, agricultural, and economic efficiency, and it is recommended that they be included in integrated plant protection measures in both organic and conventional farms.
გამოყენებული ლიტერატურა
- Ren Sen Zeng, Azim U. Mallik, Shi Ming Luo. Allelopathy in Sustainable Agriculture and Forestry, 2008.
- ბერუაშვილი მ., კერესელიძე მ. – პესტიციდური აქტივობის მცენარეთა გავლენა მწვანე ფაროსანას (Nezara viridula L.) რიცხოვნობაზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები” შრპმათა კრებული, თბილისი, 2023, გვ. 293-297
- ჭანიშვილი შ, ტყებუჩავა ზ, ბუცხრიკიძე გ. საცდელი საქმის მეთოდიკა მემცენარეობაში, თბილისი, 2017, 170 გვ.
- კარბელაშვილი ზ. ბიომეურნეობის საფუძვლები. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, გამომცემლობა “ბუნება პრინტი”. თბილისი, 2009, 88 გვ.
დემური ბაკურაძე, აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრანტი
მზია ბერუაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი