„პურის ფესტივალი” აკანთუსის პრიზის ოქროს ჯილდოს გამარჯვებულია
პურის ფესტივალი, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, მიზნად ისახავს ქართული ენდემური ხორბლის ჯიშებისა და პურის ტრადიციების დაცვას, კვლევასა და პოპულარიზაციას, მცირე მეწარმეთა მხარდაჭერას.
ფესტივალი საგანმანათლებლო ღონისძიებებით და მასტერკლასებით არის დატვირთული, რაც ხელს უწყობს ტრადიციული ცოდნის გადაცემასა და კულტურული იდენტობის გაძლიერებას
აკანთუსის პრიზი დაარსდა ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტის (ERHG) მიერ 2025 წლის 27 მაისს, ბრიუსელში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც ჩატარდა ისტორიული ბაღების VIII ევროპული ფორუმის ფარგლებში.
ERHG-ის სამეცნიერო კომიტეტის მიერ დაორგანიზებული პრემია მიზნად ისახავს გამოავლინოს და დააჯილდოოს გამორჩეული ინიციატივები ისტორიული ბაღების დაცვის, რესტავრაციისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.
პრიზის გამარჯვებულებს ავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია ERHG-ის სამეცნიერო კომიტეტის წევრებით და გასცემს სამი სინჯის (ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო) ჯილდოს.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს კატეგორიაში – “საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება” – წარდგენილი ჰქონდა “პურის ფესტივალი”, რომელიც დაჯილდოვდა უმაღლესი, ოქროს სინჯის პრიზით!
პურის ცხობის მასტერკლასების, გამოფენებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით, ფესტივალი ვიზიტორებს სთავაზობს უშუალო გამოცდილებას გაეცნონ ხორბლის ქართულ ენდემურ სახეობებს, ხორბლის მოყვანის და წარმოების ტრადიციებსა და კულტურულ თავისებურებებს და ჩაერთონ ტრადიციული ქართული პურის მომზადების პროცესში.
ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს ხორბლის კულტურის პოპულარიზაციას და იმ მცირე მეწარმეების ცნობადობის გაზრდას, რომლებსაც თავიანთ ფერმერულ მეურნეობებში მოჰყავთ ხორბლის ადგილობრივი სახეობები და ჯიშები.
ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი (ERHG) არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც 2017 წლიდან აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან ისტორიულ ბაღებს ერთ საერთო მარშრუტში.
2020 წელს მას მიენიჭა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის ოფიციალური სტატუსი.
ასოციაცია აერთიანებს 31 წევრ ბაღს და სხვადასხვა ტიპის ისტორიულ სივრცეებს, მათ შორის: სამეფო სასახლეებს, ციხესიმაგრეებს, მონასტრებს, არისტოკრატიულ მამულებს და რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღებს.
აღნიშნულ პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვება ზრდის საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პრესტიჟს, აძლიერებს ადგილობრივი ტრადიციების მნიშვნელობას, ქართული ხორბლისა და პურის კულტურის გლობალურ პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სახელით მადლობას ვუხდით კონკურსის ჟიურის წევრებს, “პურის ფესტივალის” პროექტის ინიციატორებს, ორგანიზატორებს, მეცნიერ მუშაკებს, ვინც ჩართულია ფესტივალის შემეცნებითი ნაწილის განვითარებაში, ყველას ვინც წვლილი შეიტანა პურის ფესტივალის პოპულარიზაციაში.

