დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართლის სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშები

გორული მწვანე, შავკაპიტო, გორულა, თითა ქართლური

გორული მწვანე

სინონიმები: მწვანე, თეთრფოთოლა, სურამულა, ჯიშიანი, ლურჯი მწვანე,
ქვიშხური

მაღახარისხოვანი საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ვაზის ჯიშია.

მისი პროდუქცია გამოიყენება ევროპული ტიპის, შემაგრებული სადესერტო და საკუპაჟე მასალად ცქრიალა ღვინის მისაღებად.

ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ანიეროვალური. ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს ახასიათებს ხშირი შებუსვა.

მტევანი საშუალო სიდიდის, განიერკონუსური, ხშირად განტოტვილი.
საშუალო სიკუმსის, იშვიათად კუმსი. მარცვალი საშუალო ზომის, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო.

სქელკანიანი, სასიამოვნო, ტკბილი ხალისიანი მომჟავო გემოთი.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა იწყება აპრილის მეორე დეკადაში; ყვავილობის დასაწყისი მაისის ბოლო, ივნისის პირველი ნახევარი; შეთვალება აგვისტოს პირველი ნახევრიდან; სიმწიფე ოქტომბრის პირველი ნახევარი.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 165-171 დღე. ვაზისაშუალოზე ძლიერი ზრდისაა. მოსავალი 1ჰა 70-80ც. მტევნის წონა 200-255გ.

ჯიშს ახასიათებს ყვავილცვენა. მის საწინააღმდეგოდ აუცილებელია სწორი ფიტოტექნიკური ღონისძიებების ჩატარება. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ნაკლებად გამძლეა.

კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს.

ჯიშის თავისებურებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი წარმოება ქართლის, გარე კახეთის და მესხეთის მევენახეობის რაიონებისათვის ყურძნის წვენის შაქრიანობა: 23.5- 24%, საერთო მჟავიანობა: 6.0-7.5გ/ ლ, PH-3.33

შავკაპიტო

სინონიმები: შავკაპიტა, შავი კაპიტო, ბლაუჰერცერ (ლურჯლერწიანი)

საღვინე ვაზის ჯიშია. მზადდება მაღალხარისხოვანი ღვინო.

ფოთოლი საშუალო სიდიდის, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, ღრმად
დანაკვთული. მკვეთრად გამოხატული მუქი მწვანე შეფერვის, ფირფიტის ზედაპირი გლუვი ან ბურთულოვანი, სამ-ხუთნაკვთიანი.

ფირფიტა ქვედა მხრიდან შებუსულია საშუალო სიხშირით.

მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი,
ახასიათებს ორი მხარი, რომელთა სიგრძე ზოგჯერ მტევნის სიგრძის
ნახევარს აღწევს. მარცვალი საშუალო ზომის, მომრგვალო ფორმის,
მუქი ლურჯი შავ ფერში გარდამავალი. კანი თხელი, მკვრივი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა აპრილის მეორე ნახევრიდან, ყვავილობა
მაისის ბოლო, ივნისის პირველი დეკადა; შეთვალება – აგვისტოს
დასაწყისი. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა (სექტემბრის ბოლო ოქტომბრის პირველი ნახევარი). სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 170-175 დღე.

ვაზი საშუალო ზრდისაა და მოსავალი 1ჰა 60-75ც. მტევნის საშუალო წონა 190-220გ. სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაოდ გამძლეა. შედარებით გამძლეობას იჩენს გვალვის მიმართ. ჯიში პერსპექტიულია მესხეთის მევენახეობის რაიონებისათვის.

ყურძნის წვენის შაქრიანობა: 23.8- 24.2%, საერთო მჟავიანობა: 4.2- 8.4გ/ლ, ყურძნის წვენის PH-3.86


გორულა

სინონიმები: გლდანულა, სუფრის გორულა, მრგვალი ყურძენი

მაღალხარისხოვანი სასუფრე ყურძნის ჯიშია. ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით, ხანგრძლივი შენახვისუნარიანობით და ტრანსპორტაბელობით. ზოგჯერ გამოიყენება სხვა ჯიშებთან კუპაჟში სუფრის ღვინის დასამზადებლად.

ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის,
ხუთნაკვთიანი. ზედაპირი საშუალო ბურთულოვნებით, ფირფიტის ქვედა მხარე შეუბუსავია.

მტევანი საშუალო, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საშუალო სიკუმსის ან კუმსი.

მარცვალი საშუალო ზომის, ოდნავ ოვალური, კანზე ყავისფერი წინწკლებით. მომწვანო-მოყვითალო, სქელკანიანი, საშუალოზე მკვრივი კონსისტენციის, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა აპრილის პირველი დეკადა, ყვავილობა
ივნისის პირველი ნახევარი; შეთვალება აგვისტოს პირველი დეკადა.
არის საგვიანო სიმწიფის პერიოდის, მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 172-178 დღეა.
გამოირჩევა ძლიერი ზრდით. დიდი დატვირთვის შემთხვევაში იძლევა
უხვ მოსავალს. აქედან გამომდინარე ჯიში შესაძლებელია გამოყენებული
იქნეს სახეივნედაც. 1 ჰა მოსავალი 90-100ც. მტევნის საშუალო წონა
190-220გ.

სოკოვან დაავადებათა მიმართ ჯიშს ახასიათებს საკმაო გამძლეობა. ყინვისა და გვალვის მიმართ საშუალო გამძლეობისაა.

ყურძნის წვენის შაქრიანობა: 22-23.7% ; საერთო მჟავიანობა: 6.8-7.0გ/ლ, ყურძნის წვენის PH-3.6


თითა ქართლური

სინონიმები: თითა, თითა ყურძენი, რბილთითა, ატენის თითა

სასუფრე ყურძენის ჯიშია. ნაკლებად ტრანსპორტაბელურია.

პროდუქტი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.

ფოთოლი საშუალო ზომის, მუქი მწვანე, მომრგვალო, ან ოვალური ფორმის ხუთნაკვთიანი. ღრმად დანაკვთული. ფირფიტის ზედაპირი გლუვი, ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავი.

მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი, კუმსი.
არის საშუალო სიკუმსის და თხელი მტევნებიც. მარცვალი მოგრძო
ოვალური, საშუალო ზომის. მომწვანო-მოყვითალო, მზის მხარეზე
მოვარდისფრო-მოყავისფრო. კანი თხელი, საშუალო კონსისტენციის
საკმაო რბილობიანი და წვნიანი.

მეტად ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. მცირედ ან საშუალოდ დაფარული ცვილისებური ნაფიფქით.

ფენოლოგია: კვირტის გაშლა აპრილის მეორე ნახევრიდან, ყვავილობა
მაისის ბოლოს-ივნისის პირველი დეკადა; შეთვალება აგვისტოს დასაწყისი, ჯიში საშუალო-საადრეო, ან საშუალო პერიოდისაა (სექტემბრის დასაწყისი – სექტემბრის დასასრული).

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 156-160 დღე.

მცენარე საშუალოზე ძლიერი ზრდით ხასიათდება და საშუალო მოსავლიანობით. მტევნის საშუალო წონა 250- 320გ. ჯიში გამოიყენება
სახეივნედაც.

სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობისაა. საკმაოდ კარგად იტანს ზამთრის ყინვებს და გვალვაგამძლეა. პერსპექტიულია მთისწინა რაიონებისათვის.

ყურძნის წვენის შაქრიანობა: 20-22% საერთო მჟავიანობა: 5.3-6.0 გ/ლ,
ყურძნის წვენის PH -3.43.

ლონდა მამასახლისაშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი