აგროსიახლეები

ქართულ ღვინოს საერთაშორისო პოპულარიზაციის ახალი შესაძლებლობები უჩნდება

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მევენახეობისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციას და სომელიეს პროფესიის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.

მინისტრის განცხადებით, ISG-ის პრეზიდენტის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას აქვს ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისთვის:

„ასეთი რანგის სტუმრები, ფაქტობრივად, ქართული ღვინის წარმომადგენლები ხდებიან გლობალურ დონეზე. მათი აქტიურობა ხელს უწყობს ახალი ბაზრების მოძიებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ჯოზეფ მილერმა კი ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობისა და განათლების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სომელიეთა საერთაშორისო გილდია უკვე მრავალი წელია ატარებს ქართული ღვინის შესახებ სასწავლო კურსებს 14 ენაზე, სხვადასხვა ქვეყნის 60-ზე მეტ სასწავლებელში:

„მომავალ თვეში ვიწყებთ ახალ კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ქართული ღვინოები გავაცნოთ როგორც აზიის, ისე ლათინური ამერიკის ბაზრებს. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება ნიშნავს, რომ ქართული ღვინო ახალ კონტინენტებზე უფრო ფართოდ გახდება ცნობადი,“ – აღნიშნა ISG-ის პრეზიდენტმა.

სომელიეთა საერთაშორისო გილდია (ISG) 1982 წელს დაარსდა და დღეს ღვინის სფეროში წამყვან საგანმანათლებლო პლატფორმად ითვლება. ორგანიზაცია მუშაობს 40-ზე მეტ ქვეყანაში და სთავაზობს სტუდენტებს პროფესიულ მომზადებას სომელიეს საქმიანობაში, მეღვინეობაში, ღვინის ბიზნესის მენეჯმენტსა და კულინარიის სფეროში.

საქართველოში ISG-ის ჩართულობა ახალი ეტაპია ქართული ღვინის საერთაშორისო განვითარების გზაზე – განათლების, პარტნიორობისა და ბაზრების დივერსიფიკაციის ერთობლივი ძალისხმევით.