დარგებიმემცენარეობასტატიები

„ქართული ჩაი“, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, გადასარჩენია

ჩვენი ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზეეროვნული მეურნეობების აღორძინების პროცესი  მეტად მტკივნეულად მიმდინარეობს. გასული  საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს სოფლის მეურნეობა ძლიერ დაზარალდა, ძველი ინფრასტრუქტურა დაინგრა და გაიძარცვა, ხოლო ახალი, სტაბილური მეურნეობები ჯერჯერობით ვერ შევქმენით. ყოველივე ამის მიზეზად ის მიგვაჩნია, რომ დავიწყებულია ოდითგან ცნობილი რეალობა, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა თუ არ განვითარდება, ვფიქრობთ,  ქვეყნის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანა გაჭირდება.
 სუბტროპიკული მეურნეობა საქართველოს ეროვნული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. იგი გვაძლევს კვებისათვის ძვირფას და სასარგებლო პროდუქტებს, ხოლო მრეწველობის რიგი დარგებისათვის ნედლეულს. შესაბამისად სუბტროპიკული კულტურები ფართოდაა განვითარებული საქართველოში და უდიდესი სამრეწველო მნიშვნელობა აქვთ დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკაში.

ჩაის სასმელი ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს, მას შეუძლია ადამიანს მოუტანოს შეუფასებელი სარგებლობა. ის ცნობილია ისეთი თვისებებით, რომლებიც კეთილშობილურად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჩაი ყველაზე იაფი, სასიამოვნო, მატონიზირებელი და გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ფლობს კვების და ფარმაკოლოგიურ თვისებებს. ხსნადი ჩაის შემადგენლობაშია: კოფეინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები, ვიტამინები, ფერმენტები, მინერალური არაორგანული  ნივთიერებები და სხვ.

მე 20 საუკუნე ჩაის დარგისთვის საოცრად ხელსაყრელი იყო, ვიდრე წინა პერიოდი. ფაო-ს უკანასკნელი მონაცემებით ჩაის მოყვარულთა რიცხვმა 3 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა. დღესდღეობით ჩაის სმის ტრადიცია გავრცელებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში, რომელთაგან 50 ჩაის პროდუქციის მწარმოებელ ქვეყნად ითვლება, ხოლო 100 ჩაის მზა პროდუქციის მომხმარებლად. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მსოფლიოში ჩაის პლანტაციების ფართობებმა მოიმატა 35%-ით და მიაღწია 2 მილიონ ჰა, ხოლო მოსავლიანობა  გაიზარდა 40%-ით. მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან შრი-ლანკა- 265 ათასი კგ, ინდოეთი -250 ათასი კგ, ჩინეთი-250 ათასი კგ, კენია-245 ათასი კგ, ინდონეზია- 150 ათასი კგ. ამ ხუთ  ჩაის მწარმოებელ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოში წარმოებული ჩაის 70 . დღეისათვის მსოფლიოში იწარმოება 75-76  შავი ბაიხის ჩაი, 24-25   მწვანე ჩაი, ხოლო თეთრი, წითელი, ყვითელი ჩაი და სხვა სახის პროდუქციას უმნიშვნელო ადგილი უკავია, მსოფლიოში წარმოებული ჩაის, დაახლოებით 1%.

დღეისათვის არსებული ინფორმაციით მსოფლიოში ჩაის წარმოების შემდგომი მკვეთრი ზრდა თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, უახლოეს წლებში შეიძლება გაჩნდეს ამ პროდუქციის მსოფლიო დეფიციტი. ამიტომ საქართველოსათვის შესაძლებელია მეჩაიეობა კვლავ გახდეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგი.

     მეჩაიეობას საქართველოში 150 წლის ისტორია აქვს. გასული საუკუნის 90 -იან წლებამდე ის კუსტარული მეურნეობიდან გადაიქცა სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის წამყვან მაღალ განვითარებულ დარგად და ასრულებდა გადამწყვეტ როლს რესპუბლიკისა და ადგილობრივი ბიუჯეტების, საზოგადოებრივი მეურნეობების და მოსახლეობის ფულად შემოსავლებში. მსოფლიოში,  ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის საქართველო მე-5 ადგილზე იყო, წელიწადში 130-140 ათას ტონა მზა პროდუქციას აწარმოებდა, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მოთხოვნილებას 95 %-ით აკმაყოფილებდა. მეჩაიეობაზე მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 18%-ზე მეტი, სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში ჩაის მრეწველობის წილი 12%-ს აღემატებოდა. დარგში დასაქმებული იყო 180 ათასზე მეტი ადამიანი. მეჩაიეობა ოჯახების, რაიონების, ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, ასეთი იყო მისი ხვედრითი წვლილი ქვეყნის ეროვნულ შემოსავალში.

მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან მკვეთრად შემცირდა საქართველოში ჩაის პლანტაციების ფართობი; მათი გარკვეული ნაწილი მოუვლელობის გამო განადგურდა, ნარგავების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიოლოგიურად დაბერდა, რადგან მათი უმეტესობა გაშენებულია გასული საუკუნის 30-იან წლებში.დიდი ნაწილი მოსახლეობის მიერ იქნა ამოძირკვული სხვა კულტურების გასაშენებლად.იმ პერიოდში ჩაის პლანტაციების ფართობები 65 ათას ჰა შეადგენდა, ამჟამად ძნელია დადგენა, თუ რა რაოდენობის ფართობია ჩაის კულტურის ქვეშ, ვინაიდან ქვეყანაში უკანასკნელ წლებში მისი პასპორტიზაცია არ ჩატარებულა.

საქართველოში ჩაის წარმოების შემცირების მიზეზი უფრო ღრმაა და სერიოზული. ეს მომენტი დაემთხვა იმ ცვლილებებს, რომელიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას. ნედლეულის შესყიდვის სახელმწიფო სისტემის შეცვლამ, ფულადი საბრუნო საშუალებების არქონამ, მიიყვანა დარგი იქამდე, რომ ქვეყანაში თითზე ჩამოსათვლელი ჩაის ფაბრიკა დარჩა. მეჩაიეობაში  და ჩაის მრეწველობაში განხორციელებულმა პრივატიზაციამ მოსალოდნელი შედეგები ვერ მოგვცა. პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა. პრივატიზაციის შემდეგ საწარმოთა ვერცერთმა მეპატრონემ ვერ შეძლო საწარმოებისა და აგროკომპლექსის ამუშავება, ჩაის ნედლეულის წარმოება, ხარისხიან პროდუქციის გამოშვება-რეალიზაცია, კრედიტორული დავალიანებების დაფარვა  და მოსახლეობის დასაქმება.

როდესაც ჩაის დარგი ასეთ მდგომარეობაშია, იმპორტის საბაჟო პირობების გაადვილების შედეგად, ქვეყანა ყველანაირი ხარისხისა და ფასის ჩაის პროდუქციის მომხმარებელი გახდა. მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, იმაზე ხარისხიანი ჩაი  ვაწარმოოთ,  ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს. ამიტომ, დარგის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება აუცილებელია.

სამწუხაროდ, ოდესღაც მსოფლიოში ცნობილი არომატული ქართული ჩაი, დარჩა მოგონებად. საქართველო, დღეს ფაქტობრივად, ამოვარდნილია ჩაის მწარმოებელი ქვეყნების რიცხვიდან, ამიტომ, აქტიურად უნდა დადგეს საკითხი საქართველოში მეჩაიეობის აღორძინებისა. ამისათვის აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჩაის წარმოების განვითარებას და მისი გადამუშავების ტექნოლოგიური რეჟიმების სრულყოფას. აღნიშნული ამოცანის წარმატებით გადაწყვეტა დამოკიდებულია მიზანმიმართულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე, მეცნიერული მიღწევებისა და წარმოების მოწინავე გამოცდილების სწრაფად და წარმატებით დანერგვაზე. დღევანდელი კრიზისიდან გამოსვლა აღემატება ჩაიში მომუშავე დარგებისა და კომპანიების შესაძლებლობებს. დღეს, როგორც არასოდეს დარგი საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ამჟამად, როდესაც ჩაის კულტურა ქვეყანაში გადაშენების პირასაა, მისი აღორძინებისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი სახსრები, რაც ქვეყანას ეკონომიკური სიძნელეების გამო არ გააჩნია. მეჩაიეობის დარგის აღდგენის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ფორმად კერძო-სექტორი და ფერმერული მეურნეობები მიგვაჩნია. ამისათვის საჭიროა თითოეულმა ფერმერმა მის საკუთრებაში არსებულ ან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციებში ჩაატაროს რეაბილიტაციის აგროტექნიკური ღონისძიებები. ძირითადად საკუთარი ინიციატივით და შესაძლებლობებით აღადგინოს ისინი; ხოლო, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მიზნით, ფერმერებს უნდა მიეცეთ დაბალ პროცენტიანი ფულადი სესხები და გარკვეული ვადით (3-5 წლით) განთავისუფლდნენ გადასახადებისგან.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის შემდეგ, მწვანე ფოთლის გადამუშავებისათვის, უნდა გაერთიანდეს რამდენიმე ფერმერი მცირე საწარმოს შესაქმნელად (მიკრო ან მაკრო ფაბრიკა), აღნიშნული საწარმოს  აღჭურვისათვის საჭიროა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები. ამ სამუშაოების შესასრულებლად საჭიროა მცირე წარმადობის მანქანა-დანადგარების დამზადება. როგორიცაა: ჩაის ფოთლის საგრეხი მანქანა-როლერი, მოგრეხილი ფოთლის დამხარისხებელი, ჩაის საშრობი მანქანა  და ნახევარფაბრიკატის დამხარისხებელი. ყველა მანქანას უნდა შეეძლოს  ტექნოლოგიური პროცესების სრული შესაბამისობით, დღეში 400-500 კგ. ჩაის ფოთლის გადამუშავება. ასეთ საწარმოებს მეტი შესაძლებლობა აქვთ კონკურენტუნარიანი მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქციის წარმოების.

განვლილმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ტიპურ ნიადაგებზე გაშენებული ჩაი ერთადერთი კულტურაა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს პირობებში, სოციალურ-ეკონომიკური  და ეკოლოგიური თვალსაზრისით, ალტერნატივა არ გააჩნია. უფრო მეტიც, დასაქმებისა და შემოსავლების მაღალი პოტენციური შესაძლებლობების გამო, ჩაის მწარმოებელი რეგიონებისათვის, ეს დარგი სოციალური დატვირთვის მატარებელია.

მაინც, რატომ უნდა აღსდგეს ჩაის კულტურა და რა უპირატესობა გააჩნია მას?

  1. საქართველოში ჩაის კულტურისათვის გავრცელებულია ატიპიური ნიადაგები,  რომლებიც სხვა კულტურებისათვის, თუნდაც თხილისათვის არაპერსპექტიულია, მაღალი მჟავიანობის, ტენიანობისა და რელიეფის გამო;
  2. კლიმატური პირობები: მზიანი დღეები, ნალექები, ტემპერატურა და ნიადაგის შემადგენლობა აკმაყოფილებს ჩაის ბუჩქებზე ნაზი ყლორტების წარმოქმნას და მასში არომატული ნივთიერებების გენერაციას. რის გამოც, ქართული ჩაი სხვა ქვეყნების ჩაისაგან   გამორჩეულია;
  3. საქართველოში არსებობს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და უმაღლესი სასწავლებლები სადაც მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური მეცნიერები და ჩაის დარგის სპეციალისტები, შესაბამისად შესაძლებელია ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდა.
  4. საქართველოში  მიღებულია ჩაის კულტურის უხვმოსავლიანი სელექციური ჯიშები, მაღალი ბიოქიმიური და ტექნოლოგიური პოტენციალით;
  5. ჩაის პლანტაციები ეფექტურად იცავენ  ნიადაგებს ეროზიისაგან, ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი ეკოლოგიის თვალსაზრისით, გარდა ამისა, საქართველოში 18-20%-ით დაბალია რადიაციული ფონი სხვა ქვეყნებთან შედარებით,
  6. ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებულია, ჩაის კულტურის გაშენების, მოვლა-მოყვანის, კრეფის და  ტრანსპორტირების მექანიზაციის  საშუალებები. ასევე, დამუშავებულია ჩაის ნედლეულის გადამუშავების, დახარისხების და დაფასოების ტექნოლოგიები;
  7. მეჩაიეობის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ტერიტორიულად ახლოსაა, ჩაის ძირითად მომხმარებელ ქვეყნებთან, რის გამოც შესაძლებელია პროდუქციის მიწოდება დაყოვნების გარეშე, არომატისა და ხარისხის შენარჩუნებით;
  8. ფაო-ს მონაცემებით მსოფლიოში ჩაიზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება, რის გამოც, გარანტირებულია ჩაის წარმოების  ხანგრძლივვადიანი ტენდენცია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების შენარჩუნება, ახალი პლანტაციების გაშენება და კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება-რეალიზაცია აუცილებელია, რისთვისაც საჭიროა:

  1. საქართველოს მთავრობამ, სხვა კულტურების პარალელურად, ჩაის კულტურის მიმართ გამოხატოს სახელმწიფოებრივი პოზიციადა იგი მეჩაიეობის რაიონებისათვის პრიორიტეტულ დარგად აღიაროს;
  2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განკარგულებით, ჩატარდეს ჩაის პლანტაციებისა და გადამამუშავებელი საწარმოების აღწერა-ინვენტარიზაცია. დადგინდეს ფოთოლსაკრეფი, პერსპექტიული და უპერსპექტივო ჩაის პლანტაციების ფართობები, უპერსპექტივო ჩაის პლანტაციები ჩამოიწეროს და გამოთავისუფლებული ფართობები, გაკულტურების შემდეგ გამოყენებულ იქნას ჩაის ახალი პლანტაციების გასაშენებლად. ანალოგიურად დადგინდეს არსებული ჩაის ფაბრიკების ვარგისიანობა;
  3. ფოთოლსაკრეფიდა აღსადგენი ჩაის პლანტაციების მესაკუთრეებმა უზრუნველყონ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, მათი მხოლოდ დანიშნულებით გამოყენება და  აიკრძალოს ჩაის პლანტაციების უნებართვოდ ამოძირკვა-განადგურება;
  4. პერსპექტიული ჩაის პლანტაციების მქონე ფერმერების, მესაკუთრეებისა და ჩაის გადამამუშავებელ საწარმოების მიმართ, გაწეულ იქნას ფინანსური დახმარება, ან გაიცეს შეღავათიანი კრედიტი ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის, მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულის დამზადების მიზნით. ხოლო,  გადამამუშავებელ საწარმოებს  მიეცეს კრედიტი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების აღჭურვისათვის და მცირე საწარმოების შესაქმნელად;
  5. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ჩაის მწარმოებელ და გადამამუშავებელ საწარმოებს გაუწიოს დახმარება ჩაის პროდუქციის რეალიზაციის მიზნით სათანადო ბაზრის მოძიების საქმეში. პარალელურად განახორციელოს ღონისძიება ქვეყნის მოსახლეობის, ჯარის და სასჯელ აღსრულების დაწესებულებების სამამულო ჩაით მომარაგებისათვის. ამასთან აიკრძალოს ან შეიზღუდოს საზღვარგარეთიდან დაბალი ხარისხის მქონე ჩაის პროდუქციის იმპორტი, მასზე საბაჟო გადასახადების გადიდებით, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია;
  6. ჩაის აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით გამოიყოს მთავრობის კომისია მეცნიერების, ჩაის დარგის სპეციალისტების, ჩაის წარმოების მხარდამჭერთა და ოპონენტების მონაწილეობით.

ამგვარად, საქართველოში  ჩაისა და ციტრუსების კულტურებმა, უნდა დაიკავონ პრიორიტეტული ადგილები, ვინაიდან აღნიშნული კულტურების პროდუქციაზე ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ბაზრის მოთხოვნა. მეჩაიეობის აღდგენით მნიშვნელოვნად გადაწყდება ჩაის რეგიონებში   რთული სოციალური საკითხები, როგორიცაა შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმება, ადგილობრივი და ქვეყნის ბიუჯეტის შევსება. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ახლო წარსულში ჩაის დარგი რესპუბლიკის კეთილდღეობის განმსაზღვრელი იყო, ხოლო მისგან მიღწეული შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტის მეხუთედს შეადგენდა.

                          

თამაზ ცანავა-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ნუგზარ ებანოიძე-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის,

 აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი;

ვაჟა ფიფია-სწავლული აგრონომი, სოფლის მეურნეობის ექსპერტი