აგროსიახლეები

ქართული ღვინის დეგუსტაცია სეულში — ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრებისკენ გადადგმული ნაბიჯი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასა და ალტერნატიული საექსპორტო მიმართულებების განვითარებაზე. ამ პროცესის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებსა და პრეზენტაციებში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კორეის რესპუბლიკაში გამართულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღვინის საერთაშორისო გამოფენას — „Seoul Wine and Spirits Expo 2025“ — დაესწრო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის ექვსმა კომპანიამ, რომლებიც ადგილობრივ იმპორტიორებსა და პროფესიონალ დეგუსტატორებს თავიანთი პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობას აძლევდნენ.

„საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა, რომელიც უკვე თანამედროვე ინდუსტრიით გამოირჩევა. სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია. სეულში ვიზიტის მიზანიც სწორედ კორეის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია იყო,“ — განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გამოფენაზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და კორეაში საქართველოს ელჩი თარაშ პაპასქუა. ღონისძიება მოიცავდა მასტერკლასებს, დეგუსტაციასა და „ქართული ღვინის ფესტივალს“, სადაც დამსწრეებმა ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამებაც დააგემოვნეს.

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა არაერთი საქმიანი შეხვედრა ადგილობრივი კომერციული სექტორის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაფართოება და ერთობლივი პროექტების დაწყების შესაძლებლობები.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს კორეაში ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ დაახლოებით 72,500 ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა. ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2025 წლის პირველ ხუთ თვეშიც, როცა ექსპორტის მოცულობამ 32,000 ლიტრი შეადგინა — 52%-ით მეტი, ვიდრე 2024 წლის იმავე პერიოდში.

სამხრეთ კორეა უკვე მიიჩნევა პერსპექტიულ საექსპორტო ბაზრად ქართული ღვინისთვის, რაც გაზრდილ დაინტერესებას აჩვენებს როგორც ტრადიციულ წითელ, ისე უნიკალურ ქვევრის ღვინოებზე.