ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 2025 წელს მსოფლიოს 21 ქვეყანაში გაიმართა
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 58 გამოფენა-ფესტივალსა და 322 დეგუსტაცია-სემინარზე.
ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება – აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი, ბრაზილია, სომხეთი, კანადა, უზბეკეთი.
შარშან უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში ჩატარდა 18 ღვინის ტური ჯგუფების შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ექსპერტები, სომელიეები, იმპორტიორები, HORECA სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ, რომელთა მხრიდან მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის კუთხით. ღვინის ტურები განხორციელდა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გაიმართა ჯამში 32 ღონისძიება, მათ შორის, 30 გამოფენა-ფესტივალი და 2 კონკურსი; აღნიშნული ღონისძიებების გამართვის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდის ხელშეწყობა.
მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, 9 ღვინის კომპანიამ, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღო. პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნული კომპანიები მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალებში, ქართული ღვინის წარდგენის სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაში და აღნიშნული მარკეტინგული აქტიობების შედეგად, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრების მიმართულებით. მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ ის კომპანიები იღებენ, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.
ზემოთ აღნიშნული აქტივობები განხორციელდა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელის ბიუჯეტიც 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა.

