აგროსიახლეები

ქართული ღვინო გამოფენაზე „China Food and Drinks Fair“ იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Bogvi International Trading Company Ltd“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიის 25-მდე სხვადასხვა სტილის ღვინო ჩინეთის საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „China Food and Drinks Fair“ იყო წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, გამოფენა ძიანგსუს პროვინციის ქალაქი ნანჯინგში გაიმართა.
„China Food & Drink Fair”, რომელიც  წელს 113-ედ ჩატარდა, ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალურ და გავლენიან გამოფენად ითვლება აზიაში. გამოფენას, ტრადიციულად, 300 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს; გამოფენას ესწრებიან ღვინის  იმპორტიორები, ბლოგერები, დისტრიბუტორები, HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის, მედიისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. მასზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვასა და შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ექსპორტის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,   2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai”, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) და „Interwine China 2025“.