ქართული ღვინო ტექსასის შტატის ფესტივალზე „Austin Food & Wine Festival“
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში ფესტივალზე „Austin Food & Wine Festival“ გაიმართა.
ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 23 ღვინო. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა დეგუსტაცია-მასტერკლასი სათაურით: “Georgian Wine for Everyday Drinking,” (ქართული ღვინო ყოველდღიურ დასალევად).
ფესტივალს „Austin Food & Wine Festival“, რომელიც 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ტრადიციულად მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფ-მზარეულები, სომელიეები, ღვინის პროფესიონალები, HORECA სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობისა და მოთხოვნის ზრდისთვის აშშ-ის სტრატეგიულ ბაზარზე.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo & Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი იყო შემდეგ ღონისძიებებზე: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი), „San Diego Food + Wine Festival“ (სან-დიეგო). ასევე შემოდგომაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის, საქართველოში ორი ღვინის ტური გაიმართა.

