აგროსიახლეები

ქართული ღვინო ვარშავაში: ექსპორტის ზრდა და ახალი შესაძლებლობები

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR”-ის ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია – „Georgian Grand Tasting“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. მას ესწრებოდნენ პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 24 ქართული ღვინის მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სამი მასტერკლასი, რომელსაც გაუძღვენენ გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი და პოლონური კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი.

დეგუსტაციას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში დიანა ჟღენტი. მისი თქმით:

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მხარდაჭერისთვის. პოლონეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის — ეს საკმაოდ დიდი ბაზარია და ასევე არის შესაძლებლობა, რომ პოლონეთიდან მოხდეს ქართული ღვინის გატანა ევროპის უფრო ფართო ბაზარზე. საქართველოს საელჩოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობა. ხალხთა შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ღვინოს და ქართულ სამზარეულოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და საელჩო ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს ნებისმიერ ქართველ მწარმოებელს, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი წარადგინოს და გააცნოს საქართველო პოლონელ მომხმარებელს.“

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ანანო შეყლაშვილი, რომელმაც აღნიშნა:

„პოლონეთის დედაქალაქი წელს უკვე მეორედ მასპინძლობს ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას. ქართველი მწარმოებლებისთვის ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, შეხვდნენ პოლონელ იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს და, შესაბამისად, გაზარდონ გაყიდვები პოლონეთში – ქართული ღვინის ერთ-ერთ  სტრატეგიულ ბაზარზე.“

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ერთ-ერთ სტაბილურ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს ქართული ღვინის ექსპორტისთვის. 2022 წლიდან ამ ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს პოლონურ მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR“, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და გაყიდვების სტაბილურ ზრდას.

2024 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 6.7 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.