ქართული ხორბალი – კაცობრიობის პურის მეხსიერება
ხორბალი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უძველესი კულტურაა, რომელმაც ადამიანთა ყოფა, ეკონომიკა და მსოფლმხედველობა შეცვალა და შრომის, სიცოცხლისა და სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა. ამ გლობალურ პროცესში საქართველო გამორჩეულ ადგილს იკავებს, როგორც ხორბლის ერთ-ერთი უძველესი კერა.
სტატია მკითხველს სთავაზობს სისტემურ, მკაფიო და საკითხავად მოკლე მიმოხილვას ქართული ხორბლის ისტორიის, კულტურისა და კაცობრიობისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ. ყურადღება გამახვილებულია ქართული ხორბლის კულტურის მნიშვნელობაზე, როგორც მრავალათასწლოვანი ტრადიციებისა და რიტუალების ერთობლიობაზე, რაც საფუძვლად დაედო იუნესკოს (UNESCO) მიერ მის აღიარებას კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში.
აღნიშნული საერთაშორისო სტატუსი განიხილება ქვეყნის ცივილიზაციური იდენტობისა და გლობალური აგრობიომრავალფეროვნების კონტექსტში.
ხორბალი საქართველოს უძველესი კულტურაა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-VI ათასწლეულებში ითესებოდა და გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან საქართველოში აღმოჩენილია 15 სახეობა, რომელთაგან 5 საქართველოს ენდემია.
არქეოლოგიური და ბოტანიკური კვლევების მიხედვით, ძვ. წ. VIII-VI ათასწლეულებით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ აქ მცხოვრები ნეოლითური ხანის საზოგადოება ხორბალს აქტიურად ამუშავებდა და იყენებდა.
დღემდე აღწერილია 20-ზე მეტი ენდემური და ლოკალური ხორბლის სახეობა და ათეულობით ფორმა, მათ შორის:
- ჩელტა ზანდური;
- გვაწა ზანდური;
- დიკა;
- ასლი;
- ორმარცვლიანი ასლი
- მახა;
- იფქლი;
- კოლხური ასლი;
- თავთუხი;
- სპელტა;
- ქონდარა ხორბალი
- შავფხა;
- ხულუგო;
- დოლის პური და სხვა…
ეს ჯიშები და სახეობები გამოირჩევა მაღალი გენეტიკური მრავალფეროვნებით, კლიმატური სტრესებისადმი გამძლეობითა და უნიკალური საგემოვნო თვისებებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ზანდური _ უძველესი დიპლოიდური ხორბალი, რომელიც მსოფლიოში თითქმის აღარ გვხვდება და მხოლოდ საქართველოს მთიან რეგიონებშია შემორჩენილი.
ქართულ ტრადიციულ ყოფაში ხორბალს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. იგი იყო საზრდო, ეკონომიკისა და რიტუალების საფუძველი. პური, ყოველდღიური საჭმლის გარდა, სოციალური ურთიერთობებისა და ზნეობრივი წესრიგის გამომხატველიც იყო.
ქართველი ტომები პურს სხვადასხვა ფორმით აცხობდნენ და მოიხმარდნენ:
- შოთის პური;
- დედას პური;
- კეცზე და თონეში გამომცხვარი პური;
- სადღესასწაულო პური და სხვ.
პურის კულტურა განუყოფლად უკავშირდება მის გამოსაცხობ უძველეს ნაგებობას _ თონეს.
თონე, მიწაში ჩაშენებული ცილინდრული ღუმელი, არამხოლოდ პურის საცხობი ტექნოლოგიური ნაგებობა, არამედ ოჯახური და თემური ერთობის სივრცეც იყო. პურის ცხობა ხშირად ქალთა კოლექტიური საქმიანობა იყო, რაც ბოლო პერიოდამდე შემორჩა ჩვენს ყოფას, რასაც თან ახლდა სიმღერა, ლოცვა და წეს-ჩვეულებები.
ხორბლის თესვა, მოვლა და მკა საქართველოში რიტუალებით იყო გაჯერებული და ეს პროცესები ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების გამოხატულებას წარმოადგენდა. სამეურნეო ციკლის ყოველი ეტაპი ლოცვითა და კურთხევით იწყებოდა: თესვის წინ ლოცვა და კურთხევა; პირველი თავთავის საკურთხებლად აღება; მკის დასრულების აღნიშვნა და სხვა.
ხორბალმა და პურმა სამეურნეო ყოფიდან რელიგიურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლა და ადამიანის ყოფიერების უმნიშვნელოვანესი თანამგზავრი გახდა. იგი იქცა სიცოცხლის გაგრძელებისა და კურთხევის სიმბოლოდ: ზიარების პური (ცხვება სპეციალურად წმინდა ზიარებისთვის), საფლავზე გასატანი „სულის პური“, საქორწილო სუფრისა თუ ნათლობის რიტუალური კვერები, ეს ყოველივე ადასტურებს, რომ ქართველი კაცისთვის ხორბალი იყო ხიდი ადამიანურ შრომასა და ღვთიურ მადლს შორის.
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც სოფლის მეურნეობა ხშირად მონოკულტურებსა და გენეტიკურად ერთგვაროვან ჯიშებზეა დამოკიდებული, ქართული ხორბლის გენოფონდი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.
მისი მთავარი ღირებულებებია:
- გენეტიკური მრავალფეროვნება;
- დაავადებებისა და კლიმატური ცვლილებებისადმი გამძლეობა;
- ეკოლოგიური და ბიომეურნეობისთვის შესაფერისობა.
ქართულ ხორბალს აქტიურად სწავლობენ საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტები, როგორც კლიმატის ცვლილების პირობებში მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ საკვანძო რესურსს.
პურის ისტორია ადამიანის ისტორიაა, ხოლო საქართველო ამ ისტორიის ერთ-ერთი უძველესი ფურცელია. აქ ჩამოყალიბებული ხორბლის კულტურა ადასტურებს, რომ მიწათმოქმედება მხოლოდ საკვების წარმოება არ იყო, არამედ ეს იყო ცოდნის, რწმენისა და იდენტობის გადაცემა თაობიდან თაობისთვის.
საქართველომ მსოფლიოს მხოლოდ ხორბლის უნიკალური სახეობები კი არა მისცა, არამედ პურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც სიცოცხლის, შრომის ღირსებისა და სულიერი ერთობის სიმბოლოს.
ამ მრავალათასწლოვანი ტრადიციების ფონზე ქართული ხორბალი დღეს მხოლოდ ისტორიული რელიქვია როდია. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სოფლის მეურნეობა ხშირად მონოკულტურებსა და გენეტიკურად ერთგვაროვან ჯიშებზეა დამოკიდებული, ქართული ხორბლის გენოფონდი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. მისი უმთავრესი ღირებულებები: გენეტიკური მრავალფეროვნება, დაავადებებისა და კლიმატური ცვლილებებისადმი განსაკუთრებული გამძლეობ, მას ბიომეურნეობისთვის შეუცვლელ რესურსად აქცევს. სწორედ ამიტომ, ქართულ ხორბალს აქტიურად სწავლობენ საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტები, როგორც კლიმატის ცვლილების პირობებში მდგრადი აგროკულტურის განვითარების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს.
ქართული ხორბლის კულტურის უნიკალურობამ და მისმა როლმა კაცობრიობის განვითარებაში უმაღლესი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნომინაცია: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ _ ერთხმად აღიარეს მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობად.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართული ხორბლის კულტურა ცოცხალი მემკვიდრეობაა.
იუნესკოს ნუსხაში მისი შეტანა მკაფიო გზავნილია თანამედროვე სამყაროსთვის: აგრარული ცოდნა, ტრადიცია და ბიომრავალფეროვნება ისეთივე მნიშვნელოვანი საგანძურია, როგორიც არქიტექტურული შედევრები თუ წერილობითი ძეგლები.
პურის ისტორია ადამიანის ისტორიაა, ხოლო საქართველო ამ ისტორიის ერთ-ერთი უძველესი და ფასდაუდებელი ფურცელია. აქ ჩამოყალიბებული კულტურა ადასტურებს, რომ მიწათმოქმედება მხოლოდ საკვების წარმოება არ ყოფილა: ეს იყო ცოდნის, რწმენისა და იდენტობის გადაცემა თაობიდან თაობისთვის.
საქართველომ მსოფლიოს მხოლოდ ხორბლის უნიკალური სახეობები კი არ მისცა, არამედ პურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც, როგორც სიცოცხლის, ღირსების, შრომის ყადრის, მუდმივად ახლის ძიების და სულიერი ერთობის სიმბოლოსი.
ჩვენი ქვეყნის მაგალითი ცხადყოფს, რომ პურის ისტორია იწყება არა ტექნოლოგიით, არამედ ადამიანისა და მიწის ჰარმონიული ურთიერთობით. ამ კონტექსტში უძველესი ქართული ხორბლის უნიკალური ჯიშები და სახეობები დღესაც უმკლავდებიან გლობალურ გამოწვევებსაც, კლიმატის ცვლილებასაც და სურსათის უსაფრთხოების მხრივ სასელექციო კვლევებში საკვანძო როლსაც ასრულებენ.
ქართული პური რჩება ცოცხალ მემკვიდრეობად, წარსულიდან მომდინარე ცოდნად, რომელიც აწმყოს ამდიდრებს და მომავალს აძლიერებს.
ნესტან გუგუშვილი,
არქეოლოგიის მეცნიერების დოქტორი

