რუბრიკებისტატიები

ქართული ხორბალის და ვაზის გზა

საქართველო  თავისი  გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო,   კულტურული სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია.  ათასწლეულების მანძილზე  პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ ცვლილებებს მუდმივად  განიცდიდა,  მაგრამ ერთიანი კულტურული სახე არასდროს  დაუკარგავს.  სწორედ ამიტომაა, რომ   უძველესი ქართული ცივილიზაციის კვლევა – ძიებისადმი მეცნიერების ინტერესი დღემდე გრძელდება.

 არქეოლოგიური კვლევა-ძიებით მოპოვებული მასალები ადამიანის განვითარების  საწყისს,  გარემოსთან მის ურთიერთობას და მასთან დაკავშირებულ  სირთულეებს ასახავს, პასუხს სცემს უძველეს ეთნიკურ საკითხებს:   როგორი საზოგადოება იყო,  ამ საზოგადოებაში  შემავალი  ადამიანთა ჯგუფები  რა სახის საქმიანობას ეწეოდნენ, იყვნენ  თუ არა სოციალურად  თანასწორნი, როგორ მატერიალურ და სულიერი კულტურას  ქმნიდნენ.

ამ კონკრეტულ სტატიაში ზოგადად ხორბლის და ვაზის საქართველოში წარმოშობის ისტორიას მიმოვიხილავთ  და შევეხებით დღემდე შემორჩენილი კულტურების განვითარების სურათს.

ხორბლის კარბონიზებული მარცვლები  ძვ.წ. VI-IV ათასწლეულის ძეგლებზეა დაფიქსირებული.  (არუხლო, ხრამის გორა, შულავერი, ჩიხორი, ხელთუბანი).

არუხლოს ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე იდენტიფიცირებული ხორბლის სახეობებია: Triticum boeoticum, T. monococcum, T. dicoccon, T. carthlicum, T. durum, T. spelta, T. aestivum/compactum – და სხვ. პალეობოტანიკური მასალების ანალიზის შედეგებმა კი აჩვენა, რომ საქართველოს ნეოლითური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე ხორბლის შიშველმარცვლიანი სახეობები უკვე დომინირებს კილმარცვლიან, მტვრევადთავთავიან ფორმებზე. რაოდენობრივი თვალსაზრისით მათი უპირატესობაც აშკარაა. რბილი ხორბლის მარცვლების გარდა, ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილია ამ სახეობის თავთავის ღერძის ნაწევრები.

ნეოლითის ხანის ძეგლებზე რბილი ხორბლის შემდეგ ფართოდ გავრცელებული სახეობაა ასლი – T. dicoccon (Русишвили, 1990; მაისაია და სხვ. 2005).რაც შეეხება ცნობებს ძველ საქართველოში ხორბლის გავრცელების შესახებ ვხვდებით ანტიკური საბერძნეთის ისტორიკოსების ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს შრომებში (მიქელაძე, 1967, ყაუხჩიშვილი, 1960). უფრო გვიანდელი ცნობები საქართველოს ხორბლის შესახებ ეკუთვნის სულხან-საბა ორბელიანს (1658 -1725 წწ.), ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.), საქართველოში მოგზაურ უცხოელ ნატურალისტებს – გიულდენშტედტს, ი. გეორგის, ი. კლაპროტს (XVIII- XIX სს.).

უძველესი წარსულიდან დღემდე ფრაგმენტების სახით მოღწეულია ხორბლის ქართულ სახეობათა და სახესხვაობათა დიდი მრავალფეროვნება, რომლებიც კარგად არის შეგუებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებრივ პირობებთან.

ქართული ხორბლის მნიშვნელობა მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით არ განისაზღვრება, მას განსაკუთრებული გლობალურ, პრაქტიკული, სელექციური ღირებულებაც აქვს.

დღეს მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 27 სახეობიდან 14-ი სახეობა საქართველოში გვხვდება და ამ 14-დან 5 ენდემურია, რომელიც სხვა ქვეყნებისათვის ნაკლებად ცნობილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ენდემური ჯიშები გამოირჩევა მაღალი იმუნიტეტით და პარაზიტებისადმი გამძლეობით, სწორედ ამიტომ ქართულ ჯიშებს ხშირად სასელექციოდაც იყენებენ. მიუხედავათ ასეთი ისტორიული წარსულისა, სამწუხაროა,  მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა საკუთარი მოხმარების მხოლოდ 15%-ს აწარმოებს და დანარჩენი 85%-ის მოთხოვნას იმპორტირებული ხორბლით ივსებს.

რაც შეეხება ვაზს, მიწათმოქმედებისა და მევენახეობის მაღალი დონის მიმანიშნებელია ძვ. წ. IV-III ათასწლეულებით დათარიღებული მტკვარ-არაქსის (დიდი ყორღანების) კულტურა, რომელიც სათავეს სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ მხარეში, მტკვრისა და არაქსის აუზში იღებს. იგი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურა იყო ახლო აღმოსავლეთში, რასაც ამ პერიოდიში აღმოჩენილი ჭურჭლი და სხვა არტეფაქტებიც ადასტურებს.

ბს.ძვ.წ. III ათასწლეულის შუა პერიოდით და მეორე ნახევრით დათარიღებული ძვ.წ. III ათასწლეულის შუა პერიოდით და მეორე ნახევრით დათარიღებული მარტყოფულ-ბედენური პერიოდი, რომლის საღვინე ინვენტარი შავპრიალა, გეომეტრიული ორნამენტით შემკული მაღალხარისხოვანი კერამიკული ჭურჭლით გამოირჩევა.

 

ბედენურ პერიოდს ეკუთვნის ვერცხლის ფურცელში შეხვეული ვაზის რტოები, რომელიც ყორღანული ტიპის სამარხშია ნაპოვნი. მიცვალებულისთვის ვაზის ჩატანება, ამ საკრალური მცენარის მარადისობასთან კავშირს მიგვანიშნებს და ხაზს უსვამს მის რელიგიურ მნიშვნელოვნებას ჯერ კიდევ ასეთ ადრეულ ეპოქაში. ასევე ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით არის დათარიღებული დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა – თრიალეთის კულტურა, რომლის აღორძინებას ხელი შეუწყო ადგილობრივი ტრადიციების განვითარებამ და წინა აზიასთან მჭიდრო ურთიერთობამ. რადგან კავკასიის გავლით ხდებოდა ტომთა შორის კავშირები, ტექნოლოგიური და კულტურული მიღწევების გაზიარება ძველ აღმოსავლეთსა და ევროპაში მცხოვრებ ხალხებს შორის. როგორც ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები და არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები ადასტურებს, ანტიკურ ხანაში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო-სატრანზიტო გზის ერთი მონაკვეთი გადიოდა ამიერკავკასიაზე, კერძოდ, შიდა ქართლზე და ეს გზა მტკვრის ორივე სანაპიროს მიუყვებოდა.

 

თრიალეთის კულტურა მეტალურგიის განვითარების მაღალი საფეხურის მაჩვენებეელია. ძვ. წ. 3 ათასწლეული თრიალეთის ვერცხლის რიტუალური თასის ზედა ფრიზი წარმოგვიდგენს ზოომორფული ნიღბებით შემოსილი, სასმისებით მკლავშემართული ქურუმების პროცესიას, მიმართულს ტახტზე დაბრძანებული მთავარი ღვთაებისკენ, რომლის ზურგს უკან „სიცოცხლის ხეა“ აღმართული. მთავარი ღვთაების შორიახლოს მწევრები (ძაღლები) წვანან – ქართულ მითოლოგიაში ასტრალურ ღვთაებათა ნების აღმსრულებლები. თასის ქვედა ფრიზზე ვარდულის სიმბოლოა გამოსახული, ხოლო შუაში საკრალურ ცხოველთა, ხარ-ირემთა მსვლელობაა. თასის სიუჟეტი, რომელიც ანალოგს პოულობს ხეთურ-ხურიტულ სამყაროში, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ ციკლსა და ნაყოფიერებას უნდა უკავშირდებოდეს.

გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანა ასევე უწყვეტად ავლენს ღვინის კულტურის არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩნდება მეღვინეობასთან დაკავშირებული, რელიგიური დატვირთვის მქონე მცირე ანთროპომორფული ქანდაკებები, რაც ღვინის საკულტო მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. ასეთია მელაანის ითიფალური ქანდაკება კახეთიდან თუ თამადის მცირე ქანდაკება ვანიდან.

ანტიკური პერიოდი, ადგილობრივ, მრავალფეროვან საღვინე მასალასთან ერთად, ავლენს შემოტანილი საღვინე ჭურჭელსაც, რაც საღვინე კულტურის მნიშვნელოვნებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და გამოკვეთს იმ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც კოლხეთის და იბერიის სამეფოებს ჰქონდათ ძველ საბერძნეთთან, რომთან, აქემენიდურ ირანთან. იკვეთება რიტონის ტიპის სასმისები, რომლის ზოომორფული სიმბოლიკაც _ ხარის, ცხენის, ვერძის გამოსახულებები, ხშირ შემთხვევაში მზიურ-ასტრალური ორნამენტითაა შემკული და განვითარებულ სამიწათმოქმედო კულტურასთან ერთად, ამ ცხოველთა საკრალურ ხასიათზე და უძველეს რწმენა-წარმოდგენებზეც მიგვანიშნებს.

უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით, შუა საუკუნეებში უწყვეტად გრძელდება ღვინის წარმოება საქართველოში და შესაბამისად, საღვინე ჭურჭლის მრავალფეროვნებაც ნარჩუნდება და გრძელდება. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) მიერ ქვევ­რის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს არამატე­რიალური კულტურული მემკ­ვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალოებაზე მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

დღესდღეობით ქვევრის ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რა­საც ქვევრის ღვინის მწარმოებლების რაოდენობის  ზრდა ადასტურებს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელო­ვანია ქვევრის და ქვევრის ღვინის მწარმოებლების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

კერამიკული წარმოების ერთ-ერთი მიმართულება, როგორიც მექვევრეობაა, მთლიანად მეღვინეობის ინტერესებს ემსახურება. ქვევრი ის ჭურჭელია, რომელშიც მიმდინარეობს ყურძნის ტკბილისა და დურდოს დადუღება და ღვინის შენახვა. ამიტომ მისი და მნიშვნელობა მეღვინეობაში უდიდესია.

ქვევრების მოცულობა ძველ საქართველოში დაახლოებით 3-5-დან 8 000 ლიტრამდე მერყეობდა. დღემდე ქვევრის დადებით მხარედ მიიჩნევენ: მის უნიკალურ ფორმას, რაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვევრში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებში, ღვინის დადუღების, დავარგების და დაძველების საქმეში.    საქართველოს მეღვინეობაში უძველესი დროიდან ქვევრი განსაკუთრებული და შეუცვლელია ჭურჭელია, რომელსაც ღვინის ქართულად დაყენების ტექნოლოგიებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველო ვაზის და ხორბლის წარმოშობის ქვეყანაა, ამიტო ქართული ხორბლის და ვაზის (500-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და შემონახული) ენდემური ჯიშების პოპულარიზება უაღრესად მნიშვნელოვანია. სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად ქართული ჯიშები გამოირჩევა მაღალი იმუნიტეტით, გემოვნური და სასარგებლო თვისებითაც.  მათ მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და რადგან საქართველო ვაზისა და ხორბლის სამშობლო, ასევე სტუმარმასპინძლობით გამორჩეულ ქვეყანაა, ყოველი ქართველის ვალია (და არა მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტების და ფერმერების), ვიზრუნოთ ქართული ენდემური ხორბლისა და ხორბლის პურის პოპულარიზებაზეციაზე ისევე,  როგორც ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ამაღლებაზე.

ნესტან გუგუშვილი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამის დოქტორანტი