დარგებიმემარცვლეობასტატიები

ქართული ხორბლის ენდემური სახეობები, სახესხვაობები და მათი მნიშვნელობა

საქართველო ევროპისა და აზიის კონტინენტებს შორის მდებარეობს და მისი ტერიტორია  მიწათმოქმედების სხვადასხვა ცივილიზაციების გზაჯვარედინს წარმოადგენს.
საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი, კლიმატური და ნიადაგური პირობები მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის სამშობლოა და უძველესი ორიგინალური მიწათმოქმედებით გამოირჩევა. მათ შორისაა ხორბალიც.

ხორბალი უძველესი დროიდან წარმოადგენდა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სასოფლო-სამეურნეო კულტურას. მისი დომესტიკაცია მოხდა დაახლოებით 10,000 წლის წინ და დაიწყო გავრცელება მთელ მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთმა, ყველაზე მნიშვნელოვანმა სასურსათო კულტურამ. საქართველოში არქეოლოგიური მონაცემები ადასტურებენ, რომ ქართველებმა ხორბლის კულტივირება დაიწყეს 5,000 წლის წინ. საქართველოში სოფლის მეურნეობის ადრეული კვალი ჯერ კიდევ მეზოლითურ პერიოდს მიეკუთვნება. არქეოლოგიური მონაცემებით აღმოჩენილია – ხორბლის დანახშირებული ნაშთები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები – წისქვილის ქვები, ნამგლები, ფილთაქვები, ქვასანაყები და სხვ. ამ ათასწლეულების პერიოდში ქართველმა მიწათმოქმედებმა შექმნეს ხორბლის მრავალფეროვნება, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში და დადასტურებულია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი პირველადი კერაა (ნ. ვავილოვი, პ. ჟუკოვსკი, ლ. დეკაპრელევიჩი, ვ. მენაბდე, მ. იაკუბცინერი, ვ. დოროფეევი). ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხორბლის ბოტანიკურ გვარში შემავალი კულტურული სახეობებიდან დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, რაც შეადგენს ამ გვარში შემავალ კულტურულ სახეობათა 70%-ს. მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის გვარში საქართველოს ხუთი ენდემური (ავტოქტონური) სახეობაა -T. timopheevii  Zhuk, T. Karamyschevii Nevski, T. persicum  Vav., T. zhukovskyi  Men. & Eriz, T. macha Dekapr. & Men. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოში აღმოჩენილი და აღწერილია ხორბლის 154-ზე მეტი სახესხვაობა და აბორიგენულ (ავტოქტონური) ჯიშ-პოპულაციათა დიდი მრავალფეროვნება (150-ზე მეტი ჯიში).

ქართველი ხალხი ხორბლის ამ დიდ მრავლფეროვნებას სხვადასხვა შესატყვისი სახელწოდებებით იხსენიებენ. ბიოლოგიური ჯგუფის მიხედვით ძველთესლი-საშემოდგომო, ახალთესლი-საგაზაფხულო. სახეობების და ჯიშების მიხედვით – ზანდური, ასლი, მახა, დიკა, თავთუხი, იფქლი, დოლის პური, ხულუგო, ხოზო, ხოტორა. შეფერვით – შავთავა, შავთვალა, შავფხა, წითელი დოლი, თეთრი დოლი, შავი, თეთრი და წითელი დიკა, წარმოშობის მიხედვით – ჩვენებური პური, გამორჩეული, რაჭულა, ახალციხის წითელი დოლი, კახური დოლი და კორბოულის დოლი. მნიშვნელოვანია თავთავის მტვრევადობის და სიფართით სახელწოდება – ასლი, ზანდური და მის შიგნით – გვაწა (წვრილი) ზანდური და ჩელტა (ბრტყელი) ზანდური, გვაწა და ჩელტა მახა. საქართველოში ხორბალს მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა. მას ფართოდ იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში: დაჩირქებული ადგილიდან ჩირქის გამოსაწურად იყენებენ „ხავიწს”. სტომატიტს მკურნალობდენ მოხალული ხორბლის მარცვლით, რომლის ნახარშსაც უმატებდნე თეთრ შაბს და ამზადებდნენ სავლებს. ხორბლის სახამებელს იყენებდნენ ხველების და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ფქვილისაგან ამზადებდნენ სხვადასხვა მალამოებს.

საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობები საინტერესონი აღმოჩნდნენ, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულ-სელექციური თვალსაზრისითაც. მათი შესწავლით (ხორბალი მახა) შესაძლებელი გახდა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სახეობის რბილი ხორბლის ევოლუციის დადგენა. საქართველოს ენდემურმა სახეობებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა სელექციური თვალსაზრისითაც ჰპოვეს.
საქართველოს ენდემური სახეობები და მათი გენეტიკური და სელექციური ღირებულება. საქართველოს მრავალი ენდემური სახეობა და ფორმა გამოირჩევა სოკოვანი დაავადებების მიმართ ფენომალური კომპლექსური იმუნიტეტით, მავნებლებისადმი გამძლეა და მაღალი ბიოქიმიური მაჩვენებლების მქონე. ამ ნიშნების გამო ისინი საუკეთესო გენეტიკურ წყაროს წარმოადგენენ ინტენსიური ტიპის ჯიშების მისაღებად და ჰიბრიდული ხორბლის პრობლემის გადასაწყვეტად.

T. timopheevii Zhuk – ქართულად მოვიხსენიებთ, როგორც “ჩელტა ზანდური“. საქართველოს ენდემური სახეობაა. კილიანი ხორბალია. ზანდურის პოლიპლოიდურ რიგში ძირითადი სახეობაა. ამ სახეობის ავტორის მიერ დადგენილია მისი ორი სახესხვაობა.

1. var. tipicum Zhuk – თავთავი ფხიანია, შებუსული, თეთრი ძირითადი სახესხვაობაა.

2. var.  viticulosum Zhuk – თავთავი ფხიანია, შებუსული, თეთრი, შავი მინარევი. ა. ერიციანმა და ვ. მენაბდემ ჰიბრიდოგენურად მიიღეს ახალი კონსტანტური ფორმები, რომლებიც სახესხვაობათა რანგამდე აიყვანეს და დღეისათვის სახეობის პოლიმორფიზმი განისაზღვრება 4 სახესხვაობით.
კიხარამ და ლილიფენდმა ხორბალ T. timopheevii Zhuk-სათვის დაადგინეს განსაკუთრებული გენომი G, რომელიც არაჰომოლოგიურია სხვა სახეობების გენომის. შემდგომში გენომი G აღიარებული იყო B გენომის სტრუქტურულ სახეცვლილებად (მუტაცია).
ჩელტა ზანდური გენეტიკური მექანიზმით გამოკერძოებულია ხორბლის სხვა სახეობებიდან. იგი ძნელად უჯვარდება სხვა სახეობებს და ჰიბრიდებიც ჩვეულებრივ სტერილურია. სიახლოვეს ავლენს T. araraticum Jakubz-თან, მათი შეჯვარება ხორციელდება, მიიღება ფერტილური თაობა და ჰიბრიდების მეიოზი ნორმალურად მიმდინარეობს.

ლ. დეკაპრელევიჩის მიხედვით ზანდური რუსთველის ეპოქაში (XII ს.) საქართველოში გავრცელებული ხორბალი ყოფილა. შემდგომში იგი ვიწრო ლოკალიზებული სახეობა გახდა (რაჭა-ლეჩხუმი), რამაც ხელი შეუწყო მის გამოკერძოებას და შენარჩუნებას, საერთოდ კი ჩელტა ზანდური პლასტიკური ხორბალია, კარგად იზრდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. დასავლეთ საქართველოს კილიანი ხორბლებიდან იგი ყველაზე ხანგრძლივად შემორჩა საწარმოო ნათესებში.

T. timopheevii Zhuk – ხასიათდება მაღალი იმუნიტეტით, ამტანია არახელსაყრელი პირობებისადმი, მძლავრი ფესვთა სისტემის გამო გამძლეა ამოქარვისადმი. ჩალა მტკიცეა, არ წვება, თავთავების შნაქვით აღების შემდეგ გამოიყენებოდა სახურავ მასალად. საკმაოდ მოსავლიანია. მარცვალი მსხვილია, რქისებური კონსისტენციის, შესანიშნავი პურცხობის ხარისხით. პროფ. მ. ჩიქოვანის ცნობით ზანდურის პური დიდი მოწონებით სარგებლობდა, აცხობდნენ სადღესასწაულოდ და სტუმრებისათვის.

ჩელტა ზანდური ხასიათდება ყველა სახის დაავადების მიმართ კომპლექსური გამძლეობით. ამ სახეობის გამო საქართველო მიჩნეულია იმუნური ხორბლის სამშობლოდ.

მაღალი სელექციური ღირსების გამო წარმატებით იყენებენ რბილი ხორბლის სელექციაში. ჰიბრიდების სტერილობა შეიძლება დავძლიოთ პოლიპლოიდიით (პ. ნასყიდაშვილი, ვ. დოროფეევი, ც. სამადაშვილი). T. timopheevii Zhuk მსოფლიოს გენეტიკოსთა და სელექციონერთა ყურადღების ცენტრშია და დაწვრილებით დამუშავების ობიექტია. აშშ-ში, ავსტრალიაში, კენიაში, იაპონიაში, ინგლისში, არგენტინაში და სხვა ქვეყნებში მისი მონაწილეობით მიღებულია ხორბლის მრავალი ახალი ფორმა და ახალი შესანიშნავი ჯიშებიც (Steinwedel, Timstein, Mengavi,  Lepard,  SRPC 67,  melanopus 5, melanopus 6, melanopus 7).

პ. ჟუკოვსკის მონაცემებით აშშ-ში ხორბლის სელექციაში ყველაზე დიდ მიღწევად თვლიან ზანდურში მამრობითი სტერილობის გენების – ცმს-ის აღმოჩენას. ჰიბრიდული ხორბლის შესაქმნელად, ჩვენს ქვეყანაშიც და უცხოეთშიც, ფართოდ გამოიყენება T. timopheevii  Zhuk. მისი მონაწილეობით პ. ჟუკოვსკიმ დიკის შეჯვარებით მიიღო ამფიდიპლოიდი T. fungicidum  Zhuk; (2n=56). 1960 წ. საფრანგეთში ბოტანიკოსმა ესლომ ტიმოფეევიდან კოლხიცინის ზემოქმედებით, ქრომოსომთა რიცხვის გაორკეცებით, ექსპერიმენტულად მიიღო T. timonovum Heslot.  et Ferrary. იგი ხასიათდება ისეთივე სავეგეტაციო პერიოდით, ცმს და სოკოვან დაავადებათა მიმართ მაღალი გამძლეობით. ვ. დოროფეევმა და ე. მიგუშავამ T. timopheevii-s და Ae. tauschii-ის შეჯვარებით და ჰიბრიდის ქრომოსომების გაორმაგებით მიიღეს ახალი სახეობა T. Kiharae  Dorof & Migusch., გენომით AGD. ტიმოფეევის მონაწილეობით ე. ჟიროვმა შექმნა რბილი ხორბლის ანალოგი. პ. ჟუკოვსკისა და ე. მიგუშოვას მიერ აღმოჩენილია ტიმოფეევის მუტანტი – T. militinae Zhuk. & Migusch. იგი ისევე მაღალიმუნურია, როგორც ტიმოფეევი.

დღეისათვის მუტაციითა და სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციით მიღებულია მრავალრიცხოვანი პოლიპლოიდები – ამფიდიპლოიდები და ალოპოლიპლოიდები, რომლებიც აფართოებენ ტიმოფეევის ჰიბრიდიზაციის შესაძლებლობას ხორბლის სხვადასხვა სახეობასთან და იგი მომავალში სასელექციოდ უფრო ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული.

T. zhukovskyi  Men. &  Eriz. – ჰექსაპლოიდური ზანდური 1960 წ. ვ. მენაბდისა და ა. ერიციანის მიერ ზანდურის პოპულაციაშია აღმოჩენილი. ვ. მენაბდეს აზრით ეს სახეობა ამფიდიპლოიდია და წარმოშობილია სპონტანური ჰიბრიდიზაციით გვაწა ზანდურისა (T. timopheevlii) და ჩელტა ზანდურის (T. timopheevlii) შეჯვარებით. პირველად იგი მიღებულ იქნა 1940 წელს დ. კოსტოვის მიერ და ეწოდა T. timococcum. ამ სახეობათა შეჯვარებით გ. კანდელაკმა 1945 წელს მიიღო ამფიდიპლოიდი, რომელიც გარეგნულად უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ჟუკოვსკისაგან. უფრო გვიან, მისი ბუნებრივ პოპულაციაში აღმოჩენის შემდეგ, 1964 წ. ე. ტავრინმა ამავე სახეობათა შეჯვარებით მიიღო ამფიდიპლოიდი-ექსპერიმენტული T. zhukovskyi. 1965 წელს ამფიდიპლოიდი სინთეზირებულია ინდოელი მკვლევარების უპადიასა და სვამინტანის მიერ. 42 ქრომოსომიანი ფორმაა, რომელიც გამოყოფილია ცალკე სახეობად. ზანდურის ეს სახეობა მორფოლოგიურად მსგავსია ტეტრაპლოიდური – ჩელტა ზანდურის (ტიმოფეევი), ცმს-ის გენის მატარებელია, სოკოვან დაავადებათა მიმართ გამოირჩევა მაღალი იმინუტეტით. ტიმოფეევისაგან განსხვავებით აქვს ნაკლებად მკვრივი და უფრო წაგრძელებული თავთავი, უფრო მაღალმოზარდია, 6-8 დღით გვიან მწიფდება. ამ სახეობის რბილ ხორბალთან შეჯვარებით მიიღება მეტად საინტერესო რბილი ხორბლის სასელექციო საწყისი მასალა.

T. Karamyschevii Nevski – კოლხური ასლი, ხორბლის სისტემატიკაში T. georgicum  Dekapr. da T. palaeo-colchicum Men. და თ. პალაეო-ცოლცჰიცუმ Mენ. დასავლეთ საქართველოს (რაჭა-ლეჩხუმი) ენდემური ხორბალია. იგი მინარევად იყო ხორბალ მახას ცენოზში.

ორფოლოგიურად წამსგავსებულია მახა იმერეტიკუმს. რაჭა-ლეჩხუმის ნათესებში პირველად აღმოაჩინა ვ. სუპატაშვილმა. მორფოლოგიური თვისებებისა და გეოგრაფიული გამოკერძოების გამო ლ. დეკაპრელევიჩმა და ვ. მენაბდემ აიყვანეს დამოუკიდებელ სახეობამდე. ქართული ასლი მონომორფიული სახეობაა და მხოლოდ ორი სახესხვაობითაა წარმოდგენილი.

1. var. chvamlicum Supat. – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი, თეთრი, ძირითადი სახესხვაობაა.

2. var. rubidum Men. – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი, წითელი-იშვიათი მინარევი.

ვ. მენაბდეს მიხედვით კოლხური ასლი წარმოიშვა მახასაგან. მ. იაკუბცინერისა და გ. კანდელაკის მოსაზრებით, პირიქით, ქართულმა ასლმა მისცა საწყისი მახას. ამ უკანასკნელი სახეობის წარმოქმნაში ქართული ასლის მონაწილეობა ექსპერიმენტულად დაასაბუთა ალ. გორგიძემ.
ქართული ასლი საწარმოო ნათესებიდან უფრო ადრე გაქრა, ვიდრე საქართველოში გავრცელებული კილიანი სხვა ხორბლები. მისი მონაწილეობა მახას ცენოზში ბუნებრივი გამორჩევით მცირდებოდა და თანდათან ქრებოდა.

T. persicum Vav. – ქართულად დიკა, ხორბლის სისტემატიკაში გვხვდება მეორე სახელითაც T. carthlicum  Nevskyi. . საქართველოს უძველესი ხორბალია. ქართულ წერილობით ძეგლებში იგი V საუკუნიდან მოიხსენიებოდა როგორც გავრცელებული ხორბალი (უფრო ადრინდელი დამწერლობა არ არის შემორჩენილი).

დამოუკიდებელ ბოტანიკურ სახეობად, ნ. ვავილოვმა აღწერა 1918 წელს T. persicum  Vav–ის სახელწოდებით, რომელიც წარმოდგება ერფურტის მეთესლეობის ფირმიდან მიღებული ნიმუშიდან „Persicher Weizen”. ნ. ვავილოვის მიერ ამ სახეობისათვის შერქმეული სახელწოდება – შეუსაბამო გამოდგა, რადგან ირანში მისი ნათესები არ ყოფილა აღნიშნული. 1934 წელს ნევსკის მიერ წამოყენებულია სახელწოდება T. carthlicum Nevskyi. 1948 წელს ვ. მენაბდეს მიერ წოდებულია T. ibericum Men, 1942 წელს მ. სიხარულიძის მიერ T. dica Sich. ამ ბოლო დროს გამოქვეყნებულ კულტურული ფლორის I ტომში მოიხსენება, როგორც T. persicum  Vav.

ხორბალმა დიკამ სელქციაში ყურადღება მიიქცია ნაცრისადმი გამძლეობით. პ. ჟუკოვსკის აღნიშვნით ეს ბრწყინვალე მაგალითია მცენარეთა სისტემატიკაში იმუნიტეტის როგორც ტაქსონომური ნიშნის გამოყენებისა. 1921 წელს პ. ჟუკოვსკის მიერ დიკის დიდი მრავალფეროვნება აღმოჩენილია როგორც ფართოდ გავრცელებული ხორბალი საქართველოს მთიან ზონაში. ლ. დეკაპრელევიჩმა მისი ნათესები აღმოაჩინა სომხეთშიც. დადგენილ იქნა, რომ დიკა ამიერკავკასიის ენდემური სახეობაა, მაგრამ ყველაზე მეტი გავრცელებითა და ფორმათა მეტი მრავლფეროვნებით საქართველოშია წარმოდგენილი. მას მხოლოდ საქართველოში აქვს სპეციალური სახელწოდება – ”დიკა”, ამიტომ მისი წარმოშობის კერად საქართველო უნდა იქნეს მიჩნეული (ლ. დეკაპრელევიჩი, ვ. მენაბდე, პ. ჟუკოვსკი). “დიკა” საქართველოში საგაზაფხულო ხორბალს ნიშნავს. ზოგჯერ დიკის ნაცვლად იხმარება ტერმინი “ახალთესლი”.

ქართული ენდემური სახეობებიდან დიკა ყველაზე კულტურული შიშველთესლოვანი სახეობაა. მორფოლოგიურად იგი წააგავს რბილ ხორბალს, მაგრამ მისგან იოლად გამოირჩევა თავთავის წვრილი ღერაკით და თავთუნის კილებზე ფხებით. მისი თავთავი ორმაგად დაფხიანებულია. გენეტიკურად მაგარი ხორბლის ჯგუფისაა (2ნ=28) და იოლად უჯვარდება მას, მოიცავს ფაქტორ Q-ს, რომელიც T. aestivum-თვის არის დამახასიათებელი.

დიკას კოლეოპტილე ორნერვიანია, აღმონაცენი ღია მწვანე, შებუსული, შებუსულობა ახალ აღმონაცენს აძლევს გარკვეულ მქრქალ შეფერვას. აღმონაცენის ბუჩქი მკვეთრად სწორმდგომია, ზევით აღმართული ფოთლებით. ღერო ნაზი, მთლიანად ან შედარებით ამოვსებული. ღეროს ნასკვი უმეტეს შემთხვევაში ხშირად შებუსულია, მუხლთაშორისების რიცხვი 4-5, პროდუქტიული ბარტყობა 2-5. თავთავი გარეგნულად წააგავს რბილი ხორბლის თავთავს. ფხები უფრო გრძელი აქვს, უმეტესად პარალელურად მიმართული. გვხვდება შედარებით გადაშლილ-ფხიანი ფორმებიც. თავთავის ფორმა უმეტესად ცილინდრულია, უფრო იშვიათად თითისტარისებური. თავთავის სიგრძე 6-14 სმ-ია. განვითარებული თავთუნების რიცხვი მერყეობს 15 – 25-მდე. მარცვალი უმეტესად ოვალური ფორმისაა, მარცვლის განივჭრილი მომრგვალებული.

ვერცხლისებური შეფერვა გადაკრავს. კონსისტენცია რქისებური, იშვიათად ნახევრად ფქვილისებური (დიკის წარმოების ზონებში, მარცვალი ყოველთვის რქისებური). 1000 მარცვლის მასა 24-26 გრამი. საქართველოში დიკა წარმოდგენილია დიდი მრავალფეროვნებით და დადგენილია 9 სახესხვაობა.

1. Var. fuliginosum Zhuk – თავთავი ფხიანია, შებუსული, შავი-კავკასიონის დიკის პოპულაციაში.

2. Var. rubiginosum Zhuk – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი, წითელი-ძირითადი სახესხვაობაა დიკის ყველა პოპულაციაში.

3. Var. stramineum Zhuk – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი, თეთრი, მეტნაკლები მინარევია დიკის ყველა პოპულაციაში.

4. Var.  osseticum Greb. – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი, შავი-ყვითელ ფონზე. მარცვალი თეთრი. ჩრდილოეთ პოპულაციებში ერთეულ მინარევად

5. Var. darginicum Berg. & Muizh. – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი, შავი წითელ ფონზე; მარცვალი წითელია; გვხვდება დაღესტანში, საქართველოში მინარევად.

6. Var. pseudo rubiginosum Zhuk – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი, წითელი, ფხები შავი – სამხრეთ ოსეთში მინარევად

7. Var. nigrorubiginosum Flaksb. – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი, წითელი, კილები შავი არშიით, მარცვალი წითელი სამხრეთ ოსეთის პოპულაციებში.

8. Var. pseudo-stramineum  Flaksb – შავი ფხებით იშვიათ მინარევად.

9. Var. dekaprelevitchi Sichar – ფხიანი, შებუსული, მურა თეთრ ფონზე – კილები შავი არშიით. მარცვალი წითელია – დუშეთის რაიონში იშვიათ მინარევად.

დიკის სახესხვაობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: წითელი Var.  rubiginosum  Zhuk; შავი – Var fuliginosum Zhuk; თეთრი – Var  stramineum Zhuk.

დიკა მთიანი ზონის ტიპიური ხორბალია. დიკის გავრცელების მაღალ ზონაში (მ. სიხარულიძე) წითელი დიკა უფრო მაღალპროდუქტიულია, ვიდრე ამ სახეობის სხვა სახესხვაობები. დაბალ ზონაში უფრო მაღალმოსავლიანია თეთრი ფორმები. გავრცელებული იყო დიკის საგაზაფხულო ქერთან ერთად ნარევად თესვა – ასეთი რთული პოპულაცია გვართაშორისი და სახეობათაშორისი ნარევი მოსახლეობაში „ქეჭრელის” სახელით იყო ცნობილი. დიკის გავრცელების ზონა – ზღვის დონიდან 900-1400 მეტრია.

დიკა ძვირფასი სასელექციო მასალა – პლასტიკური და სიცივეგამძლე ხორბალია. მთიან ზონაში მისი დაპურება და დამწიფება ხდება დაბალ ტემპერატურაზე. თესვა-მოყვანის პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია. ფესვზე არ ღივდება, არაცვენადია, სოკოვან დაავადებათა მიმართ (ნაცარი, ჟანგა, გუდაფშუტა) მაღალ გამძლეობას იჩენს. იმუნიტეტზე სელექციისას, როგორც საჰიბრიდიზაციო კომპონენტი, საუკეთესო მშობელი ფორმაა. იგი ჟანგაგამძლეობის მეტად ძლიერი წყაროა, რომელიც მეტად სენმიმღებ ჯიშებთან შეჯვარებითაც კი იძლევა პრაქტიკულად იმუნურ ფორმებს, გვალვაგამძლეა, იტანს ატმოსფეროს გვალვასაც. მის მარცვალში 16,4-18,5% ცილაა და 2,65-2,66% ლიზინი. იგი იოლად უჯვარდება ტეტრაპლოიდურ ჯგუფის ხორბლებს (მაგარი ხორბალი, ტურგიდუმი, ასლი). განსხვავებულ გენეტიკურ სიახლოვეს იჩენს ჰექსაპლოიდური ჯგუფის სხვადასხვა ეკოტიპის წარმომადგენლებთან.

იაპონელმა ტრიტიკოლოგმა კიხარამ დიკის შეჯვარებით ველურად მოზარდ მარცვლოვანთან – Aegilops tauschii (sguarosa) მიიღო 42-ქრომოსომიანი რბილი ხორბლის მსგავსი ფორმა. ეს ფაქტი განსაკუთრებით ზრდის ინტერესს ამ სახეობისადმი. ზანდურის და დიკას მონაწილეობით მიღებულია მრავალი ამფიდიპლოიდი. ქართლიკუმის მონაწილეობით შექმნილია საწარმოო მნიშვნელობის ჯიშები (Runar, PLS, Rang). საინტერესოა ის ფაქტი, რომ რბილი ხორბლის შექმნაში, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობა – დიკა.

T. macha Dekapr.  & Men. – ხორბალი მახა კილიანი ჰექსაპოლიდური ფორმაა. ცალკე სახეობად დადგენილია ლ. დეკაპრელევიჩისა და ვ. მენაბდეს მიერ 1930 წელს. უძველესი პირველადი სახეობაა, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პროტოტიპი და როგორც “ცოცხალი წინაპარი” კულტურული სახესხვაობებისა. მახა მატარებელია ველური და კულტურული ხორბლის ნიშნებისა.

ვ. დოროფეევი აღნიშნავს, რომ, მახას, როგორც პირველი ჰექსაპლოიდური ხორბლის როლი ამჟამად სავსებით დამტკიცებულია. გერმანელი ტრიტიკოლოგის კუკუკის თანახმად, ყველა ჰექსაპლოიდური ხორბალი გენეტიკურად იდენტურია, აქვთ საერთო წარმოშობა და მახას გავრცელების თანამედროვე არეალი მათი ყველაზე უძველესი არეალია.

ლ. დეკაპრელევიჩი მახას იხილავს როგორც კრებსით სახეობას და მისგან გამოყოფს ორ სახეობას.
T. tubalicum Dekapr. – გვაწა (კენტეხელა, წვრილი) მახა, – განეკუთვნება ნახევრად კულტურულ სახეობას. მისი თავთავი წვრილი, გრძელი და ფაშარია. მეტად მტვრევადი. ამ ქვესახეობას ზოგიერთი ფორმის თავთავები ჯერ კიდევ ძლიერ არამომწიფებულ მდგომარეობაში იწყებს მტვრევას. პოლიმორფული ქვესახეობაა-მოიცავს უფხო და ფხიან შებუსულ და შეუბუსავ, თეთრ და წითელთავთავიან ფორმებს და სახესხვაობებს. აღწერილია 10 სახესხვაობა.

1. var. letshchumicum Dekapr. et Men. – თავთავი თეთრია, შეუბუსავი, ფხები გრძელი – ამ სახეობის ძირითადი სახესხვაობაა.
2. var. megrelicum Men – თავთავი ფხიანია, შეუბუსავი წითელი – იშვიათი სახესხვაობაა.
3. var. submegrelicum Dekapr – თავთავი ნახევრად ფხიანი, შეუბუსავი, წითელი, იშვიათი სახესხვაობაა.
4. var. subletshchumicum Dek.  & Men. – თავთავი თეთრია, შეუბუსავი, ფხიანი.
5. var. colchicum Dekapr. & Men. – თავთავი ფხიანი, შეუბუსავი, თეთრი, იშვიათი სახესხვაობაა.
6. var. subcolchicum Dekapr. – თავთავი ნახევრად ფხიანი, შეუბუსავი, თეთრი, იშვიათი სახესხვაობაა.
7. var. ibericum Dekapr. et Men. – თავთავი ფხიანი, შეუბუსავი, წითელი – მეტად იშვიათი სახესხვაობაა.
8. var. Scharashidze Men – თავთავი უფხო, შეუბუსავი, თეთრი, იშვიათი სახესხვაობაა.
9. var. georgium Dekapr. & Men – თავთავი უფხო, შეუბუსავი, წითელი, მეტად იშვიათი სახესხვაობაა.
10. var. eritziani Men – თავთავი თეთრი, უფხო ან მოკლე ფხებით, ძალიან იშვიათი სახესხვაობაა.
T. imereticum Dekapr. – ჩელტა მახა. თავთავი ფართო, უფხო, მოკლე, მკვრივი, მტვრევადთავთავიანი, მაგრამ მტვრევადობა უფრო სუსტად არის გამოსახული, ვიდრე გვაწა მახაში. ჩელტა მახასათვის აღწერილია 4 სახესხვაობა.
1. var. palaeoimereticum Dekapr. & Men – თავთავი ნახევრად ფხიანი, შეუბუსავი, თეთრი-სახეობის ძირითადი სახესხვაობა.
2. var. Pleno-compressum Men – თავთავი ნახევრადფხიანი, შეუბუსავი, თეთრი-იშვიათი სახესხვაობაა.
3. var. rubiginosum  Dekapr. & Men – თავთავი ფხიანი, შეუბუსავი, წითელი-მეტად იშვიათი სახესხვაობაა.
4. var. palaeocolchicum Dekapr. & Men – თავთავი ფხიანი, შებუსული, თეთრი- მეტად იშვიათი სახესხვაობაა.

ქართულ ლექსიკონში მახას ეს ორი ძირითადი ფორმა დიფერენცირებულია, როგორც ტუბალიკუმი – “გვაწა”, “წვრილი”, “კენტეხელა” და იმერეტიკუმი კი “ჩელტა” (ფართოთავთავიანი) მახა. ვ. მენაბდის და ა. ერიციანის გამოკვლევათა თანახმად მახას ორივე ფორმა გენეტიკურ შეთავსებულობას ავლენს რბილ ხორბალთან.

მახას ორივე სახეობა ტყიანი ზოლის ეკოტიპია, წარმოდგენილია საშემოდგომო და ნახევრად საშემოდგომო ფორმებით. ჟანგა სოკოების მიმართ ნაკლებად გამძლეა. სხავადასხვა ფორმა ჩაწოლისადმი განსხვავებულ გამძლეობას ავლენს. სხვადასხვა სახეობებთან შეჯვარებისას მიიღება მრავალფეროვანი სასელექციო მასალა.

ცოტნე სამადაშვილი, გულნარი ჩხუტიაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

ლიტერატურა:

P. Naskidashvili. Inter-species hybridization of wheat. M., Kolos, 1984, p. 255.

  1. L. Dekaprelevich, P. Naskidashvili, Ts. Samadashvili. Features of distribution of genes of a letality in wheat of Georgia. Works VIR, Bulletin No. 84.1978, p. 12-15.
  2. L. Dekaprelevich. About receiving unviable and semi-viable combinations when crossing wheat. Works of the All-Union congress on genetics, selection, seed farming and livestock production. vol.2, Genetics, 1930, p. 221-227.
  3. L. Dekaprelevich. Types, versions and varieties of wheat of Georgia. Works of Inst. of field husbandry of Acad. of Sci. of GSSR. vol.8.1954, p. 3-58.
  4. V. Menabde. Wheat of Georgia. Institute of botany. Tbilisi, 1948, p. 3-256.
  5. P. Naskidashvili, Ts. Samadashvili, etc. Selection value of native variety-populations of soft wheat of Georgia. Materials of a scientific conference, Tbilisi, 1985, p. 91-92.
  6. N. Vavilov. World resources of grain cereals. Wheat, M.1940, p. 123.
  7. P. Naskidashvili, M. Sikharulidze, E. Chernish. Selection of wheat in Georgia. Tbilisi, Ganatleba, 1983, p. 3-350.
  8. Ts. Samadashvili, L. Ujmajuridze, G. Chkhutiashvili. The strategy of production of wheat and its role in the state independence of Georgia. Moambe, Academy of agricultural sciences of Georgia, vol.1, 2017, p. 10-14.
  9. Ts. Samadashvili, G. Chkhutiashvili, N. Bendianishvili. The Georgian varieries of soft wheat – productivity and possibilities of distribution. Journal, Agrarian Georgia, No. 3, 2017, p. 16-18.