აგროსიახლეებიმედია ფერმერებისთვის TVსტატიები

ქართული მოცვი, თხილი და სანელებლები მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2025

ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე – Fruit Attraction 2025 ქართული ეროვნული პავილიონი პირველად მოეწყო.
გამოფენაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით.

პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი ქართული კომპანიები: „ბლუ ბერდ ბერიზ”, „გოლდენ ფარმს”, „S.R.T”, „აგროლეინი”, „აგრო ველი”, „ჯენტრი ინვესტმენტსი”, „ალფაინ სფაისიზ”, „აგრითაჩი” და „ხონის პლანტაციები“.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ურუშაძე, ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი და პავილიონში წარმოდგენილი მწარმოებლები მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარიო სტეტას შეხვდნენ .

შეხვედრაზე განიხილეს ქართული მოცვის სექტორის განვითარების შესაძლებლობები და ქვეყნის როლი გლობალურ მიწოდების ჯაჭვში, სადაც ბატონმა მარიო სტეტამ აღნიშნა:

„საქართველოს აქვს უნიკალური კლიმატური პირობები და მაღალი ხარისხის ნიადაგი, რაც მას საშუალებას აძლევს, გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში.“

საქართველოს პოტენციალი ევროპულ ბაზრებზე

მოცვის, თხილისა და სანელებლების წარმოება ბოლო წლებში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად იქცა საქართველოს აგროსექტორში.

მსგავს საერთაშორისო გამოფენებში ორგანიზებულად მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მცირე და საშუალო ფერმერებისთვის, როგორც ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, ისე პროდუქციის ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით.

ესპანეთში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე ჭკუასელის განმარტებით:

„საელჩო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაში, რათა გაიზარდოს ქართული პროდუქციის ცნობადობა და ექსპორტის პოტენციალი. ეს არის გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას უფრო მეტად გახსნის ევროპული ბაზრებისკენ.“

გამოფენის მასშტაბი

Fruit Attraction 2025 ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსექტორის ღონისძიებაა, სადაც წლეულს მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 2 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდ, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 120 ათასს გადააჭარბა.

გამოფენის მთავარ მიზანი ვიზიტორებისა და მონაწილეებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, აგროპროდუქტების და ინოვაციური მიდგომების გაცნობა იყო.

ქართული პავილიონის მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენა ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ, საქართველოს აგროსექტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ლურჯი მოცვისა და სხვა მაღალი ხარისხის პროდუქციის ექსპორტის ზრდა აჩვენებს, რომ საქართველო  მსოფლიო აგრარულ ოპროდუქციის რუკაზე ნელ-ნელა ღირსეულ ადგილს იკავებს.