ქართული ყელტიტველა ქათამი
ვარაუდობენ, რომ ზოგადად ყელტიტველა ქათმები ჩამოყალიბდა დღევანდელი ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე. საქართველოში მათი გავრცელების პერიოდი არ არის დადგენილი. ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში ყელტიტველა ქათმებს ჩინურსაც („კიტაიკას“) უწოდებენ.
ქართული ყელტიტველა ქათამი სხვა ქართული პოპულაციებიდან გამოირჩევა განსხვავებული ექსტერიერით:
თავი მრგვალი აქვს და შებუმბლულია მხოლოდ მისი კეფის ნაწილი;
ნისკარტი მოკლეა და ოდნავ მოხრილი;
ბიბილო მარტივი;
საშუალო ზომის;
სისხლისფერ-წითელი და, ძირითადად, სწორად მდგომი;
საყურეები პატარა ზომისაა და წითელი;
კისერი საშუალო სიგრძის, შეუბუმლავი და წითელი, ზოგ შემთხვევაში ჩიჩახვის მიდამო შეუბუმბლავია;
გულმკერდი ფართო და მომრგვალებული;
ზურგი გრძელი და ფართო;
ფრთები მჭიდროდ ეკვრის სხეულს;
წვივი გრძელი, ფეხის ტერფის ნაწილი საკმაოდ გრძელი და შეუბუმბლავი;
ბუმბულის პიგმენტაცია, როგორც მამლებში, ასევე დედლებში ქათმის ყველა ქართული პოპულაციის შეფერილობას იმეორებს;
ნისკარტი და ფეხის ტერფის ნაწილი უმეტესწილად ყვითელი ფერის აქვთ.
ქართული ყელტიტველა ჯგუფისათვის მიკუთვნების ერთ-ერთი მთავარი პირობა ისაა, რომ ქათამს საფარში არ უნდა ერიოს თეთრი ფერის ბუმბული.
პროდუქტიულობით ყელტიტველა ქათამი კომბინირებული, საკვერცხე-სახორცე მიმართულებისაა და საკმაოდ ადრეულია.
სხვადასხვა ფერის ინდივიდებიდან ჩალისფერი ყელტიტველა ყველაზე დიდტანიანია, საშუალოდ კი მამლების ცოცხალი მასა შეადგენს 3,2-3,5 კგ-ს, დედლებისა – 2,7-2,8 კგ- ს. კვერცხის დებას იწყებს 5-6 თვის ასაკში, ხოლო პიკს აღწევს კვერცხდების მე-7- მე-8 თვეს.
საშუალო კვერცხმდებლობა 155-160 ცალია, კვერცხის მასაა 56,8-58,5 გრ., საინკუბაციო კვერცხის გამოსავალი 90%-ია, ხოლო ყოველი 100 კვერცხიდან გამოჩეკილი წიწილების რაოდენობა 86-88-ს აღწევს.
წიწილა სწრაფად იზრდება. აქვს ნაზი, გემრიელი და „ცვრიანი“ ხორცი, რომელიც, ასევე, ხასიათდება კარგი ტექნოლოგიური/კულინარიული თვისებებით. დადგენილია, რომ, ყელტიტველა ქათამი გამოირჩევა სიცოცხლისუნარიანობით, ოჯახურ პირობებში შენახვისას ის ადვილად „პოულობს“ საკვებს და კარგად იტანს ჰაერის ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურას.
ცალკე გუნდის სახით არც ერთ ფერმერულ/საოჯახო მეურნეობაში არ გვხვდება.
2009-2012 წლების ექსპედიციური გამოკვლევებით დადგენილია, რომ დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ყელტიტველა ქათმების რაოდენობა საერთო 24-30% მასაში იყო, სავარაუდოდ, ამასთან მიახლოებული მდგომარეობაა ქვეყნის სხვა რეგიონებში.
წყარო: elkana.org.ge