აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ქართული სახორცე ჯიშის ბოცვერი „პელე“

მებოცვრეობა მეცხოველეობის ერთერთი პერსპექტიული დარგია. ბოცვრის მოშენება შეიძლება, როგორც  სოფლად ისე ქალაქად. იგი მალმწიფადი ცხოველია ერთი დედა ბოცვრიდან წლის განმავლობაში შეიძლება 60-70 კგ დიეტური ხორცი, 20 ცალი  ტყავი და მაღალი ხარისხის თივთიკი მივიღოთ.
ზოოლოგიური სისტემატიკის მიხედვით ბოცვერი ხერხემლიანების ტიპს, ძუძუმწოვრების კლასს მღრნელების რაზმს, კურდღლისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მსოფლიოში ბოცვრის 60-მდე ჯიშია გავრცელებული. საქართველოში 6 ჯიშია მოშენებული.

ზოოტექნიკური ლიტერატურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოცვრის ხორცის წარმოების ზრდა ბროილერული მებოცვრეობის ტექნოლოგიის განვითარებას ეფუძვნება, რომელშიც წამყვან ადგილს იკავებს ჯიშთაშორისი შეჯვარების მეთოდით მიღებული ბოცვრების სახორცე ჯიშების გამოზრდა, რომლის შეხამება შეუძლებელია ხალასჯიშიანი მოშენებეის შემთხვევაში.

ახალი ჯიშის გამოყვანის მიზნით 1984-1992 წლებში კუმისის მებოცვრეობის კომპლექსში, სამეცნიერო-საწარმოო ექსპერიმენტში გამოიცადა მეხორცული მიმართულების ახალზელანდიური და მეხორცული ტყავ-ბეწვეული მიმართულების შინშილას ხალასჯიშიანი ფორმები.

ჯიშების შერჩევისას ამოსავალი წერტილი იყო აღნიშნული ჯიშების წარმოშობის ისტორია და სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებები.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა შინშილას დედლების და ახალზელანდიური თეთრი ჯიშის მამლების შეჯვარების შედეგად ახალი სახორცე მიმართულების ჯიშის გამოყვანა, რომელშიც შერწყმული იქნებოდა მეხორცული ჯიშისათვის დამახასიათებელი ძვირფასი სასოფლო-სამეურნეო ნიშანთვისებები, რაც საწყის ჯიშებს არ აღენიშნებოდათ.

სასელექციო-სანაშენო სამუშაოები სამ ეტაპად დაიყო:

I მოსამზადებელი, II ახალი სახორცე ჯიშის ბოცვრების მიღება, III სასურველი ჯიშის „თავისში“ მოშენება და გამრავლება.

პირველი ეტაპი – 1984-1985 წლები   სახორცე მიმართულების ახალზელანდიური თეთრი ჯიშის მამლების, შინშილას დედლებთან შეჯვარება, გადარჩევა – შერჩევა, სასურველი ნიშანთვისებების  მონაცემებით.

მეორე ეტაპი –  1987-1989 წლები ცხოველთა კონსოლიდაციის მიზნით ჰომოგენური შერჩევა, ზომიერი ინბრიდინგი.

  მესამე ეტაპი – 1990-1992 წლები  ახალი ჯიშის  მასივის შექმნისათვის მიღებული გენეტიკური კომბინაციების ,,თავისში“ მოშენება.

სასელექციო მუშაობის დროს ძირითადი ყურადღება ექცეოდა ბოცვრების ტიპურობას, ცოცხალ მასას, განაყოფიერების უნარს, მალმწიფადობას, ნაყოფიერებას, ბაჭიების შენარჩუნების დონეს, დედლების მერძეულობას.

საცდელი ბოცვრების შეფასება და კლასების დადგენა წარმოებდა ბონიტირების ინსტრუქციის საფუძველზე ნიშან-ვისებათა კომპლექსით (ცოცხალი მასა, ნაყოფიერება, სახორცე და ტყავ-ბეწვეულის პროდუქტიულობა, ბეწვოვანი საფარის შეფერილობა). ცხოველების გამოზრდა მიმდინარეობდა დახურული სამრეწველოო კომპლექსში. საბოცვრეში მიკროკლიმატი შეადგენდა:  ტემპერატურა 18-200, ტენიანობა 70-75%,  ჰაერის მოძრაობის სისწრაფე 0,2-0,3 მ/წმ.

ცხოველთა კვება წარმოებდა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის კვლევით სექტორში შედგენილი ნორმის და რაციონის მიხედვით.

შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით  განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მოვლა-შენახვის ოპტიმალურ პირობებს, რათა  უზრუნველყოფილიყო ბოცვრების გენეტიკური პოტენციალის სრულიად გამოვლინება.

მებოცვრეობაში მთლიანი დანახარჯების 60% საკვები შეადგენს. პერიოდულად მოწმდებოდა საკვების ხარისხი და ყუათიანობა. საკვების დანახარჯი დადგენილია ბოცვრების მიერ ფაქტობრივად მიღებული და დარჩენილი საკვების აღრიცხვით.

შესწავლილია ბოცვრების ზოგიერთი ბიოლოგიური (პულსი, ტემპერატურა) და მორფოლოგიური (სისხლი) მაჩვენებლები.

120  დღის ასაკში ბოცვერი, რომელიც არ პასუხობდა წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნილებებს, ექვემდებარებოდა წუნდებას.

სამეცნიერო-საწარმოო კვლევითი სამუშაოების პროცესში, ჩვენ შევისწავლეთ ძირითადი სასარგებლო სამეურნეო ნიშან-თვისებები: აღწარმოების მაჩვენებლები, ცოცხალი მასის ზრდის დინამიკა, ექსტერიერი, სახორცე და ტყავ-ბეწვეული პროდუქტიულობა.

ნაყოფიერების მაჩვენებლებით ახალი სახორცე ჯიშის ბოცვრების ნაყოფიერება 15-16 %-ით მეტია  საწყის ჯიშებთან შედარებით.

ზრდასრული ბოცვრების (120 დღე) ახალზელანდიური თეთრი და შინშილას ცოცხალი მასა შეადგენდა – 2702,5 -2625,0 გრამს, ახალი  სახორცე ჯიშის ბოცვრების  – 3068,9 გრამს, რაც 443,9 გრამით, –16,9%-ით  აღემატება შინშილას ცოცხალ მასას, ხოლო ახალზელანდიური ბოცვრების მაჩვენებლებს – 356,4 გრამით, – 12,4 %-ით.

ექსტერიერული მონაცემებით ახალი სახორცე ჯიშის ბოცვრებს ახასიათებდათ გრძელი სხეული, განიერი გულმკერდი, მაღალი სიმკვრივის ინდექსი, რომელიც ბოცვრის კარგი ტან-აგებულების მაჩვენებელია.

სახორცე პროდუქტიულობის  მიხედვით 120 დღის ასაკში ნაკლავის  გამოსავალი სახორცე ჯიშის ბოცვრებში შეადგენდა 56%, ხოლო შინშილას და ახალზელანდიური თეთრი ჯიშის ბოცვრებში 52,5%, რაც 3,5%-ით მეტი იყო საწყის ჯიშთან შედარებით.

ბეწვის საფარის შეფერილობით სახორცე ჯიშის ბოცვრებს    შავი  მბზინავი ბეწვი, ხოლო  ამასთან შავი პიგმენტები მთელ სხეულზე თანაბრად ჰქონდათ განაწილებული.

სახორცე ჯიშის ბოცვრები კარგად ეგუებოდნენ დახურულ სამრეწველო კომპლექსებში  შენახვის და კვების არსებულ პირობებს. გამოირჩეოდნენ კომპაქტური სხეულის აგებულებით.

ახალი სახორცე ჯიშის ბოცვერს, რომელიც შეფერილობით მივიღეთ სრულიად შავი ფერის, ფეხბურთთან  ჩემი  მჭიდრო კავშირისა და  სიყვარულის პატივსაცემად დავარქვით სახელი  ,,პელე“.

ახალი ჯიშის ,,თავისში“ მოშენების შედეგად მივიღეთ 2200 სული ბოცვერი, მათ შორის: 1500 დედალი, 225 მამალი, 475 მოზარდი.

ახალი სახორცე ჯიშის ბოცვრების მოშენების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა პოპულაციის ერთგვაროვნებას და პროდუქტიულობის რეგულირებას.

საქართველოს მეცნიერებათა ტექნიკის კომიტეტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სახელმწიფო საექსპერტო კომისიის მიერ 1993 წლის 13 ივნისის ბრძანებით N 2-237 დამტკიცდა ქართული სახორცე ჯიშის ბოცვერი.

ჯიშის გამოყვანაში მონაწილეობდნენ: აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი  (ხელმძღვანელი), პროფესორი  ნ. გოცირიძე, სოფლის მეურნეობის კანდიდატები: ს.ლომიძე, დ.ებანოიძე; ზოოტექნიკოსი თ. ედიშერაშვილი, ვეტერინარი ექიმი ლ. ოქრიაშვილი.

 ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი,  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია