დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართული ტრადიციული მეღვინეობის ზოგიერთი ტრადიციის შესახებ

ჩვენმა წინაპარმა, კულტურული ვაზისა და ღვინის ავტორმა ხალხმა, საუკუნეების განმავლობაში პირადი პრაქტიკის საფუძველზე ჩამოაყალიბა ღვინის დაყენების წესები და ქვევრ-ღვინოსთან მუშაობის დროს ქცევის ნორმები, რომელთა ერთობლიობა „ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას“ წარმოადგენს.

სიტყვა ტრადიცია ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათ-წესებისა და ყოფა-ქცევის ნორმებს გულისხმობს. ის, ინსტინქტისგან განსხვავებით, თანდაყოლილი არ არის, ადამიანის მიერ მოფიქრებული და ჩვევაში გადასული ნორმაა, რომლის მიღება და დაცვა შემდგომ თაობებში პირველსაწყისი სახით უნდა მოხდეს. მისი რევიზია ტრადიციის გაქრობით დამთავრდება. თუ არ ისწავლი და გაითავისებ, დავიწყებას მიეცემა და ბოლოს ცუდად შემოგიტრიალდება.

ამ ბოლო დროს ხშირად წაიკითხავთ და გაიგონებთ ფრაზას „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“, რომელშიც მხოლოდ ქვევრში ღვინის დაყენებას გულისხმობენ, ეს ქართული ტრადიციული მეღვინეობის არასწორი გაგებაა. ქვევრში ღვინის დაყენება ქართული ტრადიციული მეღვინეობის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა, აქ ბევრი ნორმაა, რომელთაგან უპირველეს ყოვლისა ყურადღება მეღვინეობაში ქალის როლს უნდა მივაქციოთ, რომლის გათვალისწინების გარეშე ამ ტრადიციის დარღვევამდე მივდივართ.

უპირველესად, მოდით, ვნახოთ, უწინ რითი იყო დაკავებული ქართველი გლეხის ქალი ოჯახში: მუშურ-გლეხური სახელმწიფოს იდეოლოგების მიერ გლეხისა და ზედა ფენის (თავად-აზნაურთა) ურთიერთობა მჩაგვრელისა და ჩაგრული კლასების ურთიერთობად იყო მონათლული, რაც არასწორია. სინამდვილეში აქ არავითარ ჩაგვრას და „ექსპლოატაციას“  ადგილი არ ჰქონია. მაშინ და ყოველთვის ქვეყანასა და მეფეს ორი ძირითადი პრობლემა ჰქონდა: ქვეყნის გამოკვება და მტრისგან მისი დაცვა. საქართველოში ამ პრობლემებიდან ერთს, ანუ ქვეყნის გამოკვებას, გლეხი აგვარებდა, ხოლო ქვეყნის ხმლით დაცვა, თავად-აზნაურთა მოვალეობა იყო. ორივე მათგანმა იცოდა თავისი საქმე, აკეთებდა და ამგვარად არსებობდა ქვეყანა (რა თქმა უნდა, იშვიათად, მაგრამ დგებოდა „ქუდზე კაცის“ დროც, სადაც გლეხიც იღებდა ხელში იარაღს).

მართალია, ქვეყნის გამოკვება გლეხის კისერზე იყო და ბევრი შრომა ხვდებოდა, მაგრამ ოჯახში მასაც განაწილებული ჰქონდა საქმე და თავის წილ საქმეს აკეთებდა, ეს კი ამსუბუქებდა მის მდგომარეობას. ქალი ტრადიციულ ქართულ ოჯახში სახლში შინაურ საქმეს აგვარებდა და შვილებს ზრდიდა, ხოლო მამაკაცი გარეთ შრომობდა და ოჯახს საჭირო დოვლათით ამარაგებდა, ანუ ორივემ თავისი საქმე იცოდა და ასრულებდა. ამ საქმეებს ქალის საქმე და კაცის საქმე ერქვა. ამიტომ მათ შორისაც სრული ჰარმონია სუფევდა, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე, ანუ იმაზე, რომ ქალმა და კაცმა ორივემ გაუგეს გემო ქალის ნაშოვ ფულს და ამის შემდეგ ძალიანაც რომ მოისურვოს ქალმა სამზარეულოში დაბრუნება, ალბათ დიდი პრობლემა იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ ოჯახშიაც დაირღვა ოჯახური იდილია და უკან დაბრუნების არანაირი შანსი აღარ არსებობს.

ძველ საქართველოში მიწაზე შრომა ანუ მევენახეობა-მეღვინეობა მამაკაცის საქმედ მიიჩნეოდა და ქალი მის საქმეში არ ერეოდა, რადგან ეს მძიმე ფიზიკურ შრომასთან იყო დაკავშირებული, ქალი სუსტ არსებად იყო მიჩნეული და მძიმე ფიზიკურ შრომას არავინ აკადრებდა. ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ეს წესი და ქალს ვენახში მხოლოდ სადილის მიტანა და ყურძნის კრეფაში მონაწილეობის მიღება ევალებოდა. ანუ ქალის მიერ მძიმე სამუშაოს შესრულება ქმრის სირცხვილად ითვლებოდა. წესი და ტრადიცია იყო ასეთი და იცავდნენ.

თავისი წესი ჰქონდა მარანში მუშაობასაც. იქ თავისუფლად შესვლა მხოლოდ მოხუც ქალებს შეეძლოთ. მათ იქ თაღართან ჯდომისა და ტკბილით ჩაფის ავსების უფლება ჰქონდათ. ახალგაზრდა გოგონები კი მარანში მხოლოდ საფელამუშე ტკბილის გამოსატანად თუ შევიდოდნენ. რაც შეეხება ქვევრს, მით უმეტეს, თუ ის თავახდილი იყო, მასთან მიახლოება ყველანაირი ასაკის ქალებსა და ბავშვებს საერთოდ ეკრძალებოდათ. ამ წესს ჩემს ბავშვობაში ნაწილობრივ ჩვენი ოჯახიც იცავდა და სოფელში ბევრი სხვაც. ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამ აკრძალვებზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ  ამის მიზეზი, ალბათ, ქალის შესამოსელი და დედათა წესი უნდა ყოფილიყო. ქალი ხომ იმ დროს შარვალს არ ატარებდა და ქალის სხეულის შიშველი ნაწილების ქვევრისთვის „ჩვენება“ (ქვევრი ხომ მიწაში იყო ჩაფლული) არ შეიძლებოდა. რადგან მოხუც ქალებს „დედათა წესი“ აღარ ჰქონდათ, ალბათ, ამიტომ მარანში შესვლა, თაღართან ჯდომა და მუშაობა არ ეკრძალებოდათ. რაც შეეხება ქვევრთან მისვლას, ეს მოხუც ქალებსაც ეკრძალებოდათ.

 ქვევრთან მიმართებაში მამაკაცებსაც ჰქონდათ რიგი შეზღუდვები, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ 14-15 წლის მოზარდი ვიყავი, მამა უფლებას არ მაძლევდა, ქვევრში (გასარეცხად) შორტით ან წელს ზემოთ გახდილი ჩავსულიყავი. ის კი არა, შარვლის ტოტი იმდენზე უნდა აგეწია, ქვევრში ჩასხმულ გასარეცხ წყალს რომ არ დაესველებინა. მიუხედავად სიფრთხილისა, ქვევრში ჩასულ მრეცხავს ტანსაცმელი მაინც უსველდება, მაგრამ ტრადიცია იყო ასეთი და მისი შესრულება მრეცხავის დასველება-გაციებაზე მაღლა იდგა. ასევე, იყო ტრადიცია, რთვლის დასრულებამდე მამაკაცს ცოლთან წოლა ეკრძალებოდა. იყო სხვა ტრადიციული აკრძალვებიც.

ბიბლიის მიხედვით, ამ ქვეყნად 6 წმინდა ადგილია: ეკლესია, მარანი, სუფრა, სასაფლაო, ვენახი და სკოლა (სასწავლებელი). ქრისტიანული რელიგია ქალის ეკლესიაში შესვლასა და ლოცვას მიესალმება, მაგრამ მათგან მოითხოვს ეკლესიაში წესის მიხედვით შემოსილი შევიდეს (სხვათა შორის, ჩაცმის შეზღუდვა მამაკაცებსაც გვაქვს). ამ წესს ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება და უსიტყვოდ ასრულებს. ასეთივე წმინდა ადგილია ჭურ-მარანი, ამიტომ აქაც აუცილებელია ადათ-წესების დაცვა.

ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება და ამ წერილის დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთი ფოტოსურათის ნახვამ მაიძულა: ნახევრად შიშველი მანდილოსანი (ალბათ, უცხოელი)  „შორტებში“ გამოწყობილი ქვევრის ფარფლზე შიშველი ფეხებით დგას და სარცხის ტარზე დაყრდნობილი უღიმის იქვე მდგომ ორ მასპინძელ ქართველ მამაკაცს, რომლებიც ბედნიერი სახით უყურებენ ამ სურათს და ხარობენ, რომ ამით სტუმარს ასიამოვნეს. ვერც გაამტყუნებთ, რადგან მამაკაცებს და მით უფრო ამ ქალბატონს არაფერი სმენიათ ქვევრ-მარანთან მიმართებაში ქართველთა რაიმე ტრადიციული შეზღუდვის შესახებ. ამიტომ თუ გვინდა, „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ ზოგადსაკაცობრიო გავხადოთ, პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა შევისწავლოთ და ზედმიწევნით დავიცათ ის, შემდეგ კი მისი დაცვა ყველა მათ მოვთხოვოთ, ვინც ღვინის დაყენებას ქართული ტრადიციული წესით აპირებს. აქვე დავამატებ, რომ იმ ძველ ტრადიციაში შეტანილ უნდა იქნას დღეს შექმნილი ვითარების შესატყვისი მცირე შესწორება (ქვეყანაში მოგვიმრავლდნენ მეღვინე ქალები).

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155