აგროსიახლეები

ქართული ვაზის სარგავი მასალის გაუმჯობესება იტალიური გამოცდილებით

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი, მცენარეთა მიკროკლონური (ინ ვიტრო) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის უფროსი თეკლე ზაკალაშვილი, იტალიის ქალაქ კონელიანოში, მონაწილეობდა მევენახეობის თანამედროვე ტექნოლოგიებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარებულ ინტენსიურ სასწავლო კურსში.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მევენახეობის სფეროში ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესწავლა, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სარგავი მასალის ხარისხსა და მევენახეობის მდგრად განვითარებას. კურსის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ვაზის გვალვაგამძლეობა, მორწყვის რეჟიმების მართვის თანამედროვე მიდგომები და კლიმატური ცვლილებების გავლენა მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე.

ლაბორატორიული სესიები მიმართული იყო კალუსის კულტურის მიღების უახლეს ტექნოლოგიებზე, გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების გადატანის პროცესებზე და მცენარეთა შემდგომი აკლიმატიზაციის ეფექტიან მეთოდებზე.

ინოვაციური მიდგომები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი ხარისხის, ვირუსებისგან თავისუფალი სარგავი მასალის წარმოებაში, რაც განაპირობებს ჯანსაღი ნარგავების ჩამოყალიბებას და ამაგრებს მევენახეობის სექტორის მდგრადობას. აღნიშნული პროცესები ხელს უწყობს ქართული ვაზის უნიკალური გენეტიკური რესურსების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.

ტრენინგს მასპინძლობდა იტალიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — CREA (Council for Agricultural Research and Economics), რომელიც აქტიურად ახორციელებს კვლევებს სოფლის მეურნეობისა და აგრარული ეკონომიკის მიმართულებით. ორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრებს, სემინარებსა და სასწავლო კურსებს, რაც ხელს უწყობს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გავრცელებას.

ახალგაზრდა მეცნიერის ვიზიტი განხორციელდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას ქვეყნის აგრარული სექტორის გაუმჯობესების საქმეში.