ქართული ვაზის უნიკალურობით იტალიის ეროვნული ტელევიზია დაინტერესდა
ქართული მევენახეობისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა იტალიის ეროვნული ტელევიზიის გადამღებმა ჯგუფმა, მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა მოინახულეს.
სტუმრებმა ვაზის უნიკალური კოლექცია, აგრეთვე ბაზაზე მოქმედი ლაბორატორიები, ვაზისა და ღვინის თემატური სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს.
ვიზიტის დროს იტალიის ტელევიზიამ ჩაწერა ინტერვიუ ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას: „მეცნიერულ ცენტრს წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც იტალიელ მეცნიერებთან, ისე FAO-სთან. მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რაც საგრძნობლად აძლიერებს ქართულ სოფლის მეურნეობას და კვლევით სფეროს.“
ვიზიტის მონაწილეები დაინტერესდნენ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით და იმ პროექტებით, რომლებიც კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად ხორციელდება.
ჯიღაურში იმყოფებოდნენ აგრარული ეკონომიკის პროფესორი ფრანჩესკო სოლფანელი, ვენახის მართვის სპეციალისტი ლუკა პალოტი და FAO-ს ENPARD IV პროგრამის მენეჯერი გვიდო აგოსტინუჩი.