დარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

ქართველი მეფუტკრე, რომელიც თაფლს ამერიკაში აწარმოებს

უკვე ხუთი წელიწადია ახალგაზრდა მეფუტკრე თემურ ბალახაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და საკუთარ ფუტკარს უვლის. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა და ქართულ რეალობასაც შეადარა. ამერიკაში უკვე საკუთარ ბრენდირებულ თაფლს აწარმოებს და გასაყიდად დიდ სავაჭრო ცენტრებშიც შეაქვს.
თემურ ბალახაშვილი 29 წლის არის, წარმოშობით მესხეთის უძველესი სოფლიდან, უდედანაა, თუმცა ბავშვობა ახალციხეში გაატარა. აქვე უვლიდა ერთ ძირ ფუტკარს, რომელმაც მეფუტკრეობა შეაყვარა და ამ საქმის გაგრძელების სურვილი გაუღვივა.

ზაფხულობით, ორი თვით, უდის მთაში (საზაფხულო იალაღებზე) დავდიოდით, სადაც ერთი მეფუტკრე იყო. რამდენჯერმე მივეხმარე თაფლის დაწურვაში და ამის შემდეგ, დიდი სურვილი გამიჩნდა ვყოფილიყავი მეფუტკრე. ჩემი ბავშვობის სურვილი იყო, მაგრამ ვერ ვახერხებდი, რადგან არავინ იყო ირგვლივ, ვისგანაც შემეძლო მეფუტკრეობა მესწავლა.  2014 წელს, შევიძინე ერთი ოჯახი, ჩამოვიყვანე ახალციხეში, მაგრამ ვერ მივაქციე ყურადღება, რადგან საფრანგეთში წავედი. როცა დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ გამქრალი იქნებოდა ოჯახი და აღარ მინდოდა ბოსტანში გასვლა. მოგვიანებით, თებერვალში გავედი და ვნახე, რომ სკაში რამდენიმე ფუტკარი მოძრაობდა. მაშინ ვთქვი, რომ „გადავრჩი!“ ავხადე ორივე სკას და ვნახე, რომ თითო სკაში თითო მუჭა ფუტკარი იყო დარჩენილი და ორივეს ჰყავდა დედები. მერე მივხედე და იმ 2 ოჯახიდან გავამრავლე“, – იხსენებს მეფუტკრე და ამატებს, რომ მას შემდეგ უფრო მეტად დაინტერესდა მეფუტკრეობით, კითხულობდა მასალებს, პრაქტიკაში უყურებდა მეფუტკრეებს, ეცნობოდა მათ გამოცდილებას…

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლებამ ორი წელი გასტანა, შემდეგ კი მიხვდა, თუ რას ნიშნავდა სკაში დედა ფუტკარი, მუშა ფუტკარი, ვინ რა როლს ასრულებდა, როდის გამოჰყავდათ დედა და ა.შ…

იმის გამო, რომ მეფუტკრეობაში უკეთესად გარკვევა უნდოდა და მოსწონდა გზა, რომელსაც „გამუდმებული ძიება“ ჰქვია, თემური ბალახაშვილმა გადაწყვიტა ამ სფეროს საზღვარგარეთ გასცნობოდა. ამბობს, რომ საქართველოში მეფუტკრეები ფუტკრის მოვლის ძველ, კარგად ნაცნობ მეთოდებს იყენებდნენ, მას კი სიახლეების სურვილი ჰქონდა.

„2017 წელს მოვძებნე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში პროგრამები და ვიპოვე ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც MUST International ჰქვია. შევავსე აპლიკაცია და გავაგზავნე. შემდეგ პროგრამამ გამომინახა ოჯახური ბიზნესი, ანუ მასპინძელი,  ჩავედი იმ ფერმაში და ვიმუშავე ფიზიკურად, რადგან პირველი ექვსი თვე იყო პრაქტიკისთვის. ამის შემდეგ, პროგრამა მინესოტას უნივერსიტეტში ერთი სემესტრის თეორიული კურსის გავლას ითვალისწინებდა. მთლიანობაში, მოწვევა ჩამომივიდა 12 თვეზე“, – ამბობს თემური.

ამერიკაში 2018 წლის აპრილში ჩავიდა და ფიზიკურად მუშაობდა მეურნეობაში,  სადაც 500-მდე ფუტკრის ოჯახი ჰყავდათ.

„ერთი თვე მომიწია თაფლის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობა, ქილებში თაფლს ვასხამდი, ეტიკეტებს ვაკრავდი და ა.შ თუმცა ეს ჩემთვის უინტერესო საქმე იყო, რადგან უშუალოდ ფუტკართან მუშაობა მაინტერესებდა“.

მალე სურვილიც აუსრულდა და ფუტკრის მოვლას შეუდგა. ახლა უკვე 50 ოჯახი საკუთარი ფუტკარი ჰყავს: „ვიყიდე ფუტკარი, გავაკეთე სკები, მაქვს ჩემი ბრენდი, და ლოგო, რომელზეც გამოსახულია ხე. ეს ხე იზრდება „უდის მთაში“ და  „ობოლ კატარს“ ეძახიან. ასე დავარქვი ბავშვობის ნოსტალგიის გამო, თუმცა უცხო ენაზე სახელი კარგად არ ჟღერდა და „მოხეტიალე ფიჭვი“ დავარქვი“.

იოლია მეფუტკრეობა ამერიკაში?

როგორც თემურ ბალახაშვილი ამბობს, ამერიკაში მეფუტკრეები ცდილობენ თაფლის წარმოების გარდა, სხვა მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებიც აწარმოონ და გაყიდონ.

„ამერიკაში თაფლი ზოგადად მეფუტკრეობის საიმიჯო პროდუქტია, მაგრამ უშუალოდ ბიზნესის კეთებისთვის მეფუტკრეები იყენებენ ფუტკრის ოჯახებს, ამრავლებენ, ყიდიან ან ნუშის და ვაშლის ბაღების დასამტვერიანებლად აქირავებენ, ბაღებში მიჰყავთ ფუტკარი და ასე უფრო მეტის გამომუშავება შეიძლება, ვიდრე თაფლის წარმოებით. თან თაფლის წარმოებას უფრო მეტი დრო, რესურსი და ფინანსები სჭირდება, შემოსავალი კი იმდენი არ აქვს, რაც მის სხვა მიმართულებებს“.

ამ მხრივ ახალგაზრდა მეფუტკრეს გაუმართლა, რადგან ამერიკული მეურნეობა, სადაც პროგრამამ სამუშაოდ გაუშვა, განსხვავებული მიმართულებით მუშაობდა.

ეს მეურნეობა განსხვავებული იყო იმით, რომ მთელს ამერიკაში აწარმოებდა ისეთი სახეობის თაფლს, რასაც ჰქვია „ერთი წყაროს თაფლი“ (Single Source Honey). წარმოდგენა რომ შეგვექმნას, იგი გულისხმობს ასეთ რამეს, მაგალითად, საქართველოში რომ აწარმოებენ ცაცხვის, წაბლის, აკაციის თაფლს, აი, ასე შეძლებისდაგვარად გამოყოფენ თითოეულ მინდვრის ყვავილს იქ. ტექნოლოგიაც განსხვავებულია: მაგალითად, 500 ოჯახი გადანაწილებულია 20 ადგილზე, სკას მინიჭებული აქვს თავისი ნომერი და რამდენ საკუჭნაოსაც დაადგამ ზემოდან, ყველას თვისი თარიღი  ეწერება – როდის დაადგი ცარიელი, როდის გაივსო,  პერიოდების და ადგილმდებარეობის მიხედვით, ამავდროულად, ვიცით რა დროს რა ყვავილი ყვავილობს იმ ადგილში. ამის მიხედვით, ჩვენ იმ საკუჭნაოებს ცალ-ცალკე ვწურავთ და გამოდის სხვადასხვა სახეობის თაფლი.

2018 წელს, 9 სახეობის თაფლი ვაწარმოეთ“, – ჰყვება თემური.

ასეთი ერთგვაროვანი ნექტრისგან („ერთი წყაროსგან“)  მიღებული თაფლი ამერიკაში ძვირად ფასობს. თუ შერეული ნექტრის თაფლი საბითუმოდ 1 კილოგრამი 4 დოლარი ღირს, ერთგვაროვანი ნექტრის თაფლი, 450 გრამი, მინიმუმ 20 დოლარად ფასობს.

„ჩვენთან, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთშიც, თაფლს, როგორც წამალს ასე უყურებენ, ამიტომ შერეული უნდათ. ამერიკაში ასეთი მიდგომა არ არის და მათთვის თაფლი არის განსხვავებული გემოვნური თვისებების მქონე ნუგბარი. ამიტომ მომხმარებელს აინტერესებს, რაც უფრო მეტ და განსხვავებულ გემოს შესთავაზებ, ხელოვნური დანამატების გარეშე“.

ფუტკრის მოვლის პარალელურად, თემურ ბალახაშვილი მინესოტას ლაბორატორიაში მუშაობდა. ამ ლაბორატორიაში იკვლევდნენ და შხამქიმიკატებს ტესტავდნენ ზოგადად დამამტვერიანებლებზე. „იქ ასეა: როცა კომპანია გამოუშვებს  პესტიციდს, რომელიც რაღაცა ტიპის მწერებს კლავს, იმისათვის რომ წარმოებაში დანეროგონ ეს პროდუქტი, დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ არ დახოცავს ფუტკრებს, პეპლებს და სხვა მწერებს. ამიტომ კომპანიას სჭირდება დამოუკიდებელი კვლევა, რომელიც დაამტკიცებს რომ ეს პროდუქტი კარგია და წარმოებაში გაშვება  შეიძლება. ასეთ შეკვეთებს იღებდა მინესოტას უნივერსიტეტი“.

რისი გადმოტანა შეგვიძლია საქართველოში

მეფუტკრე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ Single Source ანუ ერთგვაროვანი თაფლის წარმოების („ერთი წყაროს“) მიმართულება საქართველოშიც დაინერგება. ამისთვის კი პირველ რიგში მეფუტკრემ უნდა იცოდეს რა ყვავილზე მუშაობს მისი ფუტკარი გარკვეულ პერიოდებში.

ამის გარდა, ფიქრობს, რომ დასახვეწია მიდგომები სხვადასხვა წამლობის დროს. იხსენებს, რომ გარკვეული ტკიპების საწინააღმდეგოდ ამერიკაში პრეპარატებს აღარ იყენებენ და მათ მოშორებას მჟავებით ცდილობენ.

არის ასეთი ვაროას ტკიპა, რის გამოც ძალიან ბევრს დაეხოცა ფუტკარი. ამ ტკიპას საწინააღმდეგოდ მეფუტკრეები საქართველოში უმეტესად ერთსა და იმავე სახეობის პრეპარატს იყენებენ. მაგალითად, არის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება ამატრაზი, რომელიც ვაროას საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თუმცა ტკიპა რეზისტენტული გახდა და ფაქტობრივად აღარ კლავს მავნებელს. მეფუტკრეს ჰგონია, რომ შეწამლა და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ დიდი ოდენობის ტკიპა ჰყავს ფუტკარს, იხოცება. ახდი სკას, თაფლი არის, მაგრამ ფუტკარი – აღარ. ამერიკაში ამ მავნებელზე ჭიანჭველა მჟავათი და მჟუნმჟავათი ვმკურნალობთ“.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც მეფუტკრე ამ სფეროში საქართველოში ხედავს ფუტკრის დედების გამოყვანაა: „აქ რომ ვიყავი, 2-3 წლის დედები გვყავდა სკებში და პრობლემა არ იყო, იქ ამერიკაში კი ვცდილობთ, რომ ყოველ წელს ახალი დედა გვყავდეს. რაც უფრო ახალია დედა, მით უფრო მოტივირებული და მაღალპროდუქტიულია ოჯახი. დედები რომ ძველდებიან, აქ  სარეზერვო დედები არ ჰყავთ მეფუტკრეებს, ზოგმა გამოყვანა არ იცის, ზოგს დედების გამოყვანისთვის არ აქვს დრო და ა.შ… ესეც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რასაც ვხედავ. ადრე მეც ასე ვაკეთებდი აქ, ამერიკაში კი უკვე სარეზერვო დედები სულ მყავს“.

ახალგაზრდა მეფუტკრე ამბობს, რომ ამერიკაში მიღებულ ცოდნას პერიოდულად უზიარებს ქართველ მეფუტკრეებს. იგი ორგანიზაცია GBDC-FERT-ის მეშვეობით, პერიოდულად, მეფუტკრეებს ონლაინ სემინარებზე ხვდება. ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები ამერიკას უკავშირდება, თუმცა მისი საყვარელი სფეროს საქართველოში განვითარებაზე მუდმივად იზრუნებს.

თაკო ფეიქრიშვილი,

ახალციხე

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №12 (123) დეკემბერი, 2022წ.