აგროსიახლეები

ქათმის  ახალი ჯიში ორგანული კვერცხის და ხორცის წარმოებისთვის

ორგანული სოფლის მეურნეობა მხოლოდ ქიმიურ სასუქებსა და სინთეზურ პრეპარატების გამოყენებაზე უარის თქმა არ არის. ეს არის ბუნების ჰარმონიზე დაფუძნებული მიდგომა, რომლის მიზანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაა.
მეფრინველეობაში ხშირად მიიჩნევენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკმარისია, კათმები ორგანული მარცვლით იკვებებოდნენ და თავისუფალ, ბუნებრივ პირობებში იზრდებოდნენ, მაგრამ რეალურად საქმე სულ სხვაგვარადაა.

ორგანული მეფრინველეობის წარმატების საიდუმლო სპეციალურად შერჩეულ გენეტიკაში, სწორედ ისეთ ქათმის ჯიშებშიიმალება, რომლებიც ბუნებრივ გარემოსა და ორგანული მეურნეობის პირობებზე არიან ადაპტირებული.

ახლახან გერმანელმა სელექციონერებმა წარმოადგინეს ახალი ორმხრივი დანიშნულების (ხორცის და კვერცხის წარმოების) ქათმის კროსი – ჰიბრიდული ქათამი, რომელიც სპეციალურად ორგანული მეურნეობებისთვის შეიქმნა.

დღეს მსოფლიოს კვერცხისა და ქათმის ხორცის უდიდესი ნაწილი მაღალპროდუქტიული ჰიბრიდებისგან (კროსებისგან) მიიღება.
ისინი ორ ძირითად კატეგორიად იყოფიან:

  • მეკვერცხული კროსები (მაგ. Loman Brown, Hy-Line) – იძლევიან 320-მდე კვერცხს წელიწადში, მაგრამ მხოლოდ იდეალურ, ხელოვნურად კონტროლირებად გარემოში.
  • მეხორცული კროსები (მაგ. Cobb-500, Ross-308) – დასაკლავ წონას აღწევენ  35-40 დღეში, თუმცა აქვთ სუსტი ძვლოვანი სისტემა და შენელებული ფიზიკური აქტიურობა.

ორგანული მეურნეობის პირობებში ასეთ ფრინველებს სერიოზული სირთულეები ექმნებათ:
მათი იმუნური სისტემა დამოკიდებულია ანტიბიოტიკების მცირე დოზებზე და ბიოუსაფრთხოების მკაცრ პროტოკოლებზე. თავისუფალ გარემოში ასეთი ქათამი მიკრობულ მრავალფეროვნებას, პარაზიტებსა და ტემპერატურულ ცვალებადობა ვერ ეგუება, რაც ხშირ შემთხვევაში სიკვდილიანობას იწვევს.

მეხურცული ბროილერები ბუნებრივად ვერ ახერხებენ საკვების დამოუკიდებლად მოძიებას. მეკვერცხული კროსები უფრო მოძრავები არიან, მაგრამ ისინიც ცუდად ეძებენ საკვებს, რადგან მათი მეტაბოლიზმი მაღალენერგიულ კომბინირებულ საკვებზეა მორგებულია და როგორც კი ასეთი საკვები მოაკლდებათ, პროდუქტიულობაც იკლებს, ჯანმრთელობაც უუარესდებათ.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ორგანულ ქათამს

ორგანული ქათამი მხოლოდ კვერცხისა თუ ხორცის წყარო არ არის; ეს არის მდგრადი, ბუნებრივად გამძლე და თვითდამკვიდრებადი ფრინველი. მისი მთავარი მახასიათებლები რამდენიმე მიმართულებად იყოფა:

  1. გენეტიკური გამძლეობა და ჯანმრთელობა
  • ძლიერი ბუნებრივი იმუნიტეტი, მედგარი წინააღმდეგობა გავრცელებული ინფექციებისა და პარაზიტების მიმართ;
  • მაღალი სიცოცხლისუნარიანობა – ცივ, ცხელ ან ნესტიანი ამინდის პირობებში გადარჩენის მაღალი მაჩვენებლით;
  • არ სჭირდაბთ ანტიბიოტიკები, რადგან გენეტიკა საშუალებას აძლევს ფრინველს ბუნებრივ გარემოში გაიზარდოს და შეინარჩუნოს მაღალპროდუტიულობა.
  1. ადაპტურობა და ქცევითი მახასიათებლები
  • აქტიურობა, ბუნებრივიად იკვებება მწვანე ბალახით,მწერებითა და მცენარეთა თესლით,  რომელსაც თავად მოიძიებს, რითაც 15-20%-ით ამცირებს მაზე საკვების დანახარჯს.
  • ზომიერად აქტიურია, აქვს მშვიდი ხასიათი, რაც ამცირებს სტრესულ ფაქტორებს და ფრინველებს შორის აგრესიას;
  • ძალიან მძაფრად აქვს განვითარებული დედობრივი ინსტინქტი, რაც მეურნეობას საშუალებას აძლევს ჰქონდეს საკუთარი რეპროდუქციული ციკლი და ინკუბატორის წიწილებზე არ იყოს დამოკიდებული.
  1. დაბალანსებული პროდუქტიულობა
  • მეკვერცხული მიმართულების ინდივიდები საშუალოდ, სტაბილური დინამიკით 2-3 წლის განმავლობაში, 200250 კვერცხს იძლევიან წელიწადში.
  • მეხორცული მიმართულების ქათმების საშუალო ზრდის ტემპი,  დასაკლვ წონას 3-4 თვეში აღწევს, რაც ძლიერი ძვლოვანი სისტემის ფორმირებასა და ხორცის უკეთეს გემოს განაპირობებს;
  • ორმხრივი დანიშნულების ჯიშები (მხოლოდ ხორცზე ან კვერცხზე ორიენტირებულის ნაცვლად) ითვლებიან იდეალურად ორგანული მეურნეობისთვის, რადგან აერთიანებენ კარგი ხარისხის ხორცსა და საკმარის სტაბილურ კვერცხდებას.

გერმანიის ორგანული სელექციის ასოციაციამ (ÖTZ, Ökologische Tierzucht gGmbH) წარმოადგინა ახალი ორმხრივი დანიშნულების ქათმის კროსი – ÖTZ Chili.

ეს ფრინველი გამოირჩევა როგორც კვერცხდების დონით, ასევე მამლების ხორცის ხარისხითა და წონით.

ჯიში მიღებულია ნიუჰემპშირის და ვაიტროკის ხაზების შეწყვილებით.

მახასიათებლები:

  • ხასიათი – მეგობრული, ენერგიული და მშვიდი;
  • კვერცხდების მაჩვენებელი – 250270 კვერცხი 52 კვირაში;
  • კვერცხის გარსი – ღია ყავისფერი ფერი;
  • პირველი კვერცხდება – გამოჩეკვიდან მე-20 კვირიდან;
  • საკვების ათვისება – ეფექტიანი, მათ შორის ორგანული წარმოების პირობებში;

მამლები  – არ აქტიურები და მშვიდები, არ ახასიათებთ აგრესია.

ზრდის შემდეგი მაჩვენებლები:

  • 12,5 კვირაზე – დაახლოებით 1,9 კგ;
  • 14,5 კვირაზე – დაახლოებით 2,2 კგ.

ორგანული მეფრინველეობა მოითხოვს სრულიად ახალ მიდგომას, სადაც ნებისმიერ ფასად  პროდუქტიულობა მთავარი აღარ არის.

მის წარმატებულობას განსაზღვრავს ბუნებასთან ჰარმონია, ფრინველის  კეთილდღეობა და მდგრადი გენეტიკა.

“ÖTZ Chili” და მსგავსი ინოვაციური ხაზები გვიჩვენებს, რომ ორგანული წარმოება უკვე აღარ არის მხოლოდ იდეა ან ექსპერიმენტი, ეს არის მომავლის სოფლის მეურნეობის სტაბილური და ეკონომიკურად გამართლებული მიმართულება.

ინგა გიუნტერ-ბენდერი,

ავტრის ფოტო,

წყარო: ÖTZ